gallery images

საჭიროა 4001 ხელმოწერა

999
5000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისის საკრებულო
თბილისის მერია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

შეიქმნას ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში ონკოლოგიური  სამედიცინო სერვისი წარმოდგენილია ქირურგიული, რადიოლოგიური, მედიკამენტური (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნუნოთერაპია) და მათი კომბინირებული ან კომპლექსური გამოყენების სახით. მკურნალობის აღნიშნული ფორმები ფინანსურად მხარდაჭერილია(სრულად ან ნაწილობრივ) სახელმწიფოს მხრიდან.

ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომ პერიოდში, პაციენტები მიეკუთვნებიან კიბოს რეციდივისა და მეტასტაზების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს. ისინი საჭიროებენ რეგულარულ პოსტოპერაციულ დაკვირვებას, ფიზიკური სტატუსისა (ECOG) და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების მიწოდება, რომლებიც მიმართულია მათი ფიზიკური  და სოციალური რეაბილიტაციისაკენ, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.         

ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია (ფსიქოლოგიური, ფიზიკური) სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება. სამწუხაროდ, ძუძუს კიბო, როგორც დიაგნოზი ჯერ კიდევ სტიგმატიზირებულია და დრამატულ ცვლილებებს ახდენს პაციენტთა ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

 „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, რომელშიც ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნამკურნალევი ქალები არიან გაერთიანებული, საქართველოში რეაბილიტაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დანერგვისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია

ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტთა სულ ცოტა 50% იტანჯება სიმპტომებით, რომლებიც დაკავშირებულია დაავადებისა და მკურნალობის სტრესულ გარემოებებთან, შიშის, აღგზნების, დემორალიზაციის და დეპრესიის ჩათვლით. ხშირად ვითარდება ფსიქო-პათოლოგიური მდგომარეობა, როგორიცაა დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული დარღვევები. ფსიქოლოგიურმა დისტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს მკურნალობის არასასურველი შედეგები, სიცოცხლის წლების დაბალი ხარისხი, ტკივილის ძლიერი შეგრძნება, სუიციდისკენ მიდრეკილება.

საქართველოში კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მიზნებს შორის, მნიშვნელოვანია  მიზანი N7 „მკურნალობის გვერდითი ეფექტების მართვა და ონკოლოგიურ პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია“.

დეკლარირებული მიზნის მიუხედავად, სამწუხაროდ, საკითხზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ონკოლოგიურ პაციენტთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზნით რეალური ქმედებები  არ ხორციელდება.

აღნიშნული სერვისების მიწოდება ონკოპაციენტებისათვის ფრაგმენტულია და ძირითადად დამოკიდებულია დონორი ორგანიზაციების  მიერ  სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაზე.   

ფიზიკური რეაბილიტაცია

ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ პაციენტთა პოსტოპერაციული ფიზიკური რეაბილიტაციის მთავარი მიზანია ნაოპერაციევ მხარეს აღდგეს ოპერაციის შემდგომი კიდურის მოძრაობის შეზღუდვა და დაძლეულ იქნას არასასურველი სიმპტომები: კიდურის ლიმფოსტაზი,  კუნთების ძალის დაქვეითება,  კიდურების  წვა, ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, დაბუჟება და  შეშუპება,  ხერხემლისა და წელის მიდამოში ტკივილი, ტანადობის დარღვევა, წონის სწრაფი მატება. 

„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ ქვეყნის მასშტაბით ძუძუს კიბოს დიაგნოზით  ნაოპერაციევ 800-მდე ქალს აერთიანებს. კლუბი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს (გურია, რაჭა, გურჯაანი, საგარეჯო, თელავი, ყაზბეგი...) და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით ნამკურნალევ ქალთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და მათი შემდგომი რესოციალიზაციის ხელშეწყობაზე ზრუნავს. 

მიუხედავად „გამარჯვებილ ქალთა კლუბის“  აქტივობებისა საქართველოში, ფინანსური ბარიერის გამო,  ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი  უამრავი პაციენტი პოსტოპერაციულ რეაბილიტაციის გარეშე რჩება. 

ჩვენ, „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ გაწევრიანებული ქალები ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნის მიზნით, რათა რეაბილიტაცია ყველა ქალისთვის ხემისაწვდომი გახდეს!

გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და მოაწეროთ ხელი პეტიციას!

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!

„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“

author image

„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ 2009 წელს თბილისში დაფუძნდა და ის ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ 800-მდე ქალს აერთიანებს. კლუბი თბილისსა და რეგიონებში ფუნქციონირებს (ლანჩხუთი, ჩოხატაური, ამბროლაური, გურჯაანი, ყაზბგი, თელავი, გორი...) და ზრუნავს სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით ნამკურნალევ ქალთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციასა და მათი შემდგომი რესოციალიზაციის ხელშეწყობაზე.