gallery images

გამარჯვებული

200
200

ადრესატი:

საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

დროულად მოხდეს კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლების მიერ ხალხისთვის მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება

ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერნი, მოვითხოვთ სამართლებრივ საფუძველზე   კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფის"დამფუძნებლების თაღლითობაში დროულად მხილებას და  დასჯას,  მათ  ხელთ არსებული უძრავი ქონების  ჩამორთმევას და დაზარალებულთათვის  განსაკარგად გადაცემას, რათა დაზარალებულთა ნდობით აღჭურვილმა პირებმა  შეძლონ წლობით შეჩერებული მშენებლობების უმოკლეს ვადებში დასრულება;

მოგეხსენებათ, კომპანია  „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ წარმოადგენს 70 სხვადასხვა კომპანიის გაერთიანებას, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალში. ის დააარსეს ყოფილმა პარლამენტარებმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, რომლებიც ასევე ფლობენ ამ ჯგუფში შემავალ კომპანიებს. დახვეწილი „პირამიდის“ სქემის მეშვეობით „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ დაარწმუნა ათასობით კლიენტი შეესყიდათ ჯერ კიდევ არაშენებული ბინები, შემდეგ კი მათ მიერ მშენებლობაში გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. შედეგად თითქმის 6 200-მა ოჯახმა (დაახლოებით 25000 ადამიანი) დაკარგა მათ მიერ გადახდილი თანხები და ასევე ბინები, რომლის უმეტესობაც ჯერ კიდევ აუშენებელი ან დაუსრულებელია. საზღვარგარეთ თავიანთი ბინათმშემებლობებისთვის თანხის მოსაძიებლად  გადახვეწილი დაზარალებულები,  წლების განმავლობაში, მძიმე ფიზიკური შრომის ხარჯზე, კეთილსინდისიერად  აგზავნიდნენ თანხას „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ანგარიშზე და  დღეს უკვე იმედგაცრუებლნი ვეღარ ბრუნდებიან საქართველოში, რადგან აღარც ბინა აქვთ და აღარც  ბინის შესაძენი თანხა.გარდა იმ ადამიანებისა,  ვინც "ცენტრ პოინტ ჯგუფს" თანხა ბინის შეძენის მიზნით გადაუხადა, ამ ჯგუფს სხვა ტიპის დაზარალებულებიც ჰყავს.  ეს არის 260 ადამიანი, რომლებმაც  შპს "ცენტრ პოინტ ინვესტს" დაახლოებით 6 მლნ დოლარის მოცულობის თანხა ასესხეს და სარგებლის სახით წლიური 24 პროცენტი უნდა მიეღოთ.მოქალაქეებისგან სესხის აღება ფირმამ 2007 წელს დაიწყო.  ვახტანგ რჩეულიშვილი ამ პროექტს ქართველი ხალხის გადარჩენის გზას უწოდებდა, დამერწმუნებით, ეს არგადარჩენას უფრო ჰგავს... წინა მთავრობის მიერ „ცენტრ პოინტ ჯგუფისთვის“  შექმნილმა სასათბურე პირობებმა ხალხი მიიყვანა სასოწარკვეთილებამდე. სამწუხაროდ, დღესაც იგივე ხდება. დაზარალებულების უმეტესობა ჩივილს, რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერასაც კი არიდებს თავს, არ გაგვიბრაზდნენ და საერთოდ უბინაოდ არ დაგვტოვონო, გასაგებიცაა, რადგან მათ მიერ დაქირავებული აგენტები ხალხს აშანტაჟებენ და დღესაც, მათი ზეწოლით, ხალხის თვალის ასახვევად შექმნილ საინვესტიციო ჯგუფების ანგარიშზე ისევ ირიცხება თანხა იმის იმედად, რომ ოდესღაც „რაღაცას“ გამოიმეტებენ  კომპანიის დამფუძნებლები, თუნდაც ნუ იქნება ეს “რაღაცა“ ისეთი, როგორიც თავიდან უნდა ყოფილიყო, ყველაფერ დათმობაზე მიდიან...ეს არის გაჭირვებაში მათ მიერ ჩაგდებული ხალხის ფსიქოლოგია, რასაც თავის სასარგებლოდ ოსტატურად იყენებენ გამოცდილი თაღლითები. დარწმუნებულნი ვართ, ამ პეტიციაზე ხელის მოწერაზეც თავს შეიკავებს უმრავლესობა, თუმცა ეს არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც ამ ხელისუფლების დროსაც გრძელდება... სასამართლოს მიერ დაუსრულებლად გადადებული პროცესები,  მოქმედი პარლამენტარების თავდებობით გამოშვებული დამფუძნებლები, დაზარალებულებსა და სახელწიფოს შორის არსებული ბარიერი თაღლითების  წისქვილზე ასხამს ისევ წყალს და კვლავაც  ბევრი ადამიანი ზარალდება.

მთავრობის გუნდის კეთილი ნება დადებითი მუხტი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც სამშენებლო ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკის გამყარებას, ქვეყნის აღმშენებლობას  და  მის ნათელ მომავალს უდაოდ  შეუწყობს ხელს.