საჭიროა 2 ხელმოწერა
ადრესატი:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ქ.დუშეთში ყოფილი მანქანა-ტრაქტორთა სადგურის (მტს) ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ზურაბ სეხნიაშვილს
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ინაშვილს
დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს
დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორს ბატონ ლევან ზაუტაშვილს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს ბატონ დავით ლორთქიფანიძეს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ გაგი ბუაძეს
მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ქალბატონ მერსი ტემბონს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ ზურაბ ალავიძეს
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს ბატონ მიხეილ გიორგაძეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
ქალაქ დუშეთში არსებული საინიციატივო ჯგუფის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის, მოცემულ განცხადებაზე ხელისმომწერი პირებისათვის ცნობილია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინასებული რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში დაგეგმილია ქ. ქალაქ დუშეთში მილახვრიანთკარის დასახლებაში არსებული ჭილაშვილების სასახლის რეაბილიტაციის საკითხი. სასახლში 1980-იანი წლებიდან განთავსებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის არექოლოგიური ბაზა, რომელიც რეაბილიტაციის შემდგომ მუზეუმის ფუნქციას შეიძენს. თუმცა, ეროვნული მუზეუმის მიერ 2017 წელს შემუშავებილი წინადადებით, ცვლილებები შეეხება ჭილაშვილების სასახლის მიმდებარედ არსებულ ყოფილ მანქანა-ტრაქტორთა სადგურს (მტს), რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იმყოფება. მუზეუმის წინადადებით მოთხოვნილია ტერიტორიის ეროვნული მუზეუმისათვის გადაცემა და ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევა.
მტს-ი წარმოადგენს ორი ძირითადი შენობის, დამხმარე ნაგებობის და ეზოსაგან შემდგარ კომპლექსს, რომელიც საბჭოთა პერიოდში განაგებდა და ტექნიკურ მომსახურებას უწევდა დუშეთის მანქანებისა და ტრაქტორების ავტოპარკს. კომპლექსის ერთი ნაწილი 1930-40-იან წლებში, ხოლო მთავარი ნაგებობა 1960-იან წლებშია აგებული და შესაბამისად ამ პერიოდის ინდუსტრიული არქიტექტურის გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს, თუმცა, სპეციალისტების აზრით, დუშეთში ის კონსტრუქტივიზმის ერთადერთი ნიმუშია.
ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალური საკუთრების სიმწირიდან გამომდინარე და მტს-ის ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ აღნიშნული კომპლექსის მუნიციპალურ საკუთრებაში დატოვებას, შენობების შენარჩუნებასა და ახალი ფუნქციების მინიჭებას. ინდუსტრიული ნაგებობების ახალი ფუნქციებით დატვირთვა მსოფლიოში პოპულარული პრაქტიკაა (მათ შორის საქართველოში კინოსტუდია ქართული ფილმის ყოფილი პავილიონში განთავსდა „თუმანიშვილის თეატრი“, ყოფილ სამკერვალო ფაბრიკაში განთავსდა მულტიფუნქციური კულტურულ-საზოგადოებრივი ცენტრი „ფაბრიკა“). მე-17, მე-19 და მე-20 საუკუნეების განსხვავებული არქიტექტურის ერთიან ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში თავსებადი მრავლფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციით წარმოჩენა არა მხოლოდ დუშეთისთვის, არამედ საქართველოსთვის ინოვაციური და და უნიკალური პრეცენდენტი იქნება, რაციონალურად გაიაზრებს რა წარსულს გრძელვადიანი სამომავლო საჭიროებებისათვის. აღნიშნული ეყრდნობა როგორც მოქალაქეთა ფართო ჯგუფის, ასევე სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციებს და საერთაშორისო, მათ შორის ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. აღნიშნული შეთავაზება ითვალისწინებს დუშეთის კულტურული ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებებსა და საჭიროებებს და
დემოკრატიული მიდგომითა და ადგილობრივი თემის ჩართულობით მუნიციპალური რესურსის განვითარებას გულისხმობს, ჭილაშვილების სასახლეში დაგეგმილი მუზეუმის მხარდამხარ მასთან სრულად ჰარმონიზებული ფუნქციით.
აღნიშნული შენობის მრავალფუნქციური დატვირთვის შესაძლებლობის პერსპექტივა ასევე განხილულ და მოწონებულ იქნა ექსპერტების მიერ დუშეთის განვითარების საბაზო გეგმაში ასახულ სხვა 4 ქმედებასთან ერთად ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები“ (COMUS), ხოლო ქალაქის ურბანული განვითარების აღნიშნული გეგმა 2017 წელს დაამტკიცა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
ჩვენ, ამ განცხადებაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ, რომ მუნიციპალიტეტის თვითმმარველობას და ადგილობრივ თემს მიეცეს აღნიშნული კომპლექსის შენარჩუნება-რეაბილიტაცია-ადაპტაციის შესაძლებლობა და ამ გზით ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
ასევე ვითხოვთ, აღნიშნულ საკითხზე ქალაქ დუშეთში საჯარო განხილვის მოწყობას, სადაც წარმოდგენილ იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ შემუშავებული და მუნიციპალური გავითარების ფონდის მიერ მხარდაჭერილი ჭილაშვილების სასახლის რეაბილიტაციის ე.წ. კონცეფცია და შესაბამისი დამამტკიცებელი არგუმენტაცია მანქანა-ტრაქტორთა სადგურის (მტს) დანგრევის საჭიროების შესახებ.