საკონტაქტო ინფორმაცია
შეუნარჩუნდეს 2014 წელს მინიჭებულ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი

საჭიროა 3604 ხელმოწერა

396
4000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა

შეუნარჩუნდეს 2014 წელს მინიჭებულ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი

   საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა,რომელიც განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქების სტატუსს. წინასწარი ინფორმაციით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გააუქმდება შვით თვითმმართველ ერთეულს,რომელთა შორის გახლავთ ქალაქი თელავი.

 ჩვენ,ამ პეტიციის ხელმომწერები ვთვლით,რომ 2014 წელს მიღწეული საკანონამდებლო ცვლილება ქალაქ თელავის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით იყო და არის დემოკრატიისკენ და ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის გადადგმული ერთობ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნაბიჯი,რომელსაც მოყვა მოქალაქეებისთვის,როგორც ზოგადი,ისე ინდივიდუალური პრობლემების თუ საკითხების გადაჭრის ცივილური,დემოკრატიული შედეგები.

 აღსანიშნავია,რომ სწორედ  თვითმმართველ ქალაქად გამოცხადებას მოყვა:

1.მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელოვანი ზრდა თვითმმართველობაში;

2.გაუმჯობესდა სერვისების ხარისხი;

3.გამარტივდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა;

4.გაიზარდა ნდობა გადაწყვეტილების მიმღები პირის( ქალაქის მერი) და მოსახლეობას შორის.

  მხოლოდ, ჩვენი ორგანიზაციის,მხოლოდ ა/ო „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“ ორგანიზებით მხოლოდ, ერთი წლის განმავლობაში ( 2016 წლის მაგალითი) ქალაქის მერთან დაიგეგმა და შედგა ორმოცდაათზე მეტი მოქალაქეთა საჯარო თუ ინდივიდუალური შეხვედრა-დისკუსია,როგორც ინფრასტრუქტურულ,ისე სოციალურ თუ სხვა საკითხებზე. სწორედ მოქალაქეების მაღალმა ჩართულობამ და იმავდროულად კონკრეტულად ,ქალაქის მერის მხრიდან მზაობამ  მჭიდრო თანამშრომლობაზე, ჩვენს ქალაქს მოუტანა უამრავი სიკეთე.სიკეთე ერთია და მეორეა,სოციალური სამართლიანობა.გასაგებია,რომ ინფრასტრუქტურული თუ სოციალური მიმართულების პროექტები წინა წლებშიც ხორციელდებოდა,თუმცა უნდა ვაღიაროთ,რომ ერთის მხრივ, მოქალაქეთა ჩართულობა იყო მინიმალიზირებული და მეორეს მხრივ, ნაკლებად იყო დაცული სამართლიანობის პრინციპი,რომელიც დემოკრატიულად განვითარებისთვის ერთერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია.

 ჩვენს ქალაქთან მიმართებაში,საკითხი რომელიც სოციალურ სამართლიანობას ეხება,უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი,როგორც ინფრასტრუქტურული ისე სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებებში. თუ , წინა წლებში კონკრეტული ქუჩის, სკვერის, სპორტული თუ სხვა მოედნების რეაბილიტაციაზე გადაწყვეტილებები მიიღებოდა მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები პირის და საკრებულოს წევრების თანხმობით, თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების შემდეგ მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. გადაწყვეტილებებში აქტიურად ჩაერთა მოსახლეობა.შედგა საზოგადოებრივი მოძრაობები,შეიქმნა სოციალური ჯგუფები ( მაგალითად https://www.facebook.com/groups/chventelavelebi/  https://www.facebook.com/telavichemiqalaqia/?fref=ts ) სადაც გაწევრიანებული არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, პირდაპირი წესით არჩეული ქალაქის მერი. სწორედ ამ დოზის და ამ ხარისხის კომუნიკაციამ პრაქტიკულად გადაგვიყვანა თანამშრომლობის ყოველდღიურ რეჟიმში. სწორედაც ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია პრიორიტეტების სწორი და სამართლიანი განსაზღვრა.

 ასევე, უმნიშვნელოვანესია, თვითმმართველობის უპირატესობა ახალგაზრდებთან და ახალგაზრდობის საკითხებთან მიმართებაში.ზოგადი ჩართულობის ფონზე გააქტიურდა ქალაქის ახალგაზრდობა,რომელთა ინიციატივით ქალაქის მერთან დაფუძნდა „მერის ახალგაზრდული სათათბირო“. სათათბირო,რომელმაც ქალაქის მერს შესთავაზა და პრაქტიკულად განახორციელდა სხვადასხვა პროექტები,მათ შორის აღსანიშნავია ქალაქის მასშტაბით დამონტაჟებული (ღია ცის ქვეშ გამოფენა,ელ.ახვლედიანის ნახატები) ,,მოლბერტები“ .სწორედაც ახალგაზრდებს ეკუთვნით სკვერების და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პრიორიტეტულ ნაწილში გადატანა.

 თვითმმართველობის კიდევ ერთ სიკეთეს წარმოადგენს უფროსი თაობის მოტივაცია ,რომ ჩართული იყოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.ამის მაგალითი გახლავთ „თელავის საზოგადოებრივი დარბაზი“,სადაც ერთია,რომ ასაკი შეზღუდული არაა,თუმცა დარბაზის ძირითადი ნაწილი უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან.მათ ინიციატივას უკავშირდება დასასვენებელი პარკების,სასაფლაოების,ქვეითად მოსიარულეთა ბილიკების ,ბიბლიოთეკების და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების პრიორიტეტების განსაზღვრა.

 ასევე ,უმნიშვნელოვანესია თვითმმართველობის ეფექტურობა შშმ პირების მიმართ. სწორედ, შშმ პირების და გადაწყვეტილების მიმღები პირის,კონკრეტულად ქალაქის მერის თანამშრომლობით, ჩვენს ქალაქში განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე უპრეცენდენტო პროექტი. მეგობარი ქვეყნების დახმარებით,  ქალაქში განთავსდა ევროპული დონის სასროლი ტირი,სადაც დასაქმდნენ სწორედაც შშმ პირები. ქალაქის მერის და აღნიშნული პირების მჭიდრო თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში, ცალკე განყოფილებად შექმნილიყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემო.

 დიახ,დიდია იმ სიკეთეების ჩამონათვალი,რაც  მოგვიტანა თვითმმართველობამ - ჩვენ,როგორც მოსახლეობას,როგორც საზოგადოებას.

  ჩვენ, ასევე გვესმის,რომ ზოგადად ქვეყანა განვითარების ახალ ფაზაშია, გვესმის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და გვესმის ის მტკივნეული მომენტები,რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ მდგომარეობასთან, თუმცა ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით მოვახერხოთ მნიშვნელოვანი მონაპოვარის, ერთერთი მთავარი დემოკრატიული მიმართულების-თვითმმართველობის შენარჩუნება.

 სრულიად თავისუფლადაა შესაძლებელი თვითმმართველობაში შემცირდეს გადაწყვეტილების მიმღები პირების -ქალაქის მერის ,თემის გამგებელის  მოადგილეების რაოდენობა. შემცირდეს მათზე განპიროვნებული ავტომობილები.შემცირდეს სამსახურების, ,,ააიპების“ ,განყოფილებების და იქ არსებული თანამშრომლების რაოდენობა.  შემცირდეს გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები. მაგალითისთვის გეტყვით,თვითმმართველი ქალაქი თელავი სულ 15კმ2-ია.ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილში გვყავს სამი მოადგილე,სამი პერსონალური ავტომობილი,მათზე გაწერილი ხარჯები,საკრებულოში თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ინდივიდუალურად   ყავთ ავტომობილები,რაც არ წარმოადგენს არათუ აუცილებლობას, არამედ  ვთვლით- გაუაზრებელ,ზედმეტ ხარჯს.

 და ბოლოს,ბატონო პრემიერ მინისტრო,ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, მოკრძალებით მოგახსენებთ,რომ ქალაქი თელავი გახლავთ ქვეყნის მასშტაბით ის ერთადერთი ქალაქი, სადაც ამ დრომდე ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო,მეფის სასახლე მდებარეობს და რომ თელავი ისტორიულად კახეთის დედაქალაქია.

 ბატონო გიორგი,ბატონო ირაკლი , იმედს ვიტოვებთ,გაითვალისწინებთ ჩვენს გულითად და იმავდროულად არგუმენტირებულ თხოვნას,შეუნარჩუნებთ თვითმმართველ ქალაქებს სტატუსს,რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურებთ თქვენს გულწრფელ სურვილს ჩვენი ქვეყნის,მათ შორის თვითმმართველი ქალაქების დემოკრატიულად განვითარების მიმართ.

 

პატივისცემით

ა/ო - „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“

სოციალური ჯგუფი - „ჩვენ თელაველები“