დასრულებული
ადრესატი:
- აშშ-ს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები
“ქართული იდეის“ მიმართვა ორი პრეზიდენტისადმი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბ-ონ დონალდ ტრამპს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბ-ონ ვლადიმერ პუტინს
მ ი მ ა რ თ ვ ა
პატივცემულო ბატონო პრეზიდენტებო! მოგმართავთ ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის სახელით და გვსურს, მოკლედ გაგიზიაროთ ჩვენი ხედვები იმ პროცესებისა, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში და კერძოდ, პატარა, მაგრამ უძველესი ისტორიისა და მდიდარი კულტურის მქონე საქართველოში. გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ მისწრაფებებს, მოსაზრებებს, მიღწევებს, პრობლემებს და მიზნებს, რაც ქართველ ხალხს გააჩნია. ცხადია, რომ მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ, სწრაფი ტემპით იცვლება. იცვლება მსოფლიო პოლიტიკის პრიორიტეტებიც. გლობალიზაციისა და მსოფლიო თავსმოხვეული ინტეგრაციის პირობებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკასა და რუსეთს შორის თანასწორუფლებიანი პარტნიორობის დამყარებას, რათა ჩვენს პლანეტაზე მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს. ამდენად, ჩვენ მივესალმებით ამერიკის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას და მხარს ვუჭერთ მის განზრახვას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის და შექმნის ხელსაყრელ ფონს მსოფლიოში არსებული არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად. რაც მთავარია, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო გახდება.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს ახლანდელი პოლიტ-ელიტა, მხარდაჭერილი და მართული მილიარდერი ჯორჯ სოროსისა და სენატორ ჯონ მაკკეინის მიერ, აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად უჭერდა მხარს ჰილარი კლინტონს. საქართველოს მართული მედია-საშუალებები ხშირად დაუსაბუთებლად აკრიტიკებენ პრეზიდენტ ტრამპის კურსს, რაც არასახარბიელო ფონს ქმნის ჩვენს ურთიერთობებში. ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ქართული იდეა“ და მისმა მხარდამჭერებმა დავიწყეთ მასობრივი საპროტესტო აქციები იმ მიზნით, რომ საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მივაპყროთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და მოვუწოდოთ მას, გაიაზროს ის პროცესები და ცვლილებები, რასაც ადგილი აქვს თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში. სამწუხაროდ, პოლიტიკა, ხედვები და ქცევები ისეთი ადამიანებისა, როგორებიცაა ჯორჯ სოროსი და სენატორი მაკკეინი, ორიენტირებულია აშშ-სა და რუსეთს შორის კონფრონტაციის შენარჩუნებაზე, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებას, არამედ ძირს უთხრის რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ვაცნობიერებთ რა ამის მნიშვნელობას, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციიდან სულ მალე პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული იდეა“ თბილისში მოვაწყვეთ მრავალრიცხოვანი კონტრაქცია სახელწოდებით „ანტი–სოროსი“ და ამგვარად გავაპროტესტეთ ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში (მათ შორის თბილისში) ფემინისტური ორგანიზაციებისა და გლობალისტების მიერ სოროსის მხარდაჭერით გამართული აქციები. სწორედ ჯორჯ სოროსი აფინანსებდა ე.წ. „ფერად რევოლუციებს“ სხვადასხვა ქვეყნებში, რამაც ეს სახელმწიფოები სიხლიან მოვლენებამდე, ქაოსამდე და არასტაბილურობამდე მიიყვანა. ასე მოხდა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებს და მომავალში მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი და რომლებიც ეხება აშშ-ს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მიზნად ისახავს ამერიკის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას, ჭეშმარიტი ქრისტიანული და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, ეფექტურ ბრძოლას ისეთ უზნეო გამოვლინებებთან, როგორიცაა არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა და სხვა სახის გადახრები ქრისტიანული და არა მხოლოდ ქრისტიანული მორალის ნორმებიდან. მით უმეტეს, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა, სადაც ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ღვთის რწმენა, სამშობლო და ოჯახი ყველაზე წმინდა ღირებულებებს წარმოადგენს.
აშშ და დასავლეთის სახელმწიფოები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არასაკმარისია და აუცილებელია რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს აღელვებს. მით უმეტეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და პირადად პრეზიდენტმა პუტინმა ქართულ მხარეს ამისკენ არაერთხელ მოუწოდეს. ამ დიალოგისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ და მოგვიწოდებენ ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. რუსეთის ფედერაცია ჩვენი დიდი მეზობელია, რუსებს და ქართველებს ერთმორწმუნეობა (რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია), კეთილმეზობლობა და საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში განსაკუთრებული, თბილი დამოკიდებულება გვაკავშირებდა. ჩვენი წინაპრები ერთად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში და მსოფლიოს ფაშიზმისგან ათავისუფლებდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველები და რუსები ასევე გვერდი-გვერდ ომობდნენ საერთო მტრების წინააღმდეგ და არაერთხელ გაუთავისუფლებიათ ქართული ისტორიული მიწები დამყრობლებისგან. სამწუხაროდ, ჩვენს ურთიერთობებში იყო და არის შავი ლაქებიც, რაც არ შეესაბამებოდა და არც დღეს შეესაბამება მართლმადიდებელი ერის ურთიერთობების ჭეშმარიტ სულისკვეთებას.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართულ-რუსული ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი თავსმოხვეული და მხარდაჭერილი იყო გარედან და ყველაზე უარეს ნიშნულს ურთიერთობებმა 2008 წლის აგვისტოში მიაღწია, როცა ჯორჯ სოროსის, სენატორ მაკკეინის და კლინტონების ოჯახის მარიონეტი მაშინდელი პრეზიდენტი მ. სააკაშვილი და მისი რეჟიმი ცხინვალის რეგიონის დაბომბვას შეუდგნენ. შედეგად, გაჩაღდა შეიარაღებული კონფლიქტი რუსულ-ოსური და ქართული სამხედრო დანაყოფების მონაწილეობით. დიახ, სამხედრო მოქმედებები საკუთრი თანამოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყო არა საქართველომ, არამედ პირადად სააკაშვილმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს ატერორებდა, აუბედურებდა და არატრადიციულ ფასეულობებს ახვევდა თავს. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ და განვთავისუფლდით ამ მოძალადე ნეოლიბერალებისაგან.
ისტორიის, მით უმეტეს, უახლესი ისტორიის გაკვეთილებიდან დასკვნების გაკეთებაა საჭირო და წინსვლა არა კონფრონტაციის, არამედ საერთო შეხების წერტილების პოვნის, პრობლემების გადაწყვეტის და რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობების დამყარების მიმართულებით. ვშიშობთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ სააკაშვილისეული საგარეო კურსის გაგრძელების პირობებში ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ ძალისხმევას არ მოვაკლებთ, რათა საქართველოს ხელისუფლებამ გამოასწოროს გაფუჭებული ურთიერთობები როგორც ამერიკასთან, ისე რუსეთთან. ამას ჩვენი წინაპრების ისტორია, ჩვენი ქვეყნის მომავალი და საღი აზრი გვავალდებულებს. რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ურთიერთმისაღები შედეგების მიღწევა.
პატარა საქართველოს დიდი ისტორია, სულიერება, კულტურა და მრავალსაუკუნოვანი ქრისტინული ტრადიციები გააჩნია. თანამედროვე საქართველოში ბევრი პრობლემაა – ტერიტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და სხვა ხასიათის. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ დროთა განმავლობაში მოვახერხებთ ყველა ამ სირთულის ღირსეულად დაძლევას. საქართველოს არ სურს, იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების მიზეზი და ობიექტი. პირიქით, ჩვენ გვსურს, განვავითაროთ და განვამტკიცოთ ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე რუსეთთან. ამდენად, ამ გზაზე ჩვენ რუსეთთან მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების მიმართულებით ვიმოძრავებთ. მით უმეტეს, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა და ჩვენ ერთმორწმუნე – მართლმადიდებელ, მრავალკონფესიურ და მრავალეროვნულ ქვეყნებს წარმოვადგენთ.
ჩვენ ძლიერ ვაფასებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. ღმერთმა ქნას, რომ თქვენი უშუალო ძალისხმევის შედეგად ამერიკამ და რუსეთმა მიაღწიონ შემდგომ პროგრესს, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის ჩვენ ქვეყანასთან მშვიდობისა და თანხმობის პირობებში. გამოვთქვამთ რწმენას, რომ თქვენი დახმარებით და საკუთარი ძალისხმევის შედეგად, საქართველო დაძლევს არსებულ პრობლემებს და საკუთარ წვლილს შეიტანს არა მარტო რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საქმეში.
18 თებერვალს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეა“ თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მრავალრიცხოვან აქციას გამართავს, სადაც მოითხოვს ქვეყნის მმართველი ელიტისგან, გასწიოს სერიოზული ძალისხმევა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობების დასამყარებლად და რუსეთის ხელმძღვანელობასთან, თანადათანობით, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიმართულებით; ასევე გადადგას მტკიცე ნაბიჯები ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად.
პატივისცემით, ლევან ჩაჩუა – საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეა“-ს თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტპატიმარი;
დავით კარტოზია – „ქართული იდეა“-ს პოლიტიკური საბჭოს მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში.