საჭიროა 1852 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
გაფანტული ყურადღებისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის წამლების ხელმისაწვდომობა
ევროპული გაიდლაინის მიხედვით, აღნიშნული დაავადების მკურნალობა (მართვა) ყველაზე ეფექტურია სტიმულანტების ჯგუფის წამლების (methylphenidate, dexmethylphenidate) რეგულარული მიღებითა და, დამხმარედ, ფსიქოთერაპიის მეშვეობით.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული მედიკამენტები მიეკუთვნება ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებებს (სია II).
აღნიშნული ჯენერიკის, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისთვის შემოტანის შესაძლებლობას, 2011 წლის 15 ივნისის N01-31/ნ და N01-32/ნ ბრძანებები არეგულირებს, თუმცა, გათვალისწინებულია მხოლოდ პაციენტის მიერ საზღვრის ფიზიკურად კვეთა და აღნიშნული მედიკამენტების ამ მეთოდით შემოტანა.
იმ ადამიანებს, რომლებსაც გაფანტული ყურადღებისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოზი გვაქვს, სიმპტომის სახით, აღგვენიშნება გულმავიწყობა, კონცენტრაციის სირთულე და მრავალი სხვა. ეს სიმპტომები ზრდის ცხოვრების დაბალი ხარისხის, უმუშევრობის, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების, სოციალიზაციის პრობლემებსა და სუიციდის რისკებს. სწორი მედიკამენტოზური მკურნალობა კი ამ ყველაფერს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ქვეყანაში ხელმისაწვდომი (არასტიმულანტი) მედიკამენტები, ნაკლებად ეფექტურია და აქვს მძიმე უკუჩვენებები.
ყოველდღიურად მისაღები წამლისთვის, ყოველთვე, საზღვრის კვეთა და უცხოელ ექიმებთან სიარული დიდ ფინანსურ, ფიზიკურ და მენტალურ რესურსთან ერთად გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
გთხოვთ, ქვეყნის საზღვრის ფიზიკური კვეთის გარეშე, (უცხოელი ან ქართველი ექიმის მიერ, დისტანციურად ან ადგილზე გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე), შესაძლებელი გახდეს, პირადი მოხმარებისთვის აღნიშნული წამლების გამოგზავნა.