საჭიროა 4053 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
ჰუმანური პოლიტიკა განსაკუთრებული საჭიროების შინაური ცხოველებისთვის
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 1 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც გამკაცრდა ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ რეალიზაცია.
ამ ცვლილებამ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ის მოქალაქეები, ვისაც გვყავს განსაკუთრებული საჭიროების შინაური ცხოველები. დღეისათვის მოქმედი რეგულაციებით, ვეტერინარულ კლინიკებს არ აქვთ უფლება გასცენ სათანადო რეცეპტები ფსიქოტროპული პრეპარატების შესაძენად მაშინ, როდესაც ისინი ხშირად ჩვენს ცხოველებს მთელი სიცოცხლის მანძილზე, ყოველდღიურად ესაჭიროებათ და რომელთა ადმინისტრირება ყოველთვის კლინიკებში ვერ მოხდება.
პრაქტიკულად, სახელმწიფომ შინაური ცხოველების ათასობით პატრონს მოგვისპო სამართლებრივი შესაძლებლობა, დავიცვათ ჩვენი ცხოველების სიცოცხლე და ვუმკურნალოთ მათ. დაგვაყენა პრინციპულად შეუძლებელი არჩევანის წინაშე: ან ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში და შედეგად, ჩვენი შინაური ცხოველები, რომლებიც ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობას საჭიროებენ, გავწიროთ ტანჯვით სიკვდილისთვის, ან დავრჩეთ ჰუმანურები და ვიზრუნოთ მათზე. თუმცა, ამის გამო კანონს მიღმა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. არც ერთი ჰუმანური სახელმწიფო არ უნდა აყენებდეს საკუთარ მოქალაქეებს ასეთი არჩევანის წინაშე.
ჯანდაცვის, მორალური და ეთიკური ასპექტების გარდა, ეს ვითარება სავარაუდოდ, ხელსაყრელ პირობებს ქმნის მედიკამენტების შავი ბაზრის გასაფართოებლად, რადგანაც მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, უკიდურესი საჭიროების მიუხედავად, ვერ ახერხებს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების ლეგალურად შეძენას.
მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ის კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ამ ცვლილების შედეგად მრავალი ოჯახი აღმოჩნდა საქართველში და მიიღოთ სასწრაფო ზომები ამ საკითხის სამართლებრივად მოწესრიგებისათვის. ეს დაგვეხმარება, სათანადო ვიზრუნოთ ჩვენი შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე კანონიერად.