საჭიროა 3666 ხელმოწერა
ადრესატი:
- ქ. ბათუმის მერია
#დაიცავიბათუმი
ქ. ბათუმის მერს
ქ. ბათუმის საკრებულოს
პეტიციაზე ხელმომწერები ვაპროტესტებთ ძველი ბათუმის ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესებს, რამაც ბოლო წლებში უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია.
სამწუხაროდ, დღემდე ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას დაეცვა ისტორიული შენობა, პირიქით უმეტეს შემთხვევაში სწორედ ხელისუფლება არის ნგრევის ინიციატორი და წამახალისებელი. განსაკუთრებით „აქტიურობენ“ ქ. ბათუმის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ეს გარემოება კი გვაფიქრებინებს, რომ ქალაქის მერს და მერიას არ აქვს გაცნობიერებული ვალდებულება ბათუმელთა მიმართ და მიზანმიმართულად ანადგურებს ძველ ბათუმს საეჭვო გარიგებების ფონზე.
ჩვენ ვშიშობთ, რომ ძველი ქალაქის გაქრობის პროცესი ხდება შეუქცევადი. სანამ ჯერ კიდევ რჩება ძველი ბათუმის გადარჩენის მცირე შანსი, კატეგორიულად მოვითხოვთ:
1. ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გამოცხადდეს მორატორიუმი მშენებლობაზე - სანამ ძველ ბათუმს არ მიენიჭება ისტორიული ზონის სტატუსი და დეტალურად არ დამუშავდება ამ ზონაში მშენებლობის რეგულაციები (გრგ - განაშენიანების რეგულირების გეგმაშ) შეწყდეს მშენებლობისა და დემონტაჟის ნებართვების გაცემა ბათუმის ისტორიულ უბანში.
2. შეჩერდეს ბარათაშვილის #24-ში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა! ქ. ბათუმის მერიამ და შესაბამისმა ორგანოებმა მიიღონ შესაბამისი ზომები ამ პროცესის შესაჩერებლად და უზრუნველყონ მისი თავდაპირველი სახით აღდგენა. გაუქმდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შეთანხმება #36 [2016 წლის 27 იანვარი], რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევებით იქნა მიღებული როგორც მერიის, ისე მენაშენის მხრიდან.
3. დაუყოვნებლივ დაიწყოს "ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის" განხილვა-დამტკიცების პროცედურები; დაწესდეს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონების საზღვრები და ამ ზონებში განაშენიანების რეგლამენტი; დამუშავდეს და ამოქმედდეს ისტორიულ ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა (ე.წ. "გრგ").
ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, არა მხოლოდ ქალაქისა და, შესაბამისად, ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, არამედ რეგიონში ტურიზმისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს რესურსსაც წარმოადგენს. შესაბამისად აუცილებელია მისი შენარჩუნება და გაფრთხილება.
საინიციატივო ჯგუფი
"დაიცავი ბათუმი"