gallery images

საჭიროა 1450 ხელმოწერა

50
1500

ადრესატი:

თბილისის მერია
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

აიკრძალოს სუპერმარკეტებიდან და რესტორნებიდან ვარგისი საკვების გადაყრა

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ სოციალურად დაუცველია და საარსებო მინიმუმის დაბლა შემოსავლით ცხოვრობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 451 538 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს. 13 872 საქართველოს მოქალაქე კი ამ სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში 465 410 მოქალაქე ძალიან ღარიბია და თავს სოციალური შემწეობებით ირჩენს. აპრილის მონაცემებით, 130 750 ოჯახი ოფიციალურად ფიქსირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში!!! ბევრი ოჯახი იძულებულია იშიმშილოს, რათა სხვა მინიმალური საარსებო საჭიროებები დაიკმაყოფილოს.  http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=47221

დღევანდელი კანონმდებლობით მორჩენილი საკვები პირდაპირ უტილიზდება, რის შედეგადაც შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან აპრილის ბოლომდე თბილისის მაღაზიებში 149 743.969 ლარის მზა საკვები განადგურდა, საქართველოს მასშტაბით კი 188 239.283 ლარის. რაც შეეხება 2017 წელს თბილისში მდებარე მაღაზიებმა 254 817.805 ლარის ღირებულების ჩამოწერილი მზა საკვები გაანადგურეს, საქართველოს მასშტაბით კი 483 822.6906 ლარის!!! http://batumelebi.netgazeti.ge/news/129773/

საკვებად ვარგისი პროდუქტის დანაკარგი ევროკავშირის ქვეყნებში 50%-მდეა, იქნება ეს სახლებიდან, რესტორნის ქსელებიდან თუ სუპერმარკეტებიდან გადაყრილი პროდუქტი. ყოველწლიური საკვები დანაკარგი ერთ ადამიანზე დაახლოებით 179 კილოგრამია. მოცემული რეალობის შესაცვლელად ევროპის პარლამენტმა დასახა მიზანი, გაანახევროს საკვების დანაკარგი 2025 წლისთვის. ევროპის ქვეყნებში ცნობილი ჰიპერმარკეტების დიდი ნაწილი მზა საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადის გასვლამდე სპეციალურ ფასდაკლებებს აცხადებენ. ამ გზით მორჩენილ და ჯერ კიდევ ჯანსაღ პროდუქტს სოციალურად შეჭირვებული კლიენტი ყიდულობს და მაღაზიებსაც საკვების სანაგვე ურნებში ჩაყრა აღარ უწევთ. 2016 წელს საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კანონმდებლობით სუპერმარკეტებს საკვების გადაყრა აუკრძალეს. ჩვენც შეგვიძლია ამ მიმართულებებით დავნერგოთ მსგავსი პრაქტიკა და გავხდეთ მაგალითი და მისაბაძი სხვა ქვეყნებისთვისაც. 

მოვუწოდებთ სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღონ შესაბამისი კანონმდებლობა, რათა მსხვილი მაღაზიები ვალდებულნი გახდნენ, საქველმოქმედო ორგანიზაციებს; მოხუცთა თავშესაფრებს; ფერმერულ მეურნეობებს და ა.შ გადასცენ პროდუქტები, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა ეწურებათ ან ამოეწურათ, მაგრამ საკვებად სრულებით გამოდგება. ასევე რესტორნები, რომელთაც შეეძლებათ, შესაბამისი შემოწმების შემდეგ მორჩენილი გამზადებული ჯანსაღი საკვები თავშესაფრებს გაუნაწილონ. ან გადასცენ ფერმერებს ან ცხოველთა თავშესაფრებს ცხოველების გამოკვების მიზნით.

ყველას მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ პეტიციას, რათა შევცვალოთ არსებული კვების პროდუქტების უტილიზაციის პრაქტიკა და შეცვლილი კანონმდებლობით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ და დაუცველ თანამოქალაქეებზე და ამავე დროს გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტის რესურსებს და ადამიანის შრომას!