საკონტაქტო ინფორმაცია
დაწესდეს სპეციალური სავიზო რეჟიმი რუსეთთან!

დასრულებული

11187
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

დაწესდეს სპეციალური სავიზო რეჟიმი რუსეთთან!

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფაშისტური სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთი მოექცა მსოფლიო იზოლაციისა და სანქციების ქვეშ, რაც გახდა მოტივი უამრავი რუსისთვის დატოვოს საკუთარი ქვეყანა და თავი შეაფაროს სხვა სახელმწიფოებს. გაჩნდა ტელეგრამში უამრავი ჯგუფი, სადაც რუსეთის მოქალაქეები აქტიურად განიხილავენ საქართველოში მოხვედრის გზებს და ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებით.

უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გახსნილი საზღვრის პირობებში, ათი ათასობით რუსი ოჯახი ჩამოვა და დასახლდება ჩვენთან.

აღნიშნული პროგნოზი ბევრ საფრთხეს შეიცავს, თუმცა გამოვყოფ ერთს (ამჟამად ყველაზე აქტუალურს): ჩვენ არაერთხელ გვინახავს პუტინის მხრიდან სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იმ მოტივით, რომ მის "სამშვიდობო" ჯარებს უნდა დაეცვათ საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე "იჩაგრებოდნენ". თუნდაც მხოლოდ ამ პრაქტიკის გამო, დიდი სიფრთხილეა საჭირო რუსების მასობრივ მიგრაციასთან დაკავშირებით (გვერდზე გადავდოთ სხვა მორალური თუ ეკონომიკური ნიუანსები).

ამიტომ, საქართველოში შემოსასვლელად ვითხოვთ რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეთ სპეციალური (დროებითი) სავიზო რეჟიმი. ვიზა მიეცეთ რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებიან პუტინის დიქტატორული რეჟიმის მიერ და რომელთა სიცოცხლე/ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმყოფება მათი რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნით. აგრეთვე, ყველა მათგანმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ვლადიმერ პუტინის ფაშისტურ სამხედრო მოქმედებებს! ასეთი სპეციალური სავიზო რეჟიმი უნდა იქნეს შენარჩუნებული მინიმუმ საომარი ვითარების დასრულებამდე და მსოფლიო წესრიგის აღდგენამდე.

ცნობისთვის, ამ მომენტამდე, რუსეთს ცალმხრივად აქვს სავიზო რეჟიმი დაწესებული საქართველოსთან.