gallery images

საჭიროა 10451 ხელმოწერა

4549
15000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საპატრიარქო

არა! სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებას

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე ხელმომწერებს შეუერთდა რამდენიმე ეპისკოპოსი, რომლებიც არიან საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრები. ეს მეუფეები თავის პოზიციას გაჭირვებაში ჩავარდნილ მოყვასზე ზრუნვის საბაბით და იმით ხსნიან, რომ ზოგადად ძალიან აწუხებთ ერის გახლეჩისა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის პრობლემები, რის გამოც ამტკიცებენ, რომ მხოლოდ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ. თუმცა, არ გვგონია, ისინი იმდენად გულუბრყვილო ადამიანები იყვნენ, რომ ვერ ხვდებოდნენ, რას ნიშნავს ასეთ მოთხოვნაზე ხელმოწერა. თუ მაინც გულუბრყვილო პოზაში განაგრძობენ დარჩენას, ასეთ შემთხვევაში გვინდა მათ (და სხვებსაც) ავუხსნათ - მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ისინი მოითხოვენ, რეანიმირებული და რეაბილიტირებულ იქნას: ქუჩებში ადამიანების მკვლელობები და ციხეებში პატიმართა მიმართ წამებები და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობები; სახელმწიფოს ინტერესების სახელით მოქალაქეებისთვის ქონებების ჩამორთმევები; საპროტესტო აქციების გადაჭარბებული ძალის გამოყენებით და სამაგალითო სისასტიკით დარბევები, რომელსაც ზოგ შემთხვევაში თან ახლავს მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობები; ანტირუსული ისტერიის საფარქვეშ ტერიტორიებისა და ქონებების რუსეთზე გადაცემისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელი მოქმედებები; მედიის დარბევები და მისი მონოპოლიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები; კიდევ მრავალ საფრთხეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ თუ ჩვენი „გულუბრყვილო“ ეპისკოპოსები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერთან სააკაშვილს არავითარი შეხება არ ჰქონია და ის უდანაშაულოდ ზის ციხეში, მაშინ პირდაპირ უნდა განაცხადონ, რომ ან სააკაშვილის მმართველობის ამ ბოროტებებს ადგილი არ ჰქონია და 2003-12 წლებში მიშა ახალი საქართველოს დამაარსებელი და აღმაშენებელია, ან უნდა აღიარონ, რომ კი, ბევრი ბოროტება ხდებოდა მისი მმართველობის დროს, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა (ფანატიკოსთა ცნობილი თეზის მსგავსად, რომ “სტალინის დროინდელი მასობრივი მსხვერპლების შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა“). შეუძლებელია გონიერ ადამიანს მართლა ეგონოს, რომ სააკაშვილის თავისუფლებაში ყოფნა ერის გამთლიანებას შეუწყობს ხელს და არა პირიქით. ისიც უცნაურია, როგორ დაუთუთქა გული ასე ერთსულოვნად რამდენიმე ეპისკოპოსს ერთი პატიმრის შიმშილობამ და რატომ მრავალ სხვა ისეთ პატიმარზე არ გამოუჩენიათ ასეთი ქრისტიანული გულმოწყალება, რომლებიც დღეები კი არა, ლამის თვეები აგრძელებდნენ შიმშილობას, თანაც უფრო მკაცრ პირობებში? თუ სააკაშვილი განსხვავებულია რომელიმე მათგანისგან? თუ ყოფილი პრეზიდენტობა რაიმე უპირატესობას ანიჭებს დანაშაულის ჩამდენ რომელიმე მოქალაქეს? თუ ბრაზილია, ისრაელი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, გერმანია ან თუნდაც საფრანგეთი ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნები არიან, როდესაც თავის დამნაშავე ყოფილ ლიდერებს ასამართლებენ და ციხეებშიც სვამენ? კითხონ ამ „გულუბრყვილო“ ეპისკოპოსებმა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩახოცილი და დაინვალიდებული შვილების მშობლებს, სააკაშვილის გათავისუფლებით რა მესიჯს გაუგზავნის მათ სახელმწიფო. სინამდვილეში ეს სწორედ განხეთქილების გაღრმავებას გამოიწვევს და შეიძლება ქვეყანა სამოქალაქო ომამდეც კი მიიყვანოს, ამაზეც ხომ უნდა ფიქრობდნენ სულიერი მამები. ან, ჩვენო ძვირფასო მეუფეებო, თქვენ რომ სანდრო გირგვლიანის, ირინა ენუქიძის, მამა-შვილი ვაზაგაშვილების, ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის, გიორგი გამცემლიძის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, გია კრიალაშვილის და სადისტურად მოკლული სხვა მრავალის ოჯახის წევრები იყოთ, მაშინაც მოაწერდით ხელს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას? იქნებ მართლა გულუბრყვილოდ გგონიათ, რომ არც კაცების გაუპატიურების კასრებში გადამალული მრავალი კადრის შესახებ იცოდა არაფერი ქვეყნის პრეზიდენტმა? ჰოდა წარმოიდგინეთ, როგორ შეხედავდით მსხვერპლის ოჯახის მდგომარეობაში მყოფები თქვენი ოჯახების გამამწარებელი სისტემის შემქმნელს, აი სწორედ ასე გიყურებთ დღეს თქვენ ძალიან ბევრი ადამიანი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც კი არ უერთდება დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას და ეპისკოპოსები იწყებენ „პოლიტიკანობას“, ისღა დაგვრჩენია, ან დავიჯეროთ მათი გულუბრყვილობა, ან მათი ქმედების უკან მხოლოდ ანგარება დავინახოთ, რომლის მოტივი გარკვეული დივიდენდების თუ სხვა მატერიალური სიკეთეების მიღებაა. მოკლედ, პეტიციაზე ხელმომწერმა ეპისკოპოსებმა ამ ხელმოწერით თავისთავზე უფრო მეტი თქვეს, ვიდრე სააკაშვილზე.

author image

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი. 1985-1990წწ. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1966 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე.