დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
გადავარჩინოთ ხევსურეთის ისტორიული სოფელი ამღა!
„პრემიერთან მაქ ერთი თხოვნაი, მინდა რომ გადასცეთ და გაიგან იმათ, რო აი, სახლებ ინგრევის და იქნება ხელ შეგვაშველან, დაგვეხმარან, თორემ დაინგრევის სოფელ. ეს სოფელი საზღვრის მცველ სოფელ არს. სოფელ რომ არ იქნების, ხალხ არ იქნების, სახლებ არ იქნების, შამავლენა და დაიკავებენ“, - პრემიერ-მინისტრთან ეს თხოვნა 77 წლის სანდუა წიკლაურმა გამოგვატანა. ის ერთადერთი ქალია, რომელიც სოფელ ამღას შემორჩა.
ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო.
ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. გვიანი შუა საუკუნეების ძეგლებიდან ერთ-ერთი საბეკურია, ხოგაის მინდის ნასახლარი. თქმულება ამბობს, რომ ვაჟა ფშაველას „გველისმჭამელს“ სწორედ ამღაში უცხოვრია.
არხოტი დანარჩენ საქართველოს სამანქანო გზით პირველად 2017 წელს დაუკავშირდა. მანამდე სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობამდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდიოდა.
უგზოობამ, უტელეფონობამ, უშუქობამ, უექიმობამ, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობამ სოფელი განადგურების პირას მიიყვანა.
იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი, ეს კი მთელი სოფელია.
ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას:
გადაუდებელი ღონისძიების სახით, დაიწყოს პირიქითა ხევსურეთის სოფლის - ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი, რაც სოფლის არქიტექტურული ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაციასთან ერთად, სათანადო ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც გაითვალისწინებს.
მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ: https://bit.ly/2LDKcDr