საჭიროა 973 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
დაუბრუნდეს დედაქალაქს მისი მეისტორიე გაზეთი ,,თბილისი''
მიმართვა ჩვენი დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს!
ქალაქს უხდება დღესასწაული, თბილისს უხდება შემოდგომის ჟამს საზეიმო განწყობა. თბილისს შვენის ნაირფერად მორთული და ტკბილხმოვანი ძველი უბანი, მაგრამ...
ამ ბოლოხანს მოზეიმე თბილისსა და თბილისელებს, მოლხენილ ერსა თუ ბერს დააკლდა მნიშვნელოვანი რამ - თავისი ჟამთააღმწერელი მეისტორიე...
თბილისს ჰყავს მერი, საკრებულო, საპატიო და ჩვეულებრივი მოქალაქენი, აქვს ჩინებული მხატვრის, ბურჯანაძისეული გერბი, დროშა, გასაღები; მას აქვს ჩინებული ლაღიძისეული ოდა, მაგრამ...
თბილისს უგალობდნენ პოეტები, მოგზაური კალმოსნებიც... ის ევროპა-აზიის გზის გასაყარზე წამომართული მშვენიერი და კოპწია ქალაქი ციხე-კოშკი გახლდათ, საუკუნეთა მანძილზე ღირსეულად რომ ატარებდა კავკასიის ცენტრის სახელს. მას შვენის დედაქალაქის სტატუსი, რადგანაც თავიდანვე იშვა - დედაქალაქად და... მას არა აქვს საკუთარი მეისტორიე გაზეთი - "თბილისი", რომელმაც უახლეს საუკუნეთა მიჯნაზე, ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნა აკადემიურობა და არ აჰყვა ყვითელი პრესის ცდუნებას. ამჟამინდელი ინფორმაციის ბუმის ეპოქაში, როცა ჩვენში ასე მომძლავრდა ელექტრონული მედიის ზღვარდაუდები ბოღმა და ღვარძლი, თბილისს არ გააჩნია საკუთარი ფარი - პირუთვნელი მეისტორიე. საზეიმო დღეებში ამ სიმძიმილმა, ამ დანაკლისმა განსაკუთრებულად იმძლავრა...
ყოფილმა ორმა მერმა "უთბილისოდ" დატოვა დედაქალაქი. ისინი ასეც შევლენ თბილისის ისტორიაში. იმედი მაქვს ამჟამინდელი მერი დაუბრუნებს სატახტო ქალაქს თავის ჟამთააღმწერელ გაზეთს, რომელსაც ამშვენებდა ამაყად მომავალი ფრთოსანი გონიოთი "ხელში", საქართველოს მთავარი ქალაქი აღმშენებელმა თაობამ შექმნა დედაქალაქად, მას ეტრფოდნენ და უგალობდნენ, იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, ის ფერფლიდან აღადგინეს...
ბატონო კახა! ნუ გაგვიცრუებთ იმედს! დაუბრუნეთ დედაქალაქს თავისი ჟამთააღმწერელი მეისტორიე გაზეთი "თბილისი". თქვენ ასეც შეხვალთ თბილისის ისტორიაში.
ნათელა არველაძე
თეატრმცოდნე, პროფესორი