საკონტაქტო ინფორმაცია
ახალგაზრდები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად

საჭიროა 747 ხელმოწერა

253
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი

ახალგაზრდები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად

ახალგაზრდების დეკლარირებული ნება და მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის გააზრებული და დეკლარირებული არჩევანია. ევროპული ოჯახის წევრად გახდომა არა მხოლოდ თანამედროვეობის შედეგი, არამედ ის ცივილიზაციური გზაა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ უძველესი დროიდან დღემდე განვლო. ამას მოწმობს უახლესი წარსულიდან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობა, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გაატარა პრაქტიკაში იდეები, რომლებიც დღეს ფუნდამენტურ ევროპულ ფასეულობებად მიიჩნევა - ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა, ხმისა და პოლიტიკური საქმიანობის უფლება ქალებისათვის, განვითარებული თვითმმართველობა, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა, საყოველთაო განათლება, რელიგიური, პოლიტიკური და კულტურული თავისუფლება და სხვ. საუკუნის წინათ, ნოე ჟორდანიას მიერ წარმოთქმული სიტყვა: „ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს“, – ამ ქვეყნის ბედისწერად იქცა, ვერც ჟამთა სვლამ და ვერც „რკინის ფარდამ“ შეძლო ამ კავშირის გაწყვეტა.

ქართველი ერის თავისუფალ არჩევანსა და დასავლეთისაკენ სწრაფვას მარად თან სდევდა სირთულეები და ჩვენი თაობა, რომელიც ბოლო სამი ათეული წელია ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს მხარდამხარ იზრდება, ყველაზე კარგად გრძნობს ამ არჩევანის ფასს.

დღეს ამ გზაზე საქართველოსათვის ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება. სწორედ ამ მიზეზით, ახლა, ისე როგორც არასდროს, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ვდგებით ერთად, რათა ქვეყნისათვის ამ გადამწყვეტ დროს საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწვდინოთ ხმა და გამოვხატოთ ურყევი ნება და მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ. მიგვაჩნია, რომ ევროპული ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია, ევროპული სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცე ჩვენი სააზროვნო სივრცეა, ხოლო ევროპელობა - ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა და ცხოვრების წესი. ვიაზრებთ, რომ წარსულში ამ არჩევანს არაერთმა ახალგაზრდამ შესწირა თავი. შესაბამისად, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ერთი მხრივ, ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი წინაპრების დაწყებული საქმე, ხოლო მეორე მხრივ, მომავალი თაობებისათვის ღირსეული განვითარების წინაპირობა შევქმნათ.

საზეიმოდ ვაცხადებთ, რომ საქართველო ბრუნდება ისტორიულ, ევროპულ ოჯახში! ბრუნდება რწმენითა და ენთუზიაზმით, იმედით, რომ გააძლიერებს და ახალ მუხტს შესძენს მის განვითარებას! ხმას შეუწყობს სხვა ევროპულ ხალხებს, ისე, როგორც ეს ქართულ მრავალხმიანობას შეშვენის! საქართველო ბრუნდება ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურით, რომელიც ესოდენ სჭირდება თანამედროვე ევროპას.

მივმართავთ თხოვნით ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებს, ევროპელ ლიდერებს, რათა დადებითად გადაწყდეს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების საკითხი და დაიწყოს მოლაპარაკება წევრად გახდომის შესახებ.

ვაცნობიერებთ რა იმ როლსა და მნიშვნელობას, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად გაგრძელებაში გვაქვს, ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენი ცოდნა, იდეები და ენერგია მივმართოთ ამ პროცესის ხელშეწყობისაკენ. გამოვთქვამთ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ინტეგრაციის მხარდამჭერი სპეციალური ახალგაზრდული ფორმატის ამოქმედებისა და მისი საქმიანობის წარმართვაში. გვწამს, რომ ასე შევძლებთ ჩვენი წვლილის შეტანას არა მხოლოდ საქართველოს ევროინტეგრაციის, არამედ ერთიანი ევროპული იდეის განმტკიცებაშიც.

გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს!

ორბელიანების სასახლე

თბილისი, 26 მაისი 2022 წელი

 

 

 

 

 

 


საინიციატივო ჯგუფი შედგება ახალგაზრდული ორგანიზაციების, სტუდენტური თვითმმართველობებისა და ზოგადად ახალგაზრდებისაგან ვინც იზიარებენ დეკლარაციის იდეას

ვრცლად