საჭიროა 4377 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
- სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
- სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო
საცურაო აუზი სენაკის მუნიციპალიტეტს
სენაკში მწვავედ დგას საცურაო აუზის აუცილებლობა.
სენაკელი საზოგადოება აქტიურად ითხოვს სენაკში საცურაო კომპლექსის მშენებლობას.
დღევანდელი მდგომარეობით სენაკში მცხოვრები მოქალაქეები იძულებულნი არიან ისარგებლონ სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული საცურაო კომპლექსებით, რომელიც სენაკიდან საკმაოდ შორ მანძილზეა. შორ დისტანციაზე კვირაში რამდენიმეჯერ მგზავრობა კი სხვადასხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული.
თანამედროვე სტანდარტების საცურაო კომპლექსის მშენებლობა სენაკში ხელს შეუწყობს ადგილზე ყველა ასაკის მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას. ის ასევე გახდება შემოსავლის წყარო კომპლექსში დასაქმებული ადამიანებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საცურაო კომპლექსში არსებული სხვადასხვა სპორტული სექციებიდან (ცურვა, ფიტნესი, წყალბურთი და სხვ.) შემოსული თანხა სრულიად საკმარისი იქნება მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დანახარჯების დასაფარად. სენაკის საცურაო კომპლექსის მართვა-გამგეობა უზრუნველყოფილი იქნება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სასპორტო გაერთიანების მიერ.
ნიშანდობლივია, რომ ქალაქ სენაკს გეოგრაფიულად მოხერხებული მდებარეობა უჭირავს, რაც შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული კომპლექსით ისარგებლონ არამარტო სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ, არამედ ჩხოროწყუს, მარტვილის, ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამაც.
საცურაო კომპლექსისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა-გამოყოფაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო იზრუინებს, თუმცა აქვე საგულისხმოა - გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს, სენაკის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სტანდარტული 25 მეტრიანი საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო, რომლის დასრულებასაც 90-იან წლებში განვითარებულმა პროცესებმა შეუშალა ხელი. მოგვიანებით, 2008 წელს სენაკის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ დაიგეგმა საცურაო აუზის მშენებლობა, მაგრამ ამჯერად მის განხორციელებას ხელი რუსულმა ოკუპაციამ შეუშალა.
სენაკის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია (ჭავჭავაძის ქ. #156) სრულიად აკმაყოფილებს კომპლექსის მშენებლობისთვის აუცილებელ გარემო პირობებს. აღნიშნულ ტერიტორია თავიდანვე მოიაზრებოდა კომპლექსური სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობ სივრცედ. მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის სივრცის მომავალი ათვისებისთვის.