დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დაწესდეს შეზღუდვები პიროტექნიკის საშუალებების რეალიზაციასა და გამოყენებაზე!
სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს შემოტანილი პიროტექნიკის რაოდენობა, მათზე შეუზღუდავი წვდომა და ამით გამოწვეულ ზიანი.
არებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკური ნაკეთობების აფეთქებისა ან აალების შედეგად ხშირად აქვს ადგილი ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს, მათ შორის, დამწვრობებსა და იმგვარ ტრავმებს, რაც კიდურის ამპუტაციის საჭიროებას წარმოშობს.
არსებული სტატისტიკით, 2017 წლის დასაწყისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა. 2018 წლის იანვარში, თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებულ იქნა 44 ადამიანი, მათ შორის, 24 არასრულწლოვანი. პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად სხეულის დაზიანებები დაფიქსირდა ასევე 2019 წელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. კერძოდ, 3 იანვრის მონაცემებით, თბილისში არსებულ დამწვრობის ცენტრს მიმართა 30-მა პაციენტმა. ქუთაისში დაშავდა 11, რუსთავში 4 (მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი), ხოლო, ბათუმში 10-მდე ადამიანი. 2021 წლის 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით დაშავდა 81 ადამიანი.
პიროტექნიკის საშუალებების გამოყენება მომეტებული საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ გარემომცველი ცოცხალი სამყაროსთვის, ცხოველებისა და ფრინველებისთვის. აღნიშნული განსაკუთრებით მძიმედ აისახება ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებსა და კატებზე. ამ დრომდე, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტო-მასალით დასტურდება, რომ მას უკვე ემსხვერპლა არაერთი ცხოველი.
ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული საშუალებების გამოყენება მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოზე. მაგალითად, ცნობილია, რომ ფეიერვერკები, შემადგენელი ნივთიერებების საშუალებით წარმოქმნის დამაბინძურებლების 8-ჯერ მაღალ კონცენტრაციას ატმოსფეროში. გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის, ბევრი ნაკეთობა შეიცავს ოქსიდატორებს (ასევე ცნობილია როგორც პერქლორატები), რაც აბინძურებს მდინარეებს, ტბებსა და სასმელ წყალს.
რიგ შემთხვევებში აღნიშნული მოწყობილებები ქმნის საკუთრების დაზიანების (მათ შორის სასაწყობე შენობები, სხვა ობიექტები და ავტომობილები) საფრთხესაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები ნორმატიულ დონეზე. ასევე, მოვითხოვთ, რომ მოხდეს ეფექტური ზედამხედველობა ამ შეზღუდვების პრაქტიკაში აღსრულებაზე !