საჭიროა 429 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
შეიზღუდოს აზარტული თამაშების რეკლამირება
მივმართავთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვის რეგულირების მოთხოვნით.
რატომ?
აზარტული თამაშების რეკლამები ამ სფეროს გართობის, წარმატების მოპოვებისა და ფულის შოვნის საშუალებად წარმოაჩენს მაშინ, როცა აზარტული თამაშების გამო ჩვენ ირგვლივ უამრავ ადამიანს ცხოვრება ენგრევა.
აზარტული თამაშების რეკლამას შეუზღუდავად შეხვდებით: ბილბორდებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საკუთარ მობილურში, ინტერნეტში, ტელევიზიაში, რადიოში და ა.შ. ყველგან, სადაც კი ადამიანს და მათ შორის არასრულწლოვანებს თვალი მიუწვდებათ. მაგალითად, სატელევიზიო სივრცეში აზარტული თამაშების რეკლამები გადის ე.წ საბავშვო დროსაც, როდესაც წესით ტელესამაუწყებლო ბადე თავისუფალი უნდა იყოს ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციისგან („მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ 12.03.09).
რატომ არის აზარტული თამაშების რეკლამირება საფრთხის მომტანი?
აზარტულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება. აზარტულ თამაშებზე ადამიანები შეიძლება ისეთივე დამოკიდებულნი გახდნენ, როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე (The University of Sydney). ამასთან, ავსტრალიაში ჩატარებული კვლევების მიხედვით პრობლემური მოთამაშე საკუთარი თავის გარდა მინიმუმ 5 ადამიანს აყენებს ზიანს (Rogers 2013, 47). მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში არსებობს მითი იმის შესახებ, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ნაკლებ პრობლემურია. მსგავსი მცდარი შეხედულება თამაშდამოკიდებულების შესახებ იმის გამო არსებობს, რომ მას ფიზიკური გამოვლინებები არ აქვს (Walker 1992).
უფრო მეტიც, აზარტული თამაშების შემთხვევაში მისმა ხშირმა რეკლამირებამ მოახერხა ის, რომ საზოგადოებაში აზარტული თამაშები მისაღებ, უსაფრთხო და გართობის ნორმალურ საშუალებად მიიჩნევა (Moore & Ohtsuka, 1999).
რა თქმა უნდა, ყველა, ვინც თამაშობს აზარტულ თამაშებს, მასზე დამოკიდებულად ვერ ჩაითვლება, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ვინც ალკოჰოლს მოიხმარს, არ არის მასზე დამოკიდებული. მაგრამ ამის მიუხედავად, „საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ“ ზღუდავს ალკოჰოლის და თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებას სწორედ იმის გამო, რომ მათი მოხმარება მავნებელია. იმ შემთხვევებში კი, როდესაც კანონი უშვებს ამ პროდუქტების რაიმე ფორმით რეკლამირებას მიეთითება, რომ პროდუქტი (ალკოჰოლი/თამბაქო) ზიანს აყენებს ადამიანს.
ვფიქრობთ რომ, აზარტული თამაშები მინიმუმ ისეთივე ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, როგორც ალკოჰოლი და თამბაქო. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, შეიზღუდოს მისი რეკლამირება სულ მცირე შემდეგი ფორმებით:
1. აზარტული თამაშების ყველა რეკლამას მიეთითოს, რომ აზარტულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება.
2. სატელევიზიო ბადეში აღნიშნული რეკლამები არ განთავსდეს ე.წ საბავშვო დროს.
3. ინტერნეტ გვერდებზე საბავშვო პროდუქციის დაწყებამდე (მაგ. ანიმაციები) აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამირება.
4. გაკონტროლდეს რომ აზარტული თამაშების შესახებ SMS რეკლამები არ ეგზავნებოდეს არასრულწლოვნებს.
5. აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამირება საგანმანათლებლო დაწესებულებების სიახლოვეს.
ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერნი მივმართავთ საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რათა განიხილონ რეკლამის შესახებ კანონში აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებების და დამატებების შეტანის საკითხი.