საკონტაქტო ინფორმაცია
ახალგაზრდობის თანხმობის აქტი

საჭიროა 9789 ხელმოწერა

211
10000
ადრესატი:
  • ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტები

ახალგაზრდობის თანხმობის აქტი

საქართველო, როგორც მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა, მრავალი საუკუნეა ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად განიხილება. ის თავისი განვითარების გზაზე არაერთ გამოწვევას გაუმკლავდა და მაინც მოახერხა შეენარჩუნებინა მისწრაფებები, რომლებსაც მისი ევროპული იდენტობა განაპირობებდა. ისეთი გარდამტეხი მოვლენების გააზრება, როგორებიცაა პირველი რესპუბლიკის დაარსება 1918 წლის 26 მაისს, ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შენარჩუნება 1978 წლის 14 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილს გამოჩენილი თავგანწირვა და 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, გვახსენებს პასუხისმგებლობას ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე და გვიბიძგებს გადავდგათ ნაბიჯი თანხმობისკენ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზის
გასაგრძელებლად.

ისტორიული ქარტეხილებით აღსავსე დამოუკიდებლობის ბოლო სამ ათეულ წელს მუდმივად თან ახლდა ურთიერთდაპირისპირების რადიკალური ფორმები, უნდობლობა, შეუწყნარებლობა და უკომპრომისობა, რაც გაკვეთილია ჩვენი თაობისთვის. და ახლა, ქვეყნის განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული ხედვებისა, ვდგამთ ერთმანეთისაკენ მიმავალ ნაბიჯებს და ვთანხმდებით იმ ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებზე, რამაც ქართული სახელმწიფოებრიობის ხვალინდელი დღე უნდა განსაზღვროს.

საკუთარი თავის ევროპული ოჯახის ნაწილად აღიარებით, ახალგაზრდები ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, პრინციპებსა და მიზნებს, რომლებიც დასავლურ ცივილიზაციას ახასიათებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარებისა და კულტურული გაცვლისთვის არაერთ დახურულ კარს ხსნის, რაც ეროვნულ იდენტობას კიდევ უფრო ამდიდრებს. გამომდინარე აქედან, მხარს ვუჭერთ საქართველოს სრულფასოვან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

ტოლერანტობის ტრადიცია საქართველოში სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს. სწორედ ამ ტრადიციაზე დაყრდნობით, ვთანხმდებით რომ თანასწორუფლებიანობა და ყოვლისმომცველი ჩართულობა ჩვენი უპირობო პრიორიტეტია.

ვთანხმდებით, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობის დაცვა და ანგარიშვალდებულება არის გზა, რომლითაც სტაბილურობასა და კეთილდღეობას მივაღწევთ.

ვთანხმდებით, რომ ხარისხიანი და ინკლუზიური განათლებაა წინაპირობა თავისუფალი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს არსებობის. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ძალისხმევას არ დავიშურებთ წვლილი შევიტანოთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.

ვთანხმდებით რომ, ჩვენი კონსტიტუციური უფლება, სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესახებ უნდა იქნას დაცული და უპირობოდ აღსრულებული.

აქტზე ხელმომწერები ვაღიარებთ, რომ უთანხმოების მოსაგვარებლად დიალოგის გზა შეუცვლელია. მივიჩნევთ, რომ დიალოგი უზრუნველყოფს ჩართულობასა და მონაწილეობას, კონსენსუსის მიღწევას, რაც მყარ საფუძველს ქმნის საქართველოს ევროპული მომავლის ასაშენებლად.

ღრმად გვწამს, თანხმობის აქტის სახით გადადგმული ჩვენი ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც ღირსეულად დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების გვერდით.


“ახალგაზრდული თანხმობის აქტი” უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა საორგანიზაციო ჯგუფმა შეიმუშავა. 

ვრცლად