საჭიროა 308 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
პეტიცია, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებული აქტულური საკითხების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თემატური მოკლვევის ჯგუფის შექმნის თაობაზე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მუზეუმთა გაერთიანების არათანმიმდევრული, უკანონო მოქმედებების შედეგად, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა და იქ დაცული კოლექციები საფრთხეშია!
მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, საზოგადოებამ, ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ მიმდინარე მძიმე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის შეუთავსებელი პროცესების მორიგი ლუსტრაცია იხილა. საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, მინისტრმა - თეა წულუკიანმა, ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ, ბუნდოვანი და არაფრისმთქმელი ინფრომაცია მიაწოდა დეპუტატებს.
ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ არ ინტერესდება სამინისტრო, მინისტრის 2021 წლის 15 ივლისის ბრძანების შეუსრულებლობით, რომლის მიხედვით შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის მიზნით მართვის განსაკუთრებული რეჟიმი იქნა შემოღებული და შესაბამის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. ბრძანების თანახმად, პროცესი 2021 წლის 5 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და 2022 წლის 5 თებერვლისთვის დასრულებულიყო.
სამწუხაროდ, ფონდების ევაკუაციის და მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხოებისათვის საჭირო ეფექტური ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. სამინისტრო და მუზეუმების გაერთიანება საზოგადოებას არ აწვდის ინფორმაციას მუზეუმში მიმდინარე პროცესების შესახებ. ხელოვნების მუზეუმის გადარჩენის მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მუზეუმების გაერთიანებამ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით წარდგენილი ყველა განცხადება. ისევე როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული 2021 წლის აგვისტოში წარდგენილი პეტიცია, რომელსაც 2500-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს.
ამჟამად, მუზეუმის მეორე კორპუსში დაწყებულია სარემონტო სამუშაოები და უცნობია, კონკრეტულად რომელი კოლექციების გადასატანად მზადდება აღნიშნული სივრცე. ხელოვნების მუზეუმის კოლექციების გადანაწილება რაციონალური და გამჭვირვალე გეგმის გარეშე, რომელიც შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ბედს განაპირობებს, არის დაუშვებელი და არაერთი საფრთხის შემცველი. ასევე, დაუშვებელია, ეს პროცესი პროფესიული წრეების ინფორმირების გარეშე დაიწყოს.
გაურკვეველია რა პრინციპით და ვისი მონაწილეობით მიმდინარეობს ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტირება და დაწყებულია თუ არა ეს პროცესი.
საზოგადოებამ არ იცის რა ბედი ელის ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმს, მის ისტორიულ შენობას და იქ დაცულ უნიკალურ კოლექციებს!
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ფონზე, წინამდებარე პეტიციის ხელის მომწერები მივმართავთ საართველოს პარლამენტს და მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა სათანადო ყურადღება მიაქციოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირგვლივ მიდინარე პროცესებს. კერძოდ, გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის უფლებამოსილება და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შექმნას თემატური მოკლვევის ჯგუფი.
პატივისცემით,
საინიციატივო ჯგუფი ხელოვნების მუზეუმისთვის