დასრულებული
ადრესატი:
- ქ. ბათუმის მერია. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე მუსიკალური ბენდების და შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი განცხადება
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, არაერთი კულტურული ღონისძიება გადაიდო როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რამაც პირდაპირი და მძიმე ზეგავლენა იქონია ჩვენზე - შემოქმედებით ჯგუფებზე, მუსიკალურ ბენდებსა და შემსრულებლებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოიხსნა ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათი ჩატარება კვლავ ვერ ხერხდება, ორგანიზაციებისთვის თუ კერძო დაწესებულებებისთვის (კლუბებისთვის და ბარებისთვის) დადგენილი შეზღუდვების გამო. ამ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს ეკონომიკური კრიზისი კერძო სექტორში და ტურისტების სიმცირე აჭარის ა/რ-ში, რაზეც ასევე იყო დამოკიდებული ჩვენი შემოსავალი.
ჩვენთვის ცხადია, რომ პანდემია არ დასრულდება უახლოეს თვეებში და სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. თუ შესაბამისმა უწყებებმა დროულად არ დაიწყეს პამდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გრძელვადიან სამოქმედო გეგმის შემუშავება, ჩვენ აღმოვჩნდებით უკიდურესად მძიმე სიტუაციაში. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიერ გამოცხადებული კონკურსი ფესტივალების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვერ უზრუნველყოფს რიგი იმ პრობლემების მოგვარებას, რაც დღეს შემოქმედებითი ინდუსტრიების წინაშე დგას.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებს, ამ შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიას, ჰქონდეთ ადეკვატური კომუნიკაცია შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან, ისეთი ფორმით, სადაც დაინტერესებულ პირებს გვექნება საკუთარი აზრის დაფიქსირების და პრობლემურ საკითხებზე დისკუსიის შესაძლებლობა. ურთიერთობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს ერთეულ ინდივიდებთან შეხვედრებით. ყოველივე ამას უნდა მიეცეს შესაბამისი ფორმალური და სტრუქტურული სახე.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ქალაქ ბათუმის მერიას, შექმნან შესაბამისი სექტორული ჯგუფი, შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების, მათ შორის მუსიკოსების, არტ მენეჯერების და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით, რათა დაიწყოს დისკუსია და გადაიდგას კონკრეტული, ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები კულტურის სფეროში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად.
საინიციატივო ჯგუფი: