საჭიროა 4844 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- ენერგეტიკის სამინისტრო
არა ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას!
საქართველოს მთავრობას
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
საქართველოს სახალხო დამცველს
ქალბატონ ნინო ლომჯარიას
ამერიკის ელჩს; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს;საფრანგეთის ელჩს;დიდი ბრიტანეთის ელჩს ; ნიდერლანდების სამეფოს ელჩსს; იაპონიის ელჩს; ავსტრიის ელჩს; ჩინეთის ელჩს;
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს:
მსოფლიო ბანკს
ევროპისა და საინვესტიციო ბანკს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს
აზიის განვითარების ბანკს
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციებს
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მივმართავთ ჩვენს მიერ არჩეულ საქართველოს მთავრობას,დიპკორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს - შეწყდეს ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მდინარე რიონზე!!!
პროექტი მიზნად ისახავს მდინარე რიონზე ორი კაშხალის მშენებლობას. ტვიშის კაშხლის სიმაღლე - 60 მ; ნამოხვანის - 111,5 მ. მათი სიმძლავრე შესაბამისად იქნება 100 და 333 მგვტ. ორივე კაშხალზე გამომუშავდება 1514 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, რომელიც პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან დადებული 15 წლიანი ხელშეკრულებით „ენერგიის გარანტირებულ შესყიდვაზე სახელმწიფო გარანტიით“ -წლის განმავლობაში, რვა თვის მანძილზე (სექტემბერი-აპრილი), ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას სრულად ყიდულობს სახელმწიფო, რაც წლის მანძილზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%-ს (საათში 1514-დან 747 გეგავატი) წარმოადგენს.დანარჩენი ელექტროენერგია ანადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება ან ექსპორტზე გავა თურქეთის მიმართულებით.“
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საექსპერტო კომისიის მიერ 2015 წ 19 ნოემბერს გაცემული საექსპერტო დასკვნა, ისევე, როგორც პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში არის ზედაპირული. არ არის საფუძვლიანად შეფასებული ის რისკები და გავლენა ბუნებაზე, რაც მოჰყვება ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას.
2018 წლის 21–22 თებერვალს პროექტის ავტორებმა სოფელ მექვენასა და ტვიშში მოაწყვეს პროექტის პრეზენტაცია. სადაც მათ მოსახლეობის ვერც ერთ მტკივნეულ შეკითხვას ვერ უპასუხეს. ტვიშის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად პრეზენტაცია დატოვა ხოლო მექვენის შეხვედრის შემდეგ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჰესის საწინააღმდეგო ხელმოწერები გადასცა პროექტის ავტორებს.
მოკლედ მოგახსენებთ იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს ნამოხვან ჰესების კასკადის მშენებლობას და რამაც შეიძლება მასშტაბურ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს:
1. ლეჩხუმის რეგიონი, სადაც უნდა განხორციელდეს მშენებლობა, სეისმურად არამდგრადია. მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია ასეთი კაშხლების გარღვევის ფაქტები, რასაც მოჰყვა მასშტაბური ნგრევა და დაიღუპა ასობით ათასობით ადამიანი. (ჩინეთი ბანკიაოს კაშხალი ხენენის პროვინცია, იტალია, ვაიონტის კაშხალი და სხვ.)
2. არ მომხდარა საგრუნტე წყლებზე გავლენის შეფასება, რასაც შეიძლება მოჰყვეს დერჩის უდიდესი მეწყერის ჩამოწოლა და შედეგად მივიღებთ გაცილებით დიდ ტრაგედიას, ვიდრე ეს 2016 წლის 13 ივნისს მოხდა თბილისში. საფრთხეს ქვეშ დგება ქუთაისი, ფოთი და დასავლეთ საქართველოს ქალაქები.
3. მდინარე რიონზე უკვე მოქმედებს 5 ჰესი. კიდევ ორი დიდი ჰესის დამატება გამოიწვევს მდ. რიონში წყლის დინების სიჩქარის შემცირებას და ლამის მის დაჭაობებას. კაშხლების მშენებლობა აღარ მისცემს საქვირითედ მიმავალ თევზებს გასვლის საშუალებას, რაც გამოიწვევს მდინარეში თევზების განადგურებას.
4. საქართველო მცირე მიწიანი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. სახნავ-სათესი, საბაღე მიწების დატბორვა (700 ჰა-მდე) და დიდი ფართობის წყალსაცავის არსებობა გამოიწვევს: ერთის მხრივ წითელ წიგნში შეტანილი მცენარეებისა და ცხოველების განადგურებას; მეორეს მხრივ, გაზრდის ტენიანობას, ტემპერატურის ვარდნას, გახშირებული წვიმები, შეცვლის მიკროკლიმატს, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ირგვლივ მყოფი სოფლების ხეხილისა და მარცვლეულის მოსავლიანობაზე. ასევე საფრთხე შეექმნება მეფუტკრეობას და ყურძნის უნიკალური ჯიშებს. რეგიონში როგორც დარგი განადგურდება მევენხეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა. ლეჩხხუმი, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც ქმნის და აწვდის სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს სხვა კუთხეებს, მათ შორის ქუთაისს, ფაქტობრივად განადგურდება.
5. განადგურდება ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, წყალი დაფარავს მამა-პაპის საფლავებს.
ამ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც მოყვება ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობას ისმის კითხვა -გვიღირს კი 750 მლნ დოლარად შეფასებული პროექტის განხორციელება? ან ვისთვის გვინდა აქ გამომუშავებული ელექტროენერგია, თუ კი აღარ იარსებებს ლეჩხუმი, და რეალური საფრთხე შეექმნება ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოს სხვ. დიდი ქალაქებს !!!
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ - შეწყდეს ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ და სრულიად საქართველოს მოსახლეობა, იძულებული ვიქნებით, ყველა ღონე ვიხმაროთ ქუთაისის, და ლეჩხუმის ხეობის სოფლების გადასარჩენად. არ დავუშვებთ, სამშენებლო სამუშაოების დაწყებას საპროექტო ტერიტორიაზე.
მოგიწოდებთ ეს ინვესტიცია მიმართოთ სოფლის მეურნეობისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუტურის განვითარებისთვის, რაც შეგვინარჩუნებს ბუნებრივ გარემოს და მოგვცემს შესაძლობლობას განვავითაროთ სოფლები, შეწყდეს მიგრაციის პროცესები, ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა, დავასაქმოთ ადამიანები და ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო ბაზარზე.