საკონტაქტო ინფორმაცია
კანონი შინაური ცხოველების დასაცავად და გადასარჩენად

დასრულებული

5052
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

კანონი შინაური ცხოველების დასაცავად და გადასარჩენად

#შეგეძლოგადაგერჩინე.

პეტიციის მიზანი და  მოთხოვნაა, მოხდეს  კანონში შესაბამისი ცვლილება, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება ავტომობილის ცხოველზე დაჯახების დროს, შემთხვევის მონაწილე მძღოლის ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მიზანშეწონილია მიღებულ იქნას კანონი, რომელიც დაავალდებულებს მძღოლს, მსგავსი შემთხვევის შემდეგ ავტომობილის გაჩერებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში 112-ში დარეკვას. კანონი ასევე უნდა ითვალისწინებდეს ადეკვატურ სასჯელს სამართალდამრღვევი მძღოლის  მიმართ. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მეგობარი და პარტნიორი ევროპული ქვეყნების გამოცდილებები და ცხოველის მიტოვება შემთხვევის ადგილზე შესაძლოა განხილული იყოს როგორც მისდამი სასტიკი მოპყრობა. აღნიშნული კანონი შესაძლებელია კანონმდებლობაში დაემატოს ახალი მუხლის, ან მუხლი 259-ზე ქვეთავის სახით.

აღნიშნული ცვლილება კანონში:

  • ხელს შეუწყობს შინაური ცხოველების დაცვასა და მათი სიცოცხლის გადარჩენას;
  • სასარგებლო იქნება, შინაური ცხოველების შესახებ, საზოგადოების მორალური და ემოციური ცნობიერების ასამაღლებლად;
  • დადებითი გავლენა ექნება, მომავალი თაობის რაციონალურ და ემპათიურ დამოკიდებულებაზე ცხოველების მიმართ;
  • გაიზრდება საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც შინაური ცხოველების ასევე ადამიანების მიმართ;
  • ასევე სასარგებლო იქნება საგზაო უსაფრთხოებისთვის და შესაბამისად, უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის.

საქართველოში, ბევრი ადამიანია, რომლებსაც უყვართ შინაური ცხოველები, იფარებენ, და ზრუნავენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებზე. ამის მიუხედავად, შინაური ცხოველების ცხოვრების პირობები, ხშირ შემთხვევაში, მძიმეა. სამწუხაროდ, ბევრი პრობლემა კერძოდ: უმართავი პოპულაცია, შიმშილი, მიტოვება, ჩაგვრა-წამება და ა.შ. არის მათთან დაკავშირებული. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართ, მძღოლების უყურადღებო და გულგრილი დამოკიდებულება, რის შედეგადაც ხშირია ცხოველებზე ავტომობილის დაჯახებისა და შემთხვევის ადგილას მათი სასიკვდილოდ მიტოვების ფაქტები. მრავალ შემთხვევაში შეიძლებოდა მათი გადარჩენა, მაგრამ საზოგადოების ცნობიერებისა და შემაკავებელი მექანიზმის არარსებობის გამო, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.  ასეთი მდგომარეობა მძიმეა, როგორც ცხოველებისათვის, ასევე  საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომლისთვისაც მსგავსი ფაქტები არაჰუმანურობისა და სისასტიკის გამოვლენას წარმოადგენს.  
სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ადამიანების ამგვარ გულგრილობას დაუპირისპირდება და  შემთხვევის მონაწილე მძღოლებს  დაზარალებული ცხოველის მიმართ დახმარების აღმოჩენის ვალდებულებასა და აგრეთვე სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს. 

მიგვაჩნია, რომ ასეთი მექანიზმის არსებობა, შექმნის საგზაო წესების დაცვის კიდევ უფრო მეტ ვალდებულებასა, საზოგადოებას გახდის ცოცხალი არსებების მიმართ კიდევ უფრო მეტად ყურადღებიანს, რაც საბოლოოდ მოგვცემს უსაფრთხო გარემოს როგორც ადამიანებისათვის, ასევე შინაური ცხოველებისათვის. უსაფრთხო გარემოს შექმნა კი წარმოუდგენელია საკანონმდებლო დონეზე ცვლილების გარეშე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონი არსებობს, ბევრ  ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, რომლისკენაც ქართული სახელმწიფო ასე დაჟინებით მიისწრაფვის.

ქართული საზოგადოება ასეთი ქმედებით, კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირის საკანონმდებლო სისტემასთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, რაც გულისხმობს შინაური ცხოველების მიმართ ყურადღებისა და ზრუნვის გამოვლენას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო არის ევროპული ღირებულებების ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ზრუნავს ცოცხალ არსებებზე და სადაც  ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლე და უსაფრთხოება კანონით არის დაცული.