საჭიროა 4882 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდნენ
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, წინამდებარე პეტიციაზე ხელმოწერით, გამოვხატავთ მხარდაჭერას და სრულად ვიზიარებთ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო მიღების საჭიროებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდნენ.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, 82-ე მუხლის მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) ქვეპუნქტი, შემდეგი რედაქციით:
„დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში, არ აღემატება - 6000 ლარს.
კანონპროექტის მიღების მთავარი მიზეზია ქვეყანაში სტუდენტებისთვის შეღავათიანი ფინანსური გარემოს შექმნა არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე. აგრეთვე, დაუსაქმებელ სტუდენტთა დამატებითი წახალისება დაუბეგრავი ხელფასის მიღების სახით. კანონპროექტის მიღების მიზეზს, ასევე წარმოადგენს, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გაზიარებით, ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა და მასთან ჰარმონიზაცია.
ორგანიზაციამ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება 2018 წლის 28 მარტს საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა.
პეტიციაზე ხელმომწერები, ვთანხმდებით, რომ საქართველოში არსებული სოციალური ფონის, სტუდენტების მიმართ შრომის ბაზარზე არსებული მინიმალური ანაზღაურებისა და დასახელებული მიმართულებით არსებული რიგი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა ცალსახად მხარი უნდა დაუჭიროს „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და შეთავაზებული ცვლილება ასახოს კანონმდებლობაში.