საჭიროა 73 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
ბორჯომულას ხეობა საფრთხეშია!
ქართველების საყვარელი საკურორტო ზონა - ბორჯომულას ხეობა - საფრთხეშია!!! სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საზიანო და საცხოვრებლად გამოუსადეგარი ხდება ხეობა როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დამსვენებელთათვის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის გამო.
ლეიკემია, კუჭ-ნაწლავის კიბო, ტვინის სიმსივნე, მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია, ემბრიონის გარდაცვალება, თავის ტკივილი, ტვინის სიმსივნე - ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოწვევაც მაღალი ძაბვის ელექტორგადამცემი ხაზების ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივებას უკავშირდება მეცნიერთა ნაწილის თვალსაზრისით.
შეხსენებისთვის, მდინარე ბორჯომულას ხეობაში მდებარეობს საქართველოში ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბორჯომის ისტორიული პარკი, რომელშიც არის მინერალური წყლები, ბორჯომის ისტორიული ე.წ. ეკატერინეს წყაროს ბიუვეტი, გოგირდის წყლის აბანოები. ეს არის უნიკალური ტურისტული ზონა, რომელიც როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და შეუფასებელია.
ხეობის ზედა წელში არის ბევრი მინერალური წყარო, რომელებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებში, ისე დამსვენებლებში. მდინარე ბორჯომულაზე, სოფელ ტბაზე არის რამდენიმე საბანაო ადგილი, რომლითაც სარგებლობენ როგორც სოფელ ტბის, ისე მიმდებარე სოფლების/ კურორტების მოსახლეობა, დამსვენებლები, ტურისტები. აქ აძოვებენ საქონელს, კრეფენ კენკრას, სოკოს, სამკურნალო ბალახებს, ამავე ხეობაში გადის რამდენიმე ტურისტური საფეხმავლო ბილიკი. აქ არის ასწლოვანი მარადმწვანე ხეები, გვხვდება ისტორიული ძეგლები, ეკლესია-მონასტრები.
სოფელი ტბის ულამაზესი ლანდშაფტი, წყაროებითა და მდინარით შემკული, სუფთა ჰაერი და ჰარმონიული სიმშვიდე - ყოველივე, რაც მთელი საქართველოდან იზიდავს დამსვენებელს სულ მალე გამოუსადეგარი გახდება, თუ არ მოხერხდა მაღალი ძაბვის ხაზების ხეობისათვის არიდება, რომელსაც კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" გეგმავს. ჯანმრთელობისთვის საზიანო გახდება ელექტრული ველით დასხივებულ ხეობაში არა თუ საქონლის ძოვება და კენკრა-ბალახის შეგროვება, ასევე სეირნობა და მდინარეში ბანაობა, თევზაობა. გარდა გამოსხივებისა, ხეობა სამუდამოდ მახინჯდება ვიზუალურადაც, გაიჩეხება ხეები, დეფორმირდება მდინარის კალაპოტი. სოფელი დაკარგავს საკურორტო ფუნქციასა და შემოსავლის წყაროს, რადგან არც ადგილობრივ, არც უცხოელ ტურისტს აღარ მოუნდება შვებულების საზიანო და არაესთეტიურ გარემოში გატარება. ბავშვებიანი ოჯახები, რომლებიც ჯანსაღი გარემოს გამო ყოველწლიურად ჩამოდიან დასასვენებლად, ასევე ამოკვეთავენ ფეხს კურორტიდან.
სწორედ ამიტომ, სოფ. ტბის მოსახლეობის დიდი ნაწილი, კერძოდ, კი მდ. ბორჯომულას ხეობის მხარეს დასახლებულნი კატეგორიული წინააღმდეგი ვართ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მდინარე ბორჯომულას ხეობაში, კერძოდ, კი საკურორტო ზონაში, სოფელ ტბაზე დაგეგმილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანისა. ეს პირდაპირ არღვევს ჩვენს უფლებებს!
ჩვენ არ ვართ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების წინააღმდეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას წაადგება, მაგრამ ჩვენ ვართ ამავე სახელმწიფოს ნაწილი და გვსურს ჩვენი მოსახლეობის, მომავალი თაობის ჯანმრთლობის, სიცოცხლის და ამ ხეობის გადარჩენა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოხდეს პროექტის გარკვეული ნაწილის არიდება დასახლებული და ტურისტულად აქტიური პუნქტებისგან და მდინარე ბორჯომულას ხეობისაგან.
გთხოვთ, დაგვიჭირეთ მხარი, ერთად გადავარჩინოთ ჩვენი და თქვენი ბორჯომულას ხეობა!