საჭიროა 679 ხელმოწერა
ადრესატი:
- კინო დისტრიბუცია, LTD Film Distribution
მოვითხოვთ ბილეთის ფასის შესაბამის, გაუმჯობესებულ სერვისს კინოთეატრებში!
თბილისის კინოთეატრების არაეთიკური დამოკიდებულება საქმისადმი უკვე ყოველგვარ საზღვარს სცდება. ამიტომ, სანამ ბოლომდე თავს გასულან, საჭიროა ხმა ამოვიღოთ და ჩვენი, როგორც კინომოყვარულების და მომხმარებლის უფლებები დავიცვათ!
საქართველოში არსებული ყველა კინოთეატრი ერთი და იგივე მფლობელის ხელშია. აქედან გამომდინარე ბაზარზე სრული მონოპოლიაა. კონკურენციის გარეშე დარჩენილი კინოთეატრების ადმინისტრაცია თავს უფლებას აძლევს ზერელედ და უპასუხისმგებლოდ მოეკიდოს საქმეს, რაც არღვევს მომხარებელთა უფლებას - მიიღოს ხარისხიანი მომსახურება. გასათვალისწინებელია ისიც რომ კინოს ბილეთის ფასი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან შედარებით, არაადეკვატურად მაღალია!
შევეცადეთ კინოთეატრების „ცოდვებისთვის“ თავი მოგვეყარა და საერთო გულისტკივილი დაღლილი, გაბრაზებული მაგრამ ერთგული კინომოყვარულებისათვის გაგვეზიარებინა. იქნებ ერთად შევძლოთ და ჩვენი გაერთიანებული პროტესტი გამოვხატოთ კინოთეატრების ქსელის მმართველების მისამართით:
- „ამირანის“ დიდ დარბაზში დასკოჩილი, გაღუნული და ჭუჭყიანი ეკრანი აქვთ, რაც ფილმის გამოსახულებას და აღქმას მნიშვნევლოვნად აკნინებს. ასეთ ეკრანზე ფილმის გაშვება ზოგადად არ შეიძლება, მაგრამ თუ ადმინისტრაცია რაღაც მიზეზით ვერ ასწორებს ამ ხარვეზს, აუცილებლად ბოდიში უნდა მოგვიხადოს ყოველი სეანსის წინ და ბილეთის ფასი შეამციროს, რათა მაყურებელმა მოტყუებულად და დამცირებულად არ იგრძნოს თავი. კინომოყვარულებს ხშირად არჩევანის საშუალება არც აქვთ, რადგან საფესტივალო და საავტორო ფილმებს მხოლოდ „ამირანში“ უშვებენ და ამგვარად, გვინდა-არ გვინდა უხარისხო მომსახურებით სარგებლობას გვაიძულებენ.
- ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც მაყურებელი თავად ასულა კინომექანიკოსთან და უთხოვია ფოკუსის გასწორება, რომ აღარაფერი ვთქვათ დიალოგისა და გამოსახულების აცდენაზე, რაც რეგულარულად ხდება.
კინოთეატრის ყველა თანამშრომელი უტიფრად იტყუება, როდესაც ამბობს, რომ რეკლამები 15 წუთი გრძელდება. სინამდვილეში, ფილმის ღირებულებისა და პოპულარობის მიხედვით, რეკლამები გრელდება 20-დან 35 წუთამდე. რეკლამები ჯერ-ჯერობით არ არის აიმაქსში. თუმცა, ადმინისტრაციის მაყურებლის მიმართ უპატივცემულო მიდგომას თუ გავითვალისწინებთ, ეს ბედნიერებაც ალბათ დროებითია.
- თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარეობისას უამრავ ტექნიკურ ხარვეზს აქვს ადგილი, რის გამოც არავინ არასდროს იხდის ბოდიშს. მაგრამ, რადგანაც ამაზე პასუხისმგებლობა „ამირანის“ და „რუსთაველის“ ადმინისტრაციასთან ერთად, ფესტივალის ორგანიზატორებსაც ეკისრებათ, ამ პეტიციაში ხსენებულ ხარვეზებს აღარ ჩამოვთვლით.
- „რუსთაველის“ მეხუთე დარბაზში ეკრანი ერთგან დაზიანებულია, რის გამოც ფილმის მსვლელობისას, იმ ადგილზე გამუდმებით ანთია წითელი წერტილი, რაც ძალიან გამაღიზიანებელია, ხოლო მეორე დარბაზში სკამები არის, ძველი, ვიწრო და მოუხერხებელი.
- ორივე „კავეაში“ კინოთეატრის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვის წინ მიიღო სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელი გადაწყვეტილება, რომ სასუსნავები და ფილმის ბილეთები ერთი და იგივე ადამიანებს გაეყიდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შედეგი გახდა უსასრულო რიგები და ჭყლეტვა, რაც საშინელი დისკომფორტის გამომწვევია.
- უკლებლივ ყველა კინოთეატრში, 3D სათვალეები ნათითურებიანი და დაკაწრულია. სხვისი, თანაც გაუწმენდავი სათვალის გაკეთება, არაჰიგიენურია.
პრობლემაა ინგლისური სეანსებიც: თუ ჩასაფრებული არ ხარ და პირველ ორ დღეში ვერ მოასწარი წასვლა, ორიგინალში ფილმის ნახვის არანაირ ვარიანტს აღარ გთავაზობენ. ამდენი კინოთეატრი ნუთუ არ აძლევს ადმინისტრაციას იმის საშუალებას, რომ ინგლისურ ენაზე ფილმის მნახველთა მცირე, მაგრამ მუდმივ ჯგუფს შესთავაზოს ერთი პატარა დარბაზი? რატომ არ არის იმის საშუალება, რომ სანამ ფილმი ეკრანებზე გადის, დღეში მინიმუმ ერთი სეანსი ორიგინალ ენაზე იყოს?! ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ინგლისურ სეანსზე მისული მაყურებლისთვის გამოუცხადებიათ, რომ ფილმი რუსულად იქნებოდა.
- 2016 წლის 12 ნოემბერს, ფილმი „Arrival“ (რეჟ. დენი ვილნიოვი. როლებში: ემი ადამსი და ჯერემი რენერი) „ამირანში“ გაფუჭებული პროექტორით გაუშვეს. როგორც გაირკვა, ადმინისტრაციამ იცოდა, რომ პროექტორის ერთ-ერთი ნათურა დამწვარი იყო, მაგრამ არც მაყურებელი გააფრთხილა წინასწარ და თავისთავად ცხადია, არც ბილეთის ფასი აუნაზღაურა. შედეგად კინომოყვარულები აიძულეს ეყურებინათ ჩაბნელებული ფილმისთვის, რომელსაც ალაგ-ალაგ ხმა და ფოკუსი ეკარგებოდა.
- კინოთეატრების ადმინისტრაციას განზრახ შეყავს მაყურებელი შეცდომაში, როდესაც მთელ რიგ შემთხვევებში აყალბებს და თავისი შეხედულებისამებრ ცვლის ინფორმაციას ფილმის შესახებ. ბოლო ასეთი მაგალითია ფილმი „Keeping Up With Joneses” (რეჟ. გრეგ მოტოლა. როლებში: ზაქ გალიფიანაკისი, გალ გადოთი, აილა ფიშერი). ფილმი დარეკლამებულია როგორც „მისთერ და მისის სმითების“ შემქმნელების პროდუქცია, მაგრამ სინამდვილეში, საერთო არაფერი აქვს ამ უკნასკნელთან: რეჟისორიც, პროდიუსერებიც, სცენარის ავტორიც, კომპოზიტორიც, მსახიობებიც და ა.შ. ამ ორ ფილმს სრულიად განსხვავებული ჰყავს. მაყურებლის მოზიდვის მიზნით, კინოთეატრები აშკარა ტყუილს კადრულობენ და ეს არ არის პირველი შემთხვევა!
ყველა ჭეშმარიტ კინომოყვარულს და საკუთარი თავის პატივისმცემელ მომხმარებელს მოგიწოდებთ, ხელი მოაწეროთ ამ პეტიციას, რათა შევძლოთ ფასის შესაბამისი მომსახურების მიღება და მაყურებელთა ამგვარი უპატივცემლობისა და აბუჩად აგდების აღკვეთა!