საჭიროა 6125 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს პარლამენტი
აიკრძალოს ანტიკონსტიტუციური პარტია "ცენტრისტები"!
საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს პარლამენტის წევრებს
პეტიციაზე ხელმომწერნი მოგიწოდებთ აღასრულოთ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით თქვენზე დაკისრებული ვალდებულებები და მიმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელმყოფი პარტია „ცენტრისტების“ აკრძალვის მოთხოვნით.
ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია თავისუფალი რესპუბლიკის, მრავალპარტიული დემოკრატიისა და აზრის თავისუფლების შენარჩუნება. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდის დადგომასთან ერთად, შეშფოთებით ვაკვირდებით ღიად პრო-რუსული ძალების გაძლიერებას და ვთვლით, რომ ძალა, რომლის წინასაარჩევნო დაპირებათა შორის არის რუსეთის ბიუჯეტით დაფინანსებული პენსიის გაცემა, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების ამოქმედება და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მიღება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, უარჰყოფს კონსტიტუციითვე განმტკიცებულ მართლწესრიგს, ღირებულებებს და სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მიხედვით, "დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა".
ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ ძალა, რომელიც საქართველოს მტრის სამხედრო ბაზების ამოქმედებას და მისი ბიუჯეტით პენსიის გაცემას განიზრახავს, არის კოლაბორაციონისტული ძალა. იგი წარმოადგენს ცალსახად ანტი-სახელმწიფოებრივ მოვლენას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს როგორც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების სტაბილური განვითარების შესაძლებლობას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში მტრული ძალის სამხედრო ბაზების განთავსების მოთხოვნა ხელყოფს საქართველოს დამოუკიდებლობას, ხოლო კონსტიტუციურ წესრიგს პოტენციური დამხობით ემუქრება.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.“
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრები აღასრულებენ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დაუყონებლივ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმყოფი ამ პოლიტიკური გაერთიანების (პარტია - “ცენტრისტები”) აკრძალვის მოთხოვნით.