
საჭიროა 4999 ხელმოწერა
ადრესატი:
- თელავის მერია
მიუსაფარი ძაღლები
პეტიცია
თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და თელავის საზოგადოებას
თემა: მიუსაფარი ძაღლების პრობლემის ჰუმანური და სისტემური მოგვარება
მოგესალმებით,
ჩვენ, თელავის ახალგაზრდა მოქალაქეები, გავერთიანდით საერთო მიზნის გარშემო — ჩვენს ქალაქში წლების განმავლობაში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს, რომელსაც ჰუმანური გადაწყვეტა სჭირდება.
თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა შეხება ამ გამოწვევასთან — ეს იყო ფიზიკური და ემოციური ტრავმები, ზოგჯერ უბრალოდ უსუსურობის განცდა, ბევრი შიშისგან შორი გზით მიდის სახლამდე. ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ იმას, თუ როგორ იტანჯებიან ეს არსებები ქუჩაში — განურჩევლად სიცხისა თუ ყინვისა, როგორ შიმშილობენ, როგორ ხდებიან აგრესიულები და საშიშები. ეს უკვე არა მხოლოდ ურბანული, არამედ მორალური საკითხია, რომელიც ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ზრდას მოითხოვს.
თელავის მოსახლეობაში ჩატარებული მცირე მასშტაბის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, გამოკითხული 47 მოქალაქიდან:
- 25%-ს უკბინა ქუჩის ძაღლმა
- 57%-ს გამოეკიდა
- 45% ამბობს, რომ მათ ძაღლების აშკარად ეშინიათ
ეს მონაცემები ნათლად მიუთითებს პრობლემის მასშტაბზე და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიუსაფარი ძაღლები — გარდა იმისა, რომ თავადაც მძიმე პირობებში ცხოვრობენ — ზოგჯერ სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადამიანთა ფიზიკურ და ფსიქოემოციურ უსაფრთხოებას.
ამ პრობლემიდა არსებობს მხოლოდ ერთი, მორალურად სწორი გამოსავალი. ჩვენი მიზანია შევქმნათ სანდო და გამართული ძაღლთა თავშესაფარი თელავში, სადაც ოთხფეხა მეგობრები მიიღებენ პირველადი დახმარებას, სტერილიზაციას, კვებას და, რაც მთავარია, ღირსეულ არსებობას, სანამ მათ თავიანთი სახლი მიეჩინებათ.
ამ პროექტისთვის საჭიროა შემდეგი მინიმალური რესურსი:
- თავშესაფრის აშენება და ინფრასტრუქტურის მოწყობა (საგანგებო სადგომები, ღობის სისტემები, დრენაჟი, საკვები სივრცეები) – დაახლოებით 150,000 ლარი
- სტერილიზაციისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყება (1-წლიან ჭრილში) – 30,000 ლარი
- მოვლის პერსონალის ხელფასი, საკვები და ძირითადი ვეტერინარული ხარჯები პირველ ეტაპზე – 50,000 ლარი
სულ საჭირო ბიუჯეტი: დაახლოებით 230,000 ლარი
ეს არ არის ინვესტიცია მხოლოდ ძაღლებში. ეს არის ინვესტიცია საზოგადოებრივ სიმშვიდეში, უსაფრთხოებაში, ჩვენს ბავშვებში, ჩვენს ქუჩებში და ჩვენს ღირებულებებში.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ თელავის თითოეულ მოქალაქეს — აიღოს პასუხისმგებლობის ნაწილი თავის თავზე, და დატოვოს თავისი ხელმოწერა ამ პეტიციაზე. პრობლემა საერთო გვაქვს და ერთად უნდა გადავჭრათ. მოგიწოდებთ, გაავრცელოთ ეს პეტიცია, ჩაერთოთ მოხალისეობრივ აქტივობებში და საზოგადოებრივ დისკუსიაში.
მივმართავთ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას — დაგვიდექით გვერდით.
მოგვეცით საშუალება, რომ გადავჭრათ ეს პრობლემა ჰუმანურად და ეფქტურად. ვთხოვთ მერიას, გამოყოს ფინანსები და ტერიტორია ამ პროექტისთვის. ჩვენ ერთად შეგვიძლია ჩვენი ქალაქი მთელი ქვეყნისთვის მაგალითად ვაქციოთ.
პატივისცემით,
პეტიციის ინიციატორი ჯგუფი — თელავის ახალგაზრდული მოძრაობა მიუსაფარი ძაღლებისთვის „ბედნიერი კუდები და დაუკბენელი ფეხები.“მი