საკონტაქტო ინფორმაცია
გადავარჩინოთ მედია კაფე

საჭიროა 316 ხელმოწერა

184
500
ადრესატი:
  • საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

გადავარჩინოთ მედია კაფე

ბატონო გიორგი,

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერები, მივიჩნევთ, რომ თელავის მედია კაფესთან იჯარის ხელშეკრულება დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს და არსებული სივრცე უნდა შეუნარჩუნდეს გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციას, რომელმაც მოახერხა და ქალაქ თელავის ცენტრში, ერეკლე მეორეს 4 ნომერში მდებარე ძველი შენობის ნახევარსარდაფში, სადაც დანგრეული, ჭუჭყიანი და გამოუყენებელი სივრცე იყო, 2012 წლის ნოემბრის დასაწყისში Media Cafe გახსნა.

ძველი შენობის თაღებიან დარბაზში განთავსებული Media Cafe მომხმარებელს წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, ტკბილეულსა და ყავას სთავაზობს, მისი სივრცე ეთმობა სადისკუსიო შეხვედრებს, სემინარებსა და კინო-ჩვენებებს, ამავე დროს, მედია კაფეში ინტეგრირებულია გაზეთის რედაქცია, სადაც კაფეში მისულ ადამიანებს შეუძლიათ ნახონ, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, ხოლო ჟურნალისტებს რესპონდენტებთან გასაუბრების საშუალება აქვთ.

მედია კაფე გახსნიდან დღემდე მასპინძლობს ცნობილ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, ეწყობა სხვადასხვა ავტორთან შეხვედრა, კინო ჩვენება თუ დისკუსია. მედია კაფემ გახსნის დღიდან დღემდე უმასპინძლა 500–ზე მეტ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, 4 საერთაშორისო მედია კონფერენციას (შვედეთის მედია ინსტიტუტის, Fojo, DW Academy, Polish foundation / Democratic Society East Foundation) ორგანიზაციებთან პარტნიორობით. მედია კაფეში 2014 წლიდან ფუნქციონირებს ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის „თელავის გენდერის მედიაცენტრი“, რაც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოებისინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების წარმართვას და მოქალაქეთა ჩართულობას.

Media Cafe - იდეის განხორციელებას ხელი შეუწყო მსოფლიო პრესის ასოციაციისა Wan Ifra და IREX (აირექს ევროპის) ერთობლივმა პროექტმა, რაც მედია ბიზნესის განვითარებისათვის ტრეინინგებსა და კონსულტაციებს გულისხმობდა. პროექტის იდეა ჩამოყალიბდა ბიზნეს გეგმად, რის შემდეგაც ორგანიზაციას ფინანსური მხარდაჭერა „ღია საზოგადოება საქართველომ“ და USAID - Irex G Media მედია ინვოვაციების პროგრამამ გაუწიეს.

Media Cafe-დან მიღებული შემოსავლები „კახეთის ხმის“ განვითარებას ხმარდება. შენობა ქალაქ თელავის მერიის საკუთრებაა. თელავის მერიასთან 2 წლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად თვითმმართველი ერთეული რედაქციას საშუალებას არ აძლევს, მუშაობა გააგრძელოს და ქალაქს კიდევ ერთი კულტურული და მნიშვნელოვანი სამოქალაქო კერა შეუნარჩუნდეს.

მერიის არგუმენტაციით, ამის მიზეზი შენობის პირველ სართულზე მდებარე სამხატვრო სკოლის ფართის სიმცირეა, და თითქოს და ფართი სკოლისთვის უნდა გამოიყენოს, რაც სიცრუეა, რადგან ხელშეკრულების მიხედვით, სკოლისთვის საგამოფენო ფართის სარგებლობის უფლება ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და ეს შესაძლებლობა აქამდეც არსებობდა. მივიჩნევთ, რომ ცდილობენ, თელავში კულტურული სივრცე მიზანმიმართულად გააუქმონ.

მერიის მხრიდან სხვადასხვა მიზეზის მიუხედავად დარწმუნებული ვართ, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ამ კულტურული ძეგლის - შენობის მთავარი დანიშნულება სწორედ საზოგადოების კულტურული სერვისების შექმნა და ფუნქციონირებაა, რაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს „მედია კაფე“ თავისი კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებით. სამწუხაროდ, საქმე გვაქვს „მედია კაფეს“ მუშაობის მიზანმიმართულ ხელშეშლასთანაც: ბოლო 4 თვეა მედია კაფე გაჩერებულია მერიის მხრიდან შენობის ზედა სართულზე მიმდინარე რემონტის გამო, რომელიც ბოლო 5 წელიწადში არაერთხელ ჩატარდა ფასადის მოწესრიგების მიზნით, თუმცა უშედეგოდ.

მივიჩნევთ, რომ „მედია კაფეს“ შენარჩუნება აღიშნულ სივრცეში ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და კულტურის განვითარებას, გააძლიერებს ადგილობრივ დემოკრატიას და მედიას გახდის კიდევ უფრო მდგრადსა და დამოუკიდებელს.