gallery images

გამარჯვებული

1563
1500

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მეგრულ-ლაზური და სვანური ენების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს
საქართველოს განათლების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს
 
2021 წლის 14 აპრილს მთელმა საქართველომ მოისმინა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა მიძღვნილი დედა ენის დღისადმი, სადაც ის მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შეეხო მეგრული და სვანური ენების დღევანდელ მდგომარეობას, მათ ფაქტობრივ სტატუსს თანამედროვე საქართველოს პირობებში. ქალბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ: "ასევე, ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს - მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრული და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!“
ჩვენ შევნიშნეთ, რომ მის მიერ გაჟღერებული აზრი და შენიშვნები იყო ადამიანურად გულწრფელი, ობიექტური და ღრმა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. გამომდინარე აქედან ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერებმა გადავწყვიტეთ გულწრფელად მოვნიშნოთ ის ძირითადი პრობლემები რომელიც დაკავშირებულია საკითხის გარშემო განვითარებულ მრავალმხრივ პროცესებთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება სამეგრელოს და სვანეთს როგორც ერთიანი საქართველოს განუყოფელ ნაწილს, მის აწყმოს, მომავალს და ქართული სახელმწიფოს ღირსეულ გზას 21 -ე საუკუნეში.
მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე მოსაუბრე ადამიანები გახლავთ ის ხალხი, რომლებზეც აღმატებულ ტონში წერდნენ ანტიკური სამყაროს მწერლები და მეცნიერები. დღეს კი მრავალათასწლოვანი მეგრულ-ლაზური და სვანური ენები გაქრობის ზღვარზეა. ისტორიული ბედუკუღმართობისა და სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ქართულ სახელმწიფოს და აკადემიურ წრეებს ვერ მიეცა საშუალება სათანადოდ ეზრუნა აღნიშნული საგანძურის დაცვისა და განვითარებისათვის.ეს ტენდენცია დღითიდღე უარესი და თვალშისაცემია იმის გამო, რომ დღევანდელ საქართველოში მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებს არა აქვს ინსტიტუციონალური მხარდაჭერა, არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მის სტატუსს იმგვარად განსაზღვრავდა, რომ მასზე ზრუნვა დამოკიდებული იყოს არა კეთილ ადამიანთა კეთილ ნებაზე, არამედ გარანტირებული იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით.
მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებზე საუბრობს, ან საუბარი გაეგება, მილიონნახევრამდე საქართველოს მოქალაქეს, როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებში. აქამდე არსებულმა მიდგომამ ის შედეგი გამოიღო, რომ მეგრულ და სვანურ ოჯახებში შვილებს და შვილიშვილებს არ ესაუბრებიან წინაპრების ენაზე, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, ენაზე, რომელიც ქართველი ხალხის სულიერი მემკვიდრეობის საამაყო ნაწილია. არ ესაუბრებიან, იმიტომ რომ, ამ ენებს არავითარი სტატუსი არა აქვს და ბუნებრივია, არავითარი პერსპექტივა, რის გამოც მათ აქტუალობა დაკარგეს და მივიწყების ზღვარზე არიან. მეგრული, ლაზური და სვანური ენების ასეთი სავალალო მდგომარეობა ყოვლად მიუღებელია ჩვენი რეგიონების და მთლიანად საქართველოს განათლებული და შეგნებული მოქალაქეებისთვის, საზიანოა მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ერის ერთიანობისთვის.
სიტუაციის აღწერა გაცილებით დრამატულადაც შეიძლება და სწორედ ამ სიტუაციაში, პრეზიდენტის განცხადება, ჩვენი აზრით უნდა იქცეს ამ სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნების საფუძვლად და ათვლის წერტილად. სასიხარულოა, რომ როგორც ჩანს, სახელმწიფოს პირველ პირებს გაცნობიერებული აქვთ აღნიშნული პრობლემის სიმწვავე, ობიექტური და სუბიექტური("ცრუ შიშები") მიზეზები და პრობლემის გადაწყვეტისათვის საჭირო გზების მოძიების აუცილებლობა.
პეტიციის ხელმომწერნი მოგმართავთ, თხოვნით ნუ დარჩება აღნიშნული განცხადება მხოლოდ კეთილ განზრახვად და მოგიწოდებთ საკითხი გადავიდეს აქტიურ ფაზაში. დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ფიქრი არსებული სავალალო სიტუაციის გამოსასწორებლად. ასევე მივმართავთ აკადემიურ წრეებს ჩაერთონ საკითხის განხილვაში.
 
author image

facebook ჯგუფის - მარგალური/ონჯუაში/ოგურაფუ/ მეგრული/საღამოს/სკოლა/THE /EVENING /SCHOOL OF MEGRELIAN LANGUAGE - სახელით                  გია ჯიჭონაია

მწერალი