საჭიროა 66 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
ვითხოვთ ტრანსპორტის დანიშვნას ან აღდგენას ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლები
პეტიცია
(ტრანსპორტის დანიშვნის და უკვე არსებული ხაზების მოწესრიგების თაობაზე)
მოგმართავთ ისანი-სამგორის რაიონში, ყოფილი 31-ე ქარხნის დასახლების და ამავე რაიონში, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქუჩის _ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობის სახელით, ამავე უბანში ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით შექმნილი ურთულესი მდგომარეობის გამო: ამჟამად, ჩვენს დასახლებაში მოძრაობს ორი ავტობუსი, მარშრუტი N 301 და N 72 და შემორჩა ყვითელი მიკროავტობუსების მხოლოდ ორი სამარშრუტო ხაზი: N 105 და N 199. ავტობუსი N301 (მისი მარშრუტი თქვენთვის ცნობილია), გადაადგილდება საშუალოდ 15-20 წუთში ერთხელ და ამ ხაზის მარშრუტიც სავსებით მისაღებია ჩვენთვის, თუმცა, თბილისის ცენტრალური უბნების მიმართულებით ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ხაზიდან მხოლოდ ეს ავტობუსი მოძრაობს.
შესაბამისად, დილით და განსაკუთრებით საღამოს, 18:30-20:30 საათებში, ამ ავტობუსით სარგებლობა ფაქტიურად შეუძლებელია, ან თუ გაგიმართლა და ტრანსპორტში შეაღწიე, მგზავრობ გაუსაძლის პირობებში, კოვიდ-19-ითა და სხვა ვირუსებით დაინფიცირების საფრთხეზე რომ არაფერი ვთქვათ.
რაც შეეხება დანარჩენს სამ სამარშრუტო ხაზს, ისინი მხოლოდ მ/ს ისნამდე, მ/ს სამგორსა და ვარკეთილამდე არსებულ მოკლე მანძილებს ფარავს. ამასთან, N72 და N199 მოძრაობს საკმაოდ დიდი ინტერვალებით. N72 ავტობუსის მოსვლამდე, ტაბლოზე ხშირად ჩანს ლოდინის დრო 45 წუთი, N199- ის ლოდინიც, ხშირად, ერთ საათამდე დროით გვიწევს.
1 ტრანპორტის დეფიციტს და ამ რთულ ვითარებას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის ფაქტი, რომ ჩვენი დასახლებიდან არ არსებობს მიკროავტობუსების არცერთი სამარშრუტო ხაზი, რომელიც თბილისის ცენტრალური უბნების მიმართულებით მოძრაობს. აქამდე, დაახლოებით 20 წელი და მეტიც, მსგავს ხაზებზე მოძრაობდა მიკროავტობუსები N120 და N10 . პანდემიის გამოვლენიდან და შეზღუდვების შემოღებიდან მალევე, ჯერ N10 მიკროავტობუსი გაქრა მგზავრთა თვალთახედვიდან, ხოლო მოგვიანებით, N120. ამ უკანასკნელ ხაზზე, როგორც ვვარაუდობთ, სიმბოლურად მხოლოდ ერთი მიკროავტობუსიღა მოძრაობს.
2021 წლის სექტემბრიდან ქალაქში მრავლად გამოჩნდა ლურჯი მიკროავტობუსები, რომელთა მიერ ძველი, ყვითელი სამარშროტო ტაქსების ჩანაცვლება ხელისუფლების მიერ დიდი ხნის განმავლობაში ანონსდებოდა. თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამჟამად, აღნიშნული მიკროავტობუსები მოძრაობს 73 სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე (წყარო: https://tbilisi.gov.ge/page/3298), თუმცა არცერთი მათგანი ჩვენს დასახლებაში არ დანიშნულა. ვერავითარ დამაიმედებელ ინფორმაციას ვერ გვაწვდის ვერც თბილისის მერიის ცხელი ხაზი და ადგილობრივი გამგეობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N52-1 დადგენილებით, 2020 წლიდან დაფუძნდა და ფუნქციონირებს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო (შემდგომში _სააგენტო). ამავე დადგენილებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში შედის: გ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება და განხორციელება; დ)ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსებისათვის მოძრაობის მარშრუტების შემუშავება თბილისის მთავრობისთვის წარდგენის მიზნით, დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა; ი)ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების მოძრაობის პერიოდულად შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; ო)სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ერთიანი მოძრაობის სამარშრუტო ქსელში არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა;.. და ა.შ. დღემდე, ჩვენი უბნის მოსახლეობა მსგავსი შინაარსის განცხადების წარმოდგენის აუცილებლობის წინაშე არ დამდგარა. ხელისუფლება მეტნაკლებად უზრუნველგვყოფდა ტრანსპორტით იმგვარად, რომ ნორმალური გადაადგილება შეგვძლებოდა ქალაქის მასშტაბით. 2020 წლის გაზაფხულიდან, ცნობილი მოვლენების გამო, ეს პარალიზება დროებითი მოვლენა გვეგონა და
2. ველოდით ხელისუფლების მხრიდან ქმედით ნაბიჯებს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებლად რჩება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოებები და უზრუველყოთ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის გავლით ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს და/ან დიდუბე-ჩუღურეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების დამატება, ან ძველი მარშრუტების აღდგენა.
პეტიციას ხელს აწერენ ადგილობრივი მაცხოვრებლები,
პეტიცია შედგენილია ადგილობრივი მაცხოვრებლების საინიციატივო ჯგუფის მიერ