საკონტაქტო ინფორმაცია
COVID-19 და კულტურის სექტორის კრიზისი

საჭიროა 456 ხელმოწერა

544
1000
ადრესატი:
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  • თბილისის მერია
  • საქართველოს მთავრობა

COVID-19 და კულტურის სექტორის კრიზისი

აღნიშნული პეტიცია წარმოადგენს კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების, ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ინიციატივების პოზიციას

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მსოფლიო არნახული გამოწვევების წინაშე დააყენა. ქვეყნები მუშაობენ ანტიკრიზისული გეგმების შემუშავებაზე და პანდემიით გამოწვეული ზარალის რისკების მაქსიმალურად შემცირებაზე. კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, სისტემურად ძალიან მყიფე სფერო, დაზარალების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას. შესაბამისად, მრავალმა ქვეყანამ სრულად გაიაზრა არსებული მდგომარეობა და შეიმუშავა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამები. ამის ფონზე, საქართველოს რეალობაში საპირისპირო სურათი იკვეთება - ოფიციალურ პასუხისმგებელ სამთავრობო სტრუქტურებს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ კონკრეტულ ხედვაზე დამყარებული სამოქმედო გეგმა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით კრიზისის დაძლევის თაობაზე.

2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით: 1) კულტურის სექტორი მოიაზრება გასართობი, სასტუმროების და აზარტული თამაშების ინდუსტრიების გვერდით და 2) საშუალება არ ეძლევა სფეროს წარმომადგენლებს, 2020 წლის ივლისამდე განახორციელონ რაიმე სახის საქმიანობა.

არსებული მიდგომა სფეროს პრიორიტეტულობას უკანა პლანზე წევს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მასში მომუშავე ასობით ორგანიზაციასა და ათასობით ინდივიდს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საჯარო განაცხადის სახით მივმართოთ შესაბამის ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებს.

მას შემდეგ, რაც შეჩერდა ყოველგვარი შემოქმედებითი საქმიანობა, სფეროში მომუშავე პროფესიონალებმა დაკარგეს მინიმალური საარსებო წყარო. ამის ფონზე, კულტურაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მხრიდან არ გამოთქმულა ინიციატივა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, თუნდაც ონლაინ შეხვედრის ფორმატში გაგვეზიარებინა მათთვის სფეროში კრიზისით განპირობებული გამოწვევები და გვემსჯელა მათი გადაჭრის გზების შესახებ. 

ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ არ მომხდარა კულტურის სფეროში არსებული დარგების და მასში მომუშავე ადამიანების ინტერესების გააზრება, დაცვა და ადვოკატირება. ქართული თანამედროვე და ტრადიციული კულტურა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს იდენტობას და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგრადობას, სწორედ შემოქმედებით სექტორებში მომუშავე ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ინიციატივების/ინდივიდების საქმიანობის შედეგად იქმნება.

სწორედ ამიტომ, საჭიროდ ვთვლით, რომ გაუქმებული ან შეჩერებული პროგრამების, კონკურსების და დაფინანსების პირობებში, ყოველგვარი შემხვედრი განცხადების გარეშე დარჩენილმა სფეროს წარმომადგენლებმა, როგორებიც ვართ მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, პროდიუსერები, კულტურის მენეჯერები, კურატორები, ფოტოგრაფები, რეჟისორები და სხვა მიმართულების წარმომადგენლები, ერთობლივად დავიცვათ სფეროს და ჩვენი ინტერესები.  საერთო პრობლემებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ შემდეგს:

  1.  მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კულტურის სფეროსთვის კონკრეტული კრიზისული და პოსტ-კრიზისული ხედვის, სამოქმედო გეგმის შემუშავება და საზოგადოებისთვის წარმოდგენა. მათ შემუშავებაში ჩართული იყვნენ კულტურის შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები;  
     
  2. გახდეს ცნობილი რა ცვლილებები შედის შესაბამისი სტრუქტურების 2020 წლის ბიუჯეტებში საკონკურსო და პირდაპირი გახარჯვის წესით გათვალისწინებულ თანხების რაოდენობასა და მიზნობრიობაზე;
     
  3. მოხდეს კულტურის სფეროს სახელმწიფოს დღის წესრიგში პრიორიტეტიზაცია; გააქტიურდეს საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ სექტორთან აქტიური კომუნიკაცია (მათ შორის  - საქართველოს კულტურის ეროვნული ფონდის ჩამოყალიბების მდგომარეობის, კულტურის სტრატეგია 2025 სამოქმედო გეგმების შესრულების, კულტურის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ამოქმედებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, შესაბამისი საკანონმდებლო და ფისკალური პოლიტიკის გატარების მიმართულებებით. (მაგ: ქველმოქმედების და ფილანთროპიის კანონი და ა.შ.);

კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების სპეციფიკა, სათანადო მხარდაჭერის პირობებში, იძლევა საშუალებას, თუნდაც კრიზისის ფონზე შექმნას სამუშაო ადგილები. მიმდინარე გრანტების თუ გამოცხადებული კონკურსების ადაპტირება და არა მათი შეჩერება დადებითად აისახებოდა სექტორის მდგრადობასა და შემოქმედებითი პროცესის წარმოებაზე. 

სფეროს წარმომადგენლებთან დროული კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა ადამიანური რესურსების და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება, რაც მნიშვნელოვანწილად შეუწყობდა ხელს ეკონომიკური აქტივობების გამოცოცხლებას, კონკრეტული მიმართულებების ფუნქციონირებას.

სრული პასუხისმგებლობით, აგრეთვე შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, ვიაზრებთ რა ქვეყანაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ვაცნობიერებთ აუცილებლობას იმისა, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფოს და შესაბამისი უწყებების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და კრიზისის დაძლევისთვის საჭირო მასტიმულირებელი ინიციატივების, ხედვის და სამოქმედო გეგმის წარმოდგენა. 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ჩავერთოთ სათანადო გეგმის შემუშავების პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ წერილს ექნება გამოხმაურება და რეაგირება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.

კულტურის სექტორში მოქმედი საინიციატივო ჯგუფი: ალექსი სოსელია, გიორგი სპანდერაშვილი, მარიკა ჯაბუა, ხატია ჭოხონელიძე.