საკონტაქტო ინფორმაცია
არქიტექტორები სერტიფიცირების ანტიევროპული წესის წინააღმდეგ!

საჭიროა 2118 ხელმოწერა

882
3000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

არქიტექტორები სერტიფიცირების ანტიევროპული წესის წინააღმდეგ!

არქიტექტურულ-სამშენებლო დარგში მოღვაწე პირების მუდმივი პროფესიული განათლების სისტემისა და სერტიფიცირების საკითხებზე ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი კომისია თავის გადაწყვეტილებებში ემყარება 2005/36/EC დირექტივას „პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებისა და რეგულაციების შესახებ“. საპირისპიროდ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული „საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი არქიტექტორების, ინჟინერ-მშენებლებისა და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის შესახებ“ სრულიად უგულველყოფს ევროპული დირექტივის მოთხოვნებს.

აქედან გამომდინარე,

საქართველოს არქიტექტორები მივმართავთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ  ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს

ევროკავშირის ელჩს საქართველოში

და სრულიად საქართველოს საზოგადოებას

ვიზიარებთ რა საქართველოს ევროპული მისწრაფების და ევროკავშირისაკენ ჩვენი  თანმიმდევრული  წინსვლის სულისკვეთებას,

გვსურს და შეგვწევს რა ძალა  ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა  ქვეყანაში მიმდინარე არქიტექტურულ-სამშენებლო პროცესებზე;

ვხედავთ რა ჩვენში  ამ პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის  სასიკეთო ქმედებაში თარგმნის  აუცილებელ  ადამიანურ, ინტელექტუალურ და ნებელობით პოტენციალს,

მიუხედავად ჩვენი პოლიტიკურ შეხედულებებისა და მსოფლმხედველობრივი სხვადასხვაობისა, ქართველი არქიტექტორები  სახელმწიფოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგებით საერთო-პროფესიულ  პლატფორმაზე, ვთანხმდებით და ვაცხადებთ შემდეგს:

  • ჩვენ, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფოს პროფესიული არქიტექტურული საზოგადოება მოვითხოვთ არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს დარეგულირებას ევროპული რეგულაციების  შესაბამისად,
  • მოვითხოვთ პროფესიული მობილობის რეალური შესაძლებლობის რწმენის განმტკიცებისკენ მიმართული დემოკრატიული პროცესების მართვაში მონაწილეობის უფლებას.
  • ვაცხადებთ ამ მიმართულებით  სახელმწიფოსთან   მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსახილველად წარმოდგენილი „წესების“ პროექტში ბევრი რამ ევროპული პრაქტიკისათვის უცხოა, კერძოდ:  

  • სახელმწიფო აკრედიტაციის ცენტრის - კომპეტენტური ორგანოს უფლებების გადაცემა მოქმედი აკრედიტებული ორგანიზაციებისათვის;
  • თვითოეული აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ თავისი შიდა სარგებლობისათვის შემუშავებული საგამოცდო, საპროცედურო და  სასერტიფიკაციო წესების, პროფესიული ეთიკისა და საავტორო უფლებების პრინციპები;
  • სერტიფიცირების საგამოცდო სისტემის საერთო წესების არარსებობა;
  • სერტიფიცირების იმპლემენტაციის გაუგებარი და ბუნდოვანი პროცესი;
  • გარდამავალი დებულებების ამოქმედების გაურკვეველი ვადები და მოქმედების თანმიმდევრობა.

გვსურს განვაცხადოთ, რომ

  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის #732 დადგენილება;
  • ჯერ კიდევ მოქმედი „სნ და წესები“, სახანძრო უსაფრთხოების, ინსოლაციის, ენერგოდაზოგვის  და სხვა  საბჭოთა (!!!) საინჟინრო ნორმები

კრიტიკულ  წინააღმდეგობაშია

  • სივრცითი დაგეგმარების, ქალაქგეგმარების, არქიტექტურის ევროპულ რეგულაციებთან და საინჟინრო-სამშენებლო სფეროს ევროკოდებთან!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ გვსურს თავიდან ავიცილოთ

  • არქიტექტურული სფეროს შემდგომი დერეგულაცია, რაციონალური ორიენტირების გაბუნდოვანება და სრული გაუფასურება;
  • პროფესიული ნიჰილიზმი და პროცესის შესაძლო სრული კოლაფსი;
  • საქართველოსა და ევროკავშირის არქიტექტურული და საინჟინრო-სამშენებლო სფეროს მომსახურების ბაზრებს შორის ხელოვნურად შექმნილი გადაულახავი ბარიერები,

უნდა შევთანხმდეთ,

  • რომ მზად არ ვართ სერტიფიცირების ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროცესის დასაწყებად;
  • რომ აუცილებელია პროცესში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს შესაბამისი კომისიების  ექსპერტების მონაწილეობა;
  • რომ დაუშვებელია სერტიფიცირების წესების შემუშავება პროფესიული საზოგადოების, პროფესიული შემოქმედებითი კავშირების და გაერთიანებების ჩართულობის გარეშე ;
  • რომ აუცილებელია პროცესების სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
  • რომ სერტიფიცირების წესის მიღება გადასავადებელია მინიმუმ 15 თვით.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სულისკვეთება არ დარჩება შეუმჩნეველი და უპასუხო!!!