საკონტაქტო ინფორმაცია
ნუ დაგვტოვებთ წიგნის დღეს წიგნის გარეშე, აღდგეს წიგნების ონლაინ გაყიდვა!

საჭიროა 101 ხელმოწერა

899
1000
ადრესატი:
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა

ნუ დაგვტოვებთ წიგნის დღეს წიგნის გარეშე, აღდგეს წიგნების ონლაინ გაყიდვა!

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა! ეს დღე საქართველოში, იუნესკოს ეგიდით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით,  უკვე 17 წელია წიგნების გამოფენა-გაყიდვითა და მასშტაბური ლიტერატურული ღონისძიებებით აღინიშნება. ტრადიციულად ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. მომავალ წელს კი, სწორედ 23 აპრილს იუნესკო თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ოფიციალურად მიანიჭებს. ამ დიდი მისიის ღირსეულად შესრულების პასუხისმგებლობა იუნესკოს წინაშე როგორც ქართველმა გამომცემლებმა, ისე საქართველოს მთავრობამ 2019 წელს თანაბრად იკისრეს. იუნესკოს მხრიდან ჩვენ მიმართ გამოცხადებული ნდობის გასამართლებლად კი უკიდურესად მნიშვნელოვანია, დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საგამომცემლო სექტორს ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან ელემენტარული ხელშეწყობა განვითარებისთვის კი არა, უფრო გადარჩენისთვის, რათა პანდემიის დამარცხების შემდეგ, მოახერხოს არსებული ეკონომიკური კრიზისის ეფექტურად დაძლევა.

მოგეხსენებათ, ქართული საგამომცემლო სივრცე ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესებისგან შედგება, რომლისთვისაც ყველანაირი სასუნთქი გზის გადაჭრას უმოკლეს დროში შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიხურა წიგნის მაღაზიები, გამომცემლებს ფაქტობრივად ჩამოერთვათ საქმიანობის უფლება, აპრილის დასაწყისში კი, მათ გადარჩენის ერთადერთი საშუალება, წიგნების ონლაინ გაყიდვაც აეკრძალათ. ასევე აკრძალულია წიგნების დღეს მოქმედი სუპერმარკეტებისთვის მიწოდებაც კი, სადაც წიგნი ჩვეულებრივ ყოველთვის იყიდებოდა.

ქართველმა გამომცემლებმა და გამავრცელებლებმა ერთ-ერთმა პირველებმა შეავსეს ონლაინ აპლიკაცია, რათა დაესაბუთებინათ, რომ ისინი მზად არიან დაიცვან კანონით დადგენილი უსაფრთხოების ყველა ნორმა. მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაც დაადასტურა, რომ შინ დარჩენილი ადამიანებისთვის აუცილებელია კომფორტის შექმნა, რაშიც წიგნს ძალიან დიდი როლი ეკისრება, ამიტომ მისი თქმით, გამომცემლობების შემოწმება პრიორიტეტული იქნებოდა. თუმცა ამ დრომდე არც ერთ წიგნის გამომცემელსა თუ გამავრცელებელს საქმიანობის აღდგენის უფლება არ მიუღია. მათ უკან კი დგას ასეულობით თანამშრომელი და მათი ოჯახები, ასევე ქართველი მწერლები, მთარგმნელები, რომელთა ბედი დღეს დიდწილად არის დამოკიდებული მთავრობის სწრაფ რეაგირებაზე.

ქართველი გამომცემლები და წიგნის გამავრცელებლები აცნობიერებენ პრევენციული ზომების აუცილებლობას, რომელიც საშიშ პანდემიასთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია. 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ყველა ღონისძიებაც სრულად გადაინაცვლებს ონლაინ სივრცეში და მოერგება დღეს არსებულ რეალობას.

თუმცა, საგამომცემლო-ლიტერატურული საზოგადოება და უამრავი ქართველი მკითხველი გთხოვთ, ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანეს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს ნუ დაგვტოვებთ წიგნის გარეშე, ნუ წაგვართმევთ იზოლაციის შემამსუბუქებელ ამ უმთავრეს საშუალებას, ნუ გაწირავთ ლიტერატურის სფეროს სრული პარალიზებისთვის, ნუ დატოვებთ უამრავ ადამიანს შემოსავლის წყაროს გარეშე!

გთხოვთ, უმოკლეს დროში აღუდგინოთ წიგნის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს საქმიანობისა და ონლაინ გაყიდვის უფლება!