საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდეს შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის

საჭიროა 6614 ხელმოწერა

3386
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

საქართველოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდეს შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მივიჩნევთ, რომ რუსეთ-უკრიანის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსული რუსეთის მოქალაქეები და მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაცია, უძრავი ქონების შეძენა და მოქალაქეობის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას და კიდევ უფრო მეტად ზრდის რუსეთის გავლენას საქართველოში.

რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის პირობებში განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში არსებული და განვითარებული პროცესები. კერძოდ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 24 თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 796,638-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. IDFI-ის მონაცემებით კი 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში საქართველოში დარჩა რუსეთის 49,505 მოქალაქე. IDFI-ის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემომსვლელთა მხოლოდ რიცხობრივი მაჩვენებლები არ იძლევა რეალურ სურათს არსებული გამოწვევების შესახებ. (წყარო:https://bit.ly/3r35MUB). გარდა ამისა, არ არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან რამდენს აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/19132?publication=8, კერძოდ მუხლი მე-4 თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

2015 წლის შემდეგ, საქართველოდან რუსეთში წასვლის მსურველთათვის ვიზები გაიცემა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქისა და იურიდიული პირების მოწვევის საფუძველზე, რომლებიც ფორმდება საიმიგრაციო სამსახურის ტერიტორიულ და სტრუქტურულ დანაყოფებში. 2015 წლიდან დღემდე რუსეთს ცალმხრივად აქვს დაწესებული სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. ხოლო საქართველოში უვიზოდ და უკონტროლოდ შემოდიან რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას.

თუ მანამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შეიძლება დარჩენილიყო საქართველოში უვიზოდ მხოლოდ 90 დღე, 2015 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ 365 დღით დარჩენის უფლება აქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი წლის გასვლის შემდეგ აუცილებლად საკუთარ ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ. მათთვის მარტივი გამოსავალიც არსებობს, ამისთვის საჭიროა ერთი წლის ვადის ამოწურვამდე, თუნდაც მხოლოდ ერთი წუთით გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი ნებისმიერი მიმართულებით, გადავიდნენ თურქეთში ან სომხეთში და მაშინვე უკან შემობრუნდნენ. აქედან ერთი წლის ვადის ათვლა ხელახლა დაიწყება და ასე უსასრულოდ.

ბიზნესის რეგისტრაცია

გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, საქართველოში სულ 13,500 რუსული კომპანიაა, მათგან 6,419 კომპანია კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, სხვა ქვეყნებიდან მიგრირებული ადამიანები საქმდებიან. უცხო ენით ხდება მომსახურების სფეროში სერვისის მიწოდება და ქართულენოვან მოხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა სახელმწიფო ენაზე მიიღოს სერვისი, აღნიშნული ცალსახად კანონდარღვევაა. წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge/news/426746/

ბინადრობა და მოქალაქეობა

2022 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბინადრობის უფლება რუსეთის სულ 16,480 მოქალაქეს აქვს მიღებული. მათგან 1,669-მ კი ეს უფლება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო. 2022 წლის თებერვლიდან 4 აგვისტომდე რუსეთის მოქალაქეებზე  ყველაზე მეტი, 550 ნებართვა გაიცა მუდმივი ცხოვრების უფლებით. 

უძრავი ქონება

მხოლოდ 2022 წლის პირველ 7 თვეში, უძრავი ქონება შეიძინა 3 626-მა რუსეთის მოქალაქემ. უძრავ ქონებას ისინი ძირითადად ბათუმსა და თბილისში ყიდულობენ. წელს ბათუმში რუსეთის მოქალაქეებმა 1 400-მდე სახლი და მიწის ნაკვეთი იყიდეს, 1 000-ზე მეტი კი თბილისში. რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევები გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. საკურორტო ქალაქში რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენის მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა, რაზ ზრდის საგარეო საფრთხეებს. კერძოდ, ის პირები, რომლებიც არანაკლებ 300 ათას დოლარს გადაიხდიან უძრავი ქონების შესაძენად საქართველოში, ან ამავე ოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ, იღებენ ხუთწლიან ბინადრობის უფლებას. ერთჯერადად 5 წლით ბინადრობის მიღების შემდეგ, პირს შეუძლია მუდმივი ბინადრობის უფლებაც მოითხოვოს (წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge/news/421733/)

რუსეთმა უხეშად დაარღვია და დღემდე არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანმებას, ნორმას და კანონს. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა მისი დიდი ნაწილის ოკუპაცია. რუსეთი ეწევა ტერორისტულ საქმიანობას და ფიზიკურად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას - უიარაღო სამოქალაქო პირებს, ქალებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს. მსოფლიო თანამეგობრობამ ოკუპანტ რუსეთს დაუწესა სანქციები, ხოლო ევროპის ქვეყნებმა სავიზო პოლიტიკაც გაამკაცრეს. კერძოდ:

  • ესტონეთმა გაამკაცრა საემიგრაციო პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეების მიმართ.  
  • 2022 წლის 4 აგვისტოდან ლატვიამ სრულად აკრძალა რუსებისთვის ვიზების გაცემა.
  • ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა 2023 წლის მარტამდე შეწყვიტა.
  • ბელგია აღარ გასცემს მოკლევადიან ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე 2022 წლის ივლისიდან.

აპრილში გამოქვეყნებული NDI-ის კვლევის მიხედვით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას მხარს უჭერდა გამოკითხულთა 66%.

ამრიგად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვეთანხმებით მასში ჩამოყალიბებულ და დასაბუთებულ პირობებს, მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც ანგარიშვალდებულია ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და პასუხს აგებს მის უსაფრთხოებაზე:

  1. დაუყოვნებლივ შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან (და დაუშვას ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკური მოტივით დევნილი პირები, რომლებიც დაიშვებიან საქართველოში მხოლოდ შესაბამისი გადამოწმებისა და დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში).
  2. დააწესოს მორატირიუმი უძრავი ქონების შეძენაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის.
  3. შეუზღუდოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ეკონომიკური საქმიანობა (და ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს!).

მიგვაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ამ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში შემცირდება როგორც საგარეო და შიდა რისკები, ისე პუტინის რეჟიმის მიერ რუსეთის მოქალაქეთა უფლებების დაცვის მოტივით საქართველოში პროვოკაციების მოწყობის რისკი.


საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ლექტორი, ტრენერი, ქოუჩი

ვრცლად