gallery images

საჭიროა 4322 ხელმოწერა

678
5000

ადრესატი:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მეტი ადგილობრივი პროდუქცია - მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს

სასურსათო უსაფრთხოება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია. იგი გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე.

ამ პეტიციაზე ხელმოწერით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა დააფუძნოს ისეთ მიდგომაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მცირე ფერმერულ მეურნეობებს გაიუმჯობესონ ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზრებზე  და შეძლონ უფრო მეტი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება.

 

ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მიღწევაში ადგილობრივ წარმოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ბოლო სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, რომელიც 2004 წელს ჩატარდა, საქართველოში არსებული მეურნეობების  98%-ს მცირე მეურნეობები შეადგენდნენ.  შესაბამისად, საქართველოში სწორედ მცირე მეურნეები აწარმოებენ ადგილობრივ პროდუქციას და ქმნიან ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საფუძველს.

უახლესი კვლევებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70%  სურსათის უკმარისობას განიცდის და, შიშობს, რომ მომავალში ეს მდგომარეობა შეიძლება კიდევ გაუარესდეს.  მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ საქართველოს მოსახლეობა შემოსავლების საშუალოდ 50%-ს ხარჯავს სურსათზე და მცირე შემოსავლების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი არ არის  ადგილობრივი, მრავალფეროვანი და საღი პროდუქტი. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მის მცირეშემოსავლიან ფენებში, შეინიშნება ბავშვებთა ზრდის შეფერხება, იოდისა და რკინის დეფიციტი. არასრულფასოვანი კვება აფერხებს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, ამცირებს მის შრომისუნარიანობას, რასაც უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც  ამბიცია აქვს იყოს განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო. 1994 წელს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა გარეოს საერთაშორისო პაქტს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, რომელიც ავალდებულებს სახელმწფოს უზრუნველყოს მოქალაქეების წვდომა მათი ნუტრიციული მოთხოვნების შესაბამის სურსათზე; მათ შორის, მიიღოს ზომები, რათა „გაუმჯობესდეს სურსათის წარმოების, შენახვისა და განაწილების მეთოდები ტექნიკური და სამეცნიერო ცოდნის სრული გამოყენების, სწორი კვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ისეთი აგრარული სისტემების  შექმნისა თუ რეფორმირების გზით, რაც ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების  გამოყენებას“.

სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევა საქართველოში მცირე მეურნეების  ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ისინი საქართველოს მდგრადი სასურსათო სისტემის სათავეში დგანან და წარმოადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას (98%).