დასრულებული
ადრესატი:
- საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო
საზოგადოებას დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია!
მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი შეიძინა, იგი მოწოდებულია დაიცვას უნივერსალური პრინციპები: დამოუკიდებლობა, მრავალფეროვნება, თვითმყოფადობა. ეს პრინციპები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების ინტერესს და მაუწყებლის რეიტინგს. საზოგადოებრივი მაუწყებლი ანგარიშვალდებულია ფართო საზოგადოების წინაშე.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეიტინგი მკვეთრად დაეცა და არის საშიშროება, რომ იგი საერთოდ დაკარგავს მაყურებელს (ბოლო მონაცემებით, სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში იგი მე-18 ადგილზეა).
აჭარის ტელევიზია და რადიო ვერ ასრულებს პროგრამულ პრიორიტეტებს, მათ შორის დოკუმენტური კინოს მიმართულებით. დოკუმენტური ფილმების წარმოების ტრადიციას აჭარაში ჯერ კიდევ გასული საუკუნეში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ ეს ტრადიცია არ შეწყვეტილა, ხოლო, დღიდან მაუწყებლის დაარსებისა, დოკუმენტური ფილმები ავტორისეული ხედვით, მხატვრული ღირსებით და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. სამწუხაროდ აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ხისტი, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და 2017 წელს გააუქმა დოკუმენტური კინოს მიმართულება. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა საზოგადოების წევრთა მრავალრიცხოვანი მოთხოვნები (პეტიცია), ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეების, ასევე, საქართველოს კინოაკადემის წერილობითი მიმართვები და უარი განაცხადა დოკუმენტური კინომიმართულების აღდგენაზე. მას შემდეგ განსაკუთრებით შეინიშნება ისეთი ფილმების ნაკლებობა, სადაც მაღალმთიანი აჭარის (ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის) ისტორიული წარსული, თვითმყოფადობა და სოციალური რეალიები მხატვრული განზოგადებით აისახება. მითუმეტეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით მოეთხოვება კინო-ქრონიკალური მასალით მდიდარი საარქივო ფონდის შექმნა.
ამას თან დაერთო საკორესპოდენციო პუნქტის (ბიუროს) გაუქმება შუახევის მუნიციპალიტეტში. სამწუხაროდ, აჭარის მაუწყებელი ვერ ახდენს აჭარის მაღალმთიანი მოსახლეობის პრობლემათა სიღრმისეულ შესწავლა-ანალიზს, ტელევიზიას არ აქვს შემუშავებული პრობლემათა გადაჭრის სტრატეგია და მათი მოგვარების მეთოდი, ხოლო, ფსევდოპრობლემებსა და ფსევდოღირებულებებზე ორიენტირებული გადაცემები ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის რეალურ მოთხოვნებს, არ გამოხატავს საზოგადოების დიდი ნაწილის შეხედულებებს, მოსაზრებებსა და მისწრაფებებს.
აჭარის ტელევიზია არ ასრულებს პროგრამულ პრიორიტეტებს, მათ შორის - საბავშვო პროგრამებთან დაკავშირებით, რასაც უდიდესი სოციალური მნიშვნელობა აქვს და უაღრესად მოთხოვნადია. ამ მხრივ აჭარის მაუწყებელი უთანაბრდება კერძო არხებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უარს აცხადებენ საბავშვო გადაცემებზე კომერციული მოსაზრებების გამო. ამის შედეგია, რომ საბავშვო და ხანდაზმულთა ასაკის ადამიანები სრულიად მარგინალიზებულ „სეგმენტს“ წარმოადგენენ სატელევიზიო სივრცეში. უკვე სახეზეა, რომ ახალგაზრდა თაობას ეზღუდება უფროს (უხუცესი ასაკის) თაობასთან დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აშკარად ახდენს საზოგადოების იმ ნაწილის უფლებებისა და ინტერესების იგნორირებას, რომელსაც უფროსი თაობის, უხუცესი და ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ. ამით იგი არღვევს საზოგადოებრივი ტელევიზიის უმთავრეს დებულებებას: „მაუწყებლობამ ასახოს საზოგადოებაში არსებული მოსაზრებათა პლურალიზმი; უზრუნველყოს სხვადასხვა პროგრამებს შორის საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვერ აკმაყოფილებს ასაკობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეულ, ინტერესთა ფართო სპექტრის მქონე საზოგადოების მოთხოვნებს. მაუწყებელი არ წარმოადგენს საზოგადოების თითოეული წევრისთვის ხელმისაწვდომ, სიტყვის თავისუფლების გამოხატვის ტრიბუნას.
აჭარის ტელევიზიამ დაკარგა აღმზრდელობითი და შემეცნებით-საგანმანათლებო ფუნქცია, იგი არ ემსახურება ეროვნულ ტრადიციებზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ოჯახურ ფასეულობებზე დაფუძნებულ, მაღალხარისხოვანი აუდიო-ვიზუალური პროდუქციის შექმნას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია საგრძნობლად დაშორდა იმ მომხმარებლის მისწრაფებებს, რომელიც თავად უნდა წარმოადგენდეს ტელეპროდუქტის მთავარ შემკვეთს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასახავს საზოგადოების განწყობებსა და ინტერესებს, არადა იგი მუდმივ აქტიურ დიალოგში უნდა იყოს საზოგადოებასთან.
მაუწყებლობის ირგვლივ განვითარებულმა უკანასკნელმა მოვლენებმა კი კიდევ ერთი საგანგაშო სიმპტომი წარმოაჩინა - აჭარის ტელევიზია ცდილობს მის წიაღში შექმნილ პრობლემათა დაფარვას და კარგავს მოვლენათა ობიექტური, მიუკერძოებული და სამართლიანი შეფასების უნარს. იგი აშკარად მოექცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ ორგანიზაციების ინტერესთა სფეროში და მათ ზეგავლენას განიცდის. აღნიშნული პროცესი კიდევ ერთ საფრთხეს ქმნის - საზოგადოებრივი აზრის იგნორირებისა, რაც საზოგადოების დაქსაქსვისა და გათიშულობის საწინდარია.
აჭარის ტელევიზიამ კონტაქტი დაკარგა მაყურებელთან, მას აღარ შესწევს საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი, არ ემსახურება სოციალური და საზოგადოებრივი გაერთიანების იდეას.
აჭარის ტელევიზიის სლოგანი: „ვმუშაობთ საზოგადოებისთვის!“ მხოლოდ ფორმალურ და დეკლარირებულ ფრაზად რჩება.
ყოველივე ამის შედეგია აჭარის ტელევიზიის უკიდურესად დაბალი რეიტინგული მაჩვენებელი და მის მიმართ მაყურებლის უნდობლობა.
მოვითხოვთ:
- აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობამ დაუყონებლივ შეასრულოს მასზე დაკისრებული პროგრამული პრიორიტეტები!
- მაუწყებელმა დაუყონებლივ აღადგინოს მაყურებლისადმი ნდობა და პრესტიჟი!
მაუწყებელი გათავისუფლდეს პოლიტიკური, პარტიული და იდეოლოგიური ზეგავლენებისგან!
- საზოგადოებას დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია!