gallery images

გამარჯვებული

5001
5000

ადრესატი:

თბილისის მერია

აღუდგეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას. გაუქმდეს კომპანია ,,ანაგისთვის’’ გაცემული ნებართვა მშენებლობაზე და მიწა დაუბრუნდეს ქალაქს.

დიღმის ტყე-პარკი სრულიად განსხვავდება ქალაქის  სხვა სარეკრეაციო სივრცეებისგან.  შუა ქალაქში არსებობს ძალიან მდიდარი ეკოსისტემა,   ფაქტობრივად, ტყე. აქ იზრდება უიშვიათესი ჯიშის მცენარეები, რომელთაგანაც 14 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.

2019 წლის 15 მარტს საკრებულომ მიიღო ახალი გენერალური გეგმა,  რომლის მიხედვით,  დიღმის ტყე-პარკში 13000 კვ/მ ტერიტორიას მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი.   თბილისის მერიამ  ერთ-ერთ ნაკვეთზე (დღეს არსებული „კია მოტორსის“ შენობის ნაცვლად)  მრავალფუნქციური კომპლექსის „ორანჟერეის’’ მშენებლობის ნებართვა კომპანია ,,ანაგზე’’ გასცა. მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალჯერ აღემატება არსებულს და მხოლოდ დასახელებით არის „ორანჟერეა”, რეალურად  კი რესტორანია, დამატებითი კომერციული ობიექტებით, სადაც მარტო სამზარეულოსა და პროდუქტების შესანახი ბლოკის ფართობი 600 კვმ-ია. საერთო ფართობი კი - 6 476.26 კვ.მ. პროექტით გათვალისწინებულია 2 სცენა და 3 დარბაზი, საერთო დატვირთულობა 2000-ზე მეტ ადამიანზე. რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს აღმაშენებლის ხეივანში სატრასპორტო მოძრაობის გადატვირთვას.

მერიის ნებართვით შეიძლება აშენდეს ტყე-პარკისთვის სრულიად შეუთავსებელი შენობა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არსებულ რეკრეაციულ გარემოს.   დიღმის ტყე-პარკს სასწრაფოდ სჭირდება გადარჩენა.   ჩვენი მოთხოვნებია:

1.      არ დავუშვათ ახალი მშენებლობა და გადავარჩინოთ  დედაქალაქში, ფაქტობრივად, ერთადერთი მცირე ტყე;

2.      დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრულ ტერიტორიას (20.5 ჰა -ს, რომელიც ახლა მოქცეულია  დ. აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანას და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის) სტატუსი და მთელი ფართობი განისაზღვროს როგორც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;

3.      გაკეთდეს ყველაფერი, რათა დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია დაუბრუნდეს თვითმმართველ ერთეულს და მუდმივად არ არსებობდეს ახალი მშენებლობის დაწყების საფრთხე. ამისათვის  აუცილებელია,  თბილისის მერიამ  დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება შპს „ანაგთან”  მათ მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის თაობაზე.