დასრულებული
ადრესატი:
სამხატვრო აკადემიის 433 სტუდენიტის ინიციატვა - სამხატვრო აკადემიის განახლებისთვის — გია ეძგვერაძე აკადემიის რექტორად! დაუჭირეთ მხარი სტუდენტებს — ხელმოწერა ყველასთვის ღიაა
დღეს საქართველო საბჭოური ცნობიერებისა და კულტურის დასრულების უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას, რომლის დაძლევას თანამედროვედ მოაზროვნე, დასავლურ ფასეულობებს ნაზიარები, ახალი კულტურის მაძიებელი და შემოქმედი ადამიანების თაობა თუ შეძლებს. სამხატვრო აკადემიას ამგვარი თაობის აღზრდაში უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. მაგრამ ჯერჯერობით ის თავადაა სტაგნაციის მდგომარეობაში და ვერ გუცნობიერებია კრიზისი, რომელშიაც აღმოჩნდა თანამედროვე გამოწვევებსა და მისთვის ჩვულ წარსულის ინერციას შორის არსებული კონფლიქტის შედეგად. აკადემიაში მხატვრობასთან ზიარება კვლავ საბჭოური რეცეპტებით ხდება, რაც XIX საუკუნის რუსული აკადემიის და სოციალისტური რეალიზმის სინთეზია, რისი შინაარსიც დღეს ყოველმხრივ გაუფასურებული და უფუნქციოა. დღესაც კი, აკადემია, ახლახან შედგენილ დებულებაში ამაგრებს ამ მიდგომას: მუხლი 3 — აკადემიის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; პუნქტი გ) - აკადემიის ტრადიციული სახელოვნებო და საგანმანათლებლო სკოლების შენარჩუნება და განვითარება. სამხატვრო აკადემიამ ვერ აუღო ალღო შემოქმედების ევროპულ გზას, ვერ გადაძლია რუსულ/სოციალისტური მეთოდოლოგია და ვერ მოძრაობს დასავლური ვიზუალური ენის მიმართულებით. ამის გამო ჩვენ, სტუდენტებმა მოვაწყვეთ ლექციების სერია “კრიზისის შინაარსი”, რომელიც ემსახურებოდა აკადემიაში მიმდინარე კრიზისის გააზრებას. ლექციების წასაკითხად გვეწვიენ მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში მოღვაწე, თანამედროვედ მოაზროვნე ინტელექტუალები: ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, ილია ჭავჭავაძისუნივერსიტეტის რექტორი/ფილოსოფოსი გიგა ზედანია, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, მხატვარი ნადია წულუკიძე, კონსერვატორიის რექტორი/მუსიკოსი რეზო კიკნაძე, პროფესორი/ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე, პოეტი პაატა შამუგია, ფილოსოფოსი/მწერალი ირაკლი კაკაბაძე და ა.შ. ლექციებმა ცხადჰყო გარღვევის აუცილებლობა კონცეფციებისკენ, რომლებიც თავისუფალი შემოქმედების საყრდენს წარმოადგენენ. ასეთი რესურსი, დღეს აკადემიაში არ მოიძიება , ამიტომ: 1. რექტორის არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული ყველასთვის, ვისაც კი გააჩნია სამომავლო ცვლილებების სერიოზული პროგრამა. აკადემიის ახალი დებულებით ეს შეუძლებელია: მუხლი 9. არჩევნები აკადემიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად: პარ. 4) რექტორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს მხოლოდ აკადემიის პროფესორი. ეს აგარაფობიული მუხლია: კანდიდატს იდეები ესაჭიროება აკადემიური პოზიცია კი არა! ამით უამრავ კანდიდატურას ვკარგავთ — ეს პუნქტი აკადემიის მომავლისათვის სრულიად მავნებელია და უნდა მოიხსნას. 2) დაგეგმილია პროფესორთა არჩვენები, რომელიც ჩვენი აზრით უნდა ჩატარდეს მხოლოდ რექტორის არჩევის შემდეგ! ახალი იდეების მქონე რექტორმა უნდა თავისი წვლილი შეიტანოს ახალ პროფესორთა კორპუსის, ანუ აკადემიის მომავალის განსაზღვრაში. სხვაგვარად მივიღებთ ისევ დღევანდელ აკადემიას კიდევ ოთხი წლით. 3) რექტორის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს პიროვნება დასავლეთში მაღალი დონის გამოფენების და დასავლეთის შემოქმედებით სასწავლებლებში სწავლების დიდი გამოცდილებით. ანუ ახალი სააზროვნო სტანდარტების თეორიული ცოდნით და ასევე აზროვნების დინამიური და უკომპრომისო ხასიათით. ჩვენ სტუდენტებს, და ასევე ქართველი პროგრესული ინტელექტუალების დიდ ნაწილს (ჩვენი გამოკითხვით) მიგვაჩნია, რომ არსებობს ყველაზე ძლიერი კანდიდატურა, რომელსაც შესწევს რეალური ცვლილებების გატარების ძალა: ეს არის ევროპაში 25 წელი მოღვაწე ქართველი მხატვარი გია ეძგვერაძე, რომელიც არა მარტო ყველა ზემოთ აღნიშნული ნიშნით შეესატყვისება აკადემიის რექტორის პოზიციას, არამედ, მისმა ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა ლექციების კურსმა თბილისში, მისმა თეორიულ-საზოგადოებრივი ხასიათის სტატიებმა ქართულ ჟურნალ გაზეთებში, ჩვენ კულტურულ საზოგადოებას დაანახა , თუ რას ნიშნავს კვლევით დინამიკაში მყოფი აზროვნება. ამიტომ: მიუხედავად ჩვენი (ზემოთ დაფიქსირებული) ერთმნიშვნელოვანი სურვილისა და ბრძოლისა, რომ აკადემიის ტერიტორიაზე დემოკრატიული პროცედურები დამკვიდრდეს, დღესდღეობით შექმნილ სიტუაციში (და ამ მხრივ სისტემამ ყოველთვის მოქნილობა უნდა გამოიჩინოს!) ჩვენი რწმენით კულტურის სამინისტრომ პერსონალურად უნდა მოიწვიოს ბატონი გია ეძგვერაძე აკადემიის რექტორის პოზიციაზე! ჩვენ — სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პრემიერი, კულტურის მინისტრი და განათლების მინისტრი (მათთან არის ეს წერილი მიმართული) სათანადოდ დააფასებენ ჩვენს ინციატივას და ძალისხმევებს სამხატვრო აკადემიის კრიზისიდან გამოყვანისთვის და ყურად იღებენ ჩვენს დასაბუთებულ მოთხოვნებს, რომელთა მეშვეობითაც გახდება შესაძლებელი აკადემიაში არსებული სერიოზული კრიზისის საბოლოოდ დაძლევა. ტექსტი უკვე შევიდა პრემიერ-მინისტრის აპარატში, კულტურის და განათლების სამინისტროებში 433-ი სტუდენტის ხელმოწერით.