საკონტაქტო ინფორმაცია
შევუნარჩუნოთ "კაფე მზიური" თბილისს და "მზიანს"

საჭიროა 4102 ხელმოწერა

5898
10000
ადრესატი:
  • თბილისის მერია

შევუნარჩუნოთ "კაფე მზიური" თბილისს და "მზიანს"

სოციალურმა კაფე "მზიურმა" 2024 წლის 15 ივნისს, ქონების მართვის სააგენტოსგან   მიიღო წერილი, რომ არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით განკარგვას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და იგი განიხილება როგორც თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად. 

სოციალური კაფე "მზიურის" თავდაპირველი სოციალური მისია იყო მიტოვებული პარკის აღდგენა და მისი ფუნქციური დატვირთვა. ააიპ "მზიანის" პროექტის, „ახალი მზიურის“ ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის უპრეცედენტო მხარდაჭერით, შეიქმნა სოციალური საწარმო „კაფე მზიური“, რომლის ფარგლებში, სრულიად განახლდა და აღიჭურვა კაფეს ისტორიული შენობა და მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე.

2016 წლიდან დღემდე, კაფეს ორგანიზებული აქვს 800-ზე მეტი საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიება. დღეს "მზიური" ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი სივრცეა, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მხარდამჭერი და ინიციატორი. იგი ფუნქციონირებს სოციალური საწარმოს პრინციპებით, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალური მიზნის მქონე პროექტებში.

კაფე "მზიური" ყვება ინკლუზიური გარემოს შექმნის წარმატების ისტორიას, რომელიც სამაგალითოა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ პერიოდის განმავლობაში ააიპ "მზიანის" გუნდმა შეძლო, გადაელახა სოციალური საწარმოს მართვის არაერთი გამოწვევა, მოეპოვებინა ნდობა და დადებითი რეპუტაცია ფართო საზოგადოებაში და დღემდე პირნათლად ასრულებს მის მისიას. ფართო საზოგაგოებას ეჭვქვეშ არ დაუყენებია "მზიანის" ეფექტური საქმიანობა, რასაც მოწმობს კიდეც ორგანიზაციის მიერ მომზადებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნები. არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ გაწყდეს დაწყებული თანამშრომლობა. 

ამ სივრცის საქმიანობის დადებითი სოციალური გავლენა და უკუგება საზოგადოებაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები. 

აქედან გამომდინარე, კაფე "მზიურის" ყველა მეგობარს და გულშემატკივარს გთხოვთ მხარდაჭერას - შევუნარჩუნოთ კაფე "მზიური" თბილისს და "მზიანს"!


სოციალურ საწარმოთა ალიანსი წარმოადგენს სოციალური საწარმოების ქოლგა ორგანიზაციას, რომლის მთავარი მისიაც სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მდგომარეობს. ორგანიზაცია ამჟამად აერთიანებს 50-მდე სოციალურ საწარმოს  და ხელს უწყობს წევრების ერთობლივი ინტერესების დაცვას, საზოგადოებაში სექტორის ცნობადობის ზრდას, გამოცდილების გაზიარების და სექტორებს შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების განვითარებას. ჩვენ გვჯერა, რომ სოციალური მეწარმეობა არის ეფექტური გზა რეალური სოციალური ცვლილებებისთვის საზოგადოების საკეთილდღეოდ.

ვრცლად