საკონტაქტო ინფორმაცია
ისტორიული სარკინიგზო ტექნიკის გადარჩენა

საჭიროა 4715 ხელმოწერა

285
5000
ადრესატი:
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს რკინიგზა
  • ჯიარ ქონების მართვა
  • საპარტნიორო ფონდი

ისტორიული სარკინიგზო ტექნიკის გადარჩენა

პეტიციის მიზანია, შევინარჩუნოთ საქართველოს რკინიგზის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი სარკინიგზო ტექნიკის უკანასკნელი ეგზემპლარები, რომლებიც  რამდენიმე დღის წინ ჯართის სახით გასხვისდა და განადგურების რისკის ქვეშ იმყოფება.

2022 წლის 7 ივნისს დასრულდა აუქციონი (https://www.eauction.ge/Home/EntityView/791803), რომელზეც საქართველოს რკინიგზამ გაყიდა ექსპლუატაციიდან გასული მოძრავი შემადგენლობის 1609 ერთეული: ვაგონები და ლოკომოტივები. ამ ტექნიკის აბსოლუტური ნაწილი უკვე ჯართად იყო ქცეული, იკავებდა რკინიგზის ტერიტორიას და აბინძურებდა გარემოს. შესაბამისად, აუქციონის წარმატებით დასრულება ნამდვილად მისასალმებელია, რადგან რკინიგზა გაიწმინდება წლობით უსაქმოდ მდგომი ჯართისგან და ამით შემოსავალსაც მიიღებს.

სამწუხაროდ, გასხვისებულ ერთულებს შორის, მოხვდა სამი ეგზემპლარი, რომლებიც უკვე ისტორიული რარიტეტებია და დასანანი იქნება, თუ ეს ეგზემპლარები ჯართად დაიჭრება. ეს სამი ეგზემპლარია:

  1. ВЛ22м სერიის ელმავალი საბორტე ნომრით 1483 ქუთაისის სალოკომოტივო დეპოდან, გამოშვების წელი 1956. (# 1032 გასაყიდი ქონების ნუსხაში).
  2. ВЛ8 სერიის ელმავალი საბორტე ნომრით 1177 სამტრედიის სალოკომოტივო დეპოდან, გამოშვების წელი 1966. (# 932 გასაყიდი ქონების ნუსხაში).
  3. Ср3 სერიის ელექტროსექციის ვაგონი, საბორტე ნომრით 1510 თბილისის სამგზავრო სავაგონო დეპოდან, რომელიც ადრე სურამი-ხაშურის მონაკვეთზე მოძრაობდა (# 1031 გასაყიდი ქონების ნუსხაში). დეტალურად, თითოეული ამ სერიიის ისტორიული ღირებულების შესახებ, იხილეთ დანართი ტექსტის ბოლოს.

რატომ უნდა შევინარჩუნოთ ეს ეგზემპლარები?

სარკინიგზო ექსპონატებიც ისტორიული მატერიალური ძეგლებია. სხვა მატერიალურ ძეგლებთან ერთად, ისინი გვიქმნიან წარმოდგენას საკუთარი ეპოქის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და დიზაინის განვითარებაზე. შეუძლებელია, შევისწავლოთ რკინიგზის ისტორია თავად სარკინიგზო ტექნიკის ნიმუშების შენარჩუნების გარეშე.

მოგეხსენებათ, მრავალ ქვეყანაში დაცულია ისტორიული, რარიტეტული სარკინიგზო ტექნიკა. მაგალითად, აშშ-ში არის 80-მდე, ხოლო ევროპის ქვეყნებში ჯამურად, 600-ზე მეტი მუზეუმი. ისტორიული სარკინიგზო ტექნიკა დაცულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, მათ შორის, მაღალ დონეზე რესტავრირებული სამუზეუმო სარკინიგზო ექსპოზიციები აქვთ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანისა და სომხეთის რკინიგზებს.

საქართველოში ისტორიული სარკინიგზო ტექნიკა სულ რამდენიმე, ნაწილობრივ გაძარცვული ექსპონატით არის წარმოდგენილი. უკვე სამუდამოდ დაიკარგა სურამის უღელტეხილისთვის სპეციალურად კონსტრუირებული „ფერლის“ სერიის უნიკალური ორთქლმავლები, რომელთა მხოლოდ ფოტოები შემორჩა. „ფერლისთან“ ერთად, ჯართად დაიჭრა აბსულუტურად ყველა ფართოლიანდაგიანი მაგისტრალური ორთქლმავალი საქართველოში.  დაიჭრა ისეთი საინტერესო ექსპონატები, როგორიც იყო Д სერიის დიზელ-მატარებლები და Эр1 სერიის ელექტრომატარებლები, ჯართში ჩაბარდა დღეს უკვე იშვიათი თბომავლები ЧМЭ2 და ТЭ3, МК-6 სერიის ამწე და ისტორიული ღირებულების მრავალი სხვა სარკინიგზო ტექნიკის ნიმუში. დღეს ვემშვიდობებით საქართველოს რკინიგზის ისტორიისთვის ისეთ მნიშვნელოვან ტექნიკის ბოლო ერთეულებს, როგორიცაა ВЛ22м, ВЛ8 და Ср3.

დარწმუნებული ვართ, სანამ მყიდველს ჯერ კიდევ არ დაუწყია შეძენილი ქონების ჯართად დაჭრის პროცესი, გაყიდული ქონების ნუსხიდან ამ სამი ეგზემპლარის ამოღება და მათი ღირებულების გამოქვითვა მყიდველისთვის, რკინიგზისთვის და სახელმწიფოსთვის არ წარმოადგენს დანაკლისს და სურვილის შემთხვევაში, ამაზე შეთანხმება მყიდველთან შესაძლებელი იქნება. ამით შევინარჩუნებთ საქართველოს სარკინიგზო ისტორიის ისედაც უკვე ძალიან მწირ სამუზეუმო ფონდს, რომლის ანაზღაურება დაკარგვის შემთხვევაში, უბრალოდ, შეუძლებელია. საქართველოში რკინიგზის ისტორიის დაცვის საკითხს აქტუალობას მატებს ისიც, რომ 2022 წლის 10 ოქტომბერს რკინიგზა აღნიშნავს თბილისი-ფოთის მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლის გახსნიდან 150 წლის იუბილეს. ამ საიუბილეო თარიღისთვის განსაკუთრებულად დროული იქნებოდა საქართველოს რკინიგზის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის ჩატარებული ღონისძიებები.

 

დანართი: რატომ წარმოადგენს ВЛ22м, ВЛ8 და Ср3 სერიები ისტორიულ ღირებულებას საქართველოს რკინიგზისთვის.

ВЛ22м სერიის ელმავლები წარმოადგენენ სპეციალურად სურამის უღელტეხილისთვის კონსტრუირებული ამერიკული და იტალიური C სერიის ელმავლების ევოლუციის ბოლო ეტაპს. სურამის უღელტეხილი პირველი მაგისტრალური მონაკვეთი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, სადაც ელმავლების ექსპლუატაცია დაიწყო (1932 წელს). სპეციალურად ამ მონაკვეთისთვის საბჭოთა კავშირმა შეიძინა ამერიკული და იტალიური ელმავლები, რომელთა კონსტრუქციის მიხედვით შექმნა საკუთარი სერიები Cc, ВЛ19, ВЛ22 და ბოლოს ВЛ22м. აქედან ВЛ22м იყო ბოლო ლოკომოტივი, რომელიც ჯერ კიდევ ატარებდა სურამის პირველი ელმავლების კონსტრუქციის ზეგავლენას. ამ სერიის ელმავლები გამოდიოდნენ 1946-1958 წლებში და 1960-იანი წლების ბოლომდე წარმოადგენდნენ ძირითად ლოკომოტივს საქართველოს რკინიგზისთვის. 1960-იანი წლებიდან დაიწყო მათი მასიური ჩამოწერა და ჩანაცვლება ჯერ ВЛ8, შემდეგ კი ВЛ10 და ВЛ11 სერიის ელმავლებით. 1990-იანებისთვის ВЛ22м სერიის ელმავლები რამდენიმე ერთეულიღა დარჩა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ მხრივ, ქუთაისი-ტყიბულის მონაკვეთი იყო უნიკალური გამონაკლისი, სადაც მცირერადიუსიანი მრუდების გამო, ეს ელმავლები ბოლო წლებამდე შენარჩუნდა ექსპლუატაციაში. უკანასკნელი 4 ლოკომოტივი მიწერილია ქუთაისის დეპოზე, მათ შორის საუკეთესო, სამუზეუმო მდგომარეობაშია ეგზემპლარი საბორტე ნომრით 1483. ოთხივე ლოკომოტივი აუქციონზე გაიყიდა და მათ ჯართად დაჭრა ემუქრებათ.

ВЛ8 სერიის ელმავალი იყო პირველი ორსექციური ელმავალი საბჭოთა, მათ შორის, საქართველოს რკინიგზაზე. ასევე, ეს იყო ელმავალი, რომლის გამოშვებითაც 1957 წელს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის ისტორია დაიწყო. სწორედ ВЛ8 სერიის ელმავლებმა დაიწყეს ВЛ22м სერიის ჩანაცვლება საქართველოს რკინიგზაზე და 1960-1970-იან წლებში წარმოადგენდნენ საქართველოს რკინიგზის ძირითად ლოკომოტივს. მათი ექპლუატაციიდან მასიურად ამოღება 1980-იან წლებში დაიწყო. საქართველოს რკინიგზის მფლობელობაში მყოფი უკანასკნელი 16 ეგზემპლარი ჯართად გაიყიდა ბოლო აუქციონზე, მათ შორის, საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარი საბორტე ნომრით 1177.

Ср3 სერიის ელექტრომატარებლები: სანამ უმეტესობისთვის ნაცნობი Эр1 და Эр2 სერიის ელექტრომატარებლები (ე.წ. „ელექტრიჩკები“) გამოვიდოდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ელექტრიფიცირებულ მაგისტრალებზე, და მათ შორის, საქართველოში, მოძრაობდნენ კვადრატული ფორმების მქონე Сд, См, Ср და Ср3 სერიის ელექტრომატარებლები. 1970-იან წლებამდე სწორედ ეს ელექტრომატარებლები წარმოადგენდნენ საქართველოს რკინიგზის საგარეუბნო მოძრაობის ძირითად საშუალებებს. მათ გარეშე შეუძლებელი იყო ჩვენი რკინიგზის ნებისმიერი სადგურის წარმოდგენა. მასიურად ამ სერიის ელექტრომატარებლების ჩამოწერა 1970-იან წლებში დაიწყო. 2000-იანებში ჯერ კიდევ დადიოდა Ср3 სერიის ბოლო ელექტრომატარებელი ხაშური-სურამის მონაკვეთზე, რომელსაც ადგილობრივები „ლურჯას“ ეძახდნენ. თავიდან ეს ელექტროსექცია სამი ვაგონისგან შედგებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ორი ვაგონი ჩამოიწერა და მხოლოდ ერთი - 1510 ნომერი დარჩა. 2010-იან წლებში ამ ვაგონის მოძრაობაც შეწყდა და ის თბილისში შესანახად გადმოიტანეს. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო აუქციონზე ისიც ჯართად გამოტანილი ტექნიკის სიაში აღმოჩნდა.


,,ურბანული ლაბორატორიის“ მიზანია არსებული ურბანული პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი ალტერნატივების მოძიება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში საზოგადოების მეტი ჩართულობის წახალისება.

ვრცლად