საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისის მუნიციპალური კინოთეატრისთვის

დასრულებული

2019
2000
ადრესატი:

თბილისის მუნიციპალური კინოთეატრისთვის

ჩვენი პეტიცია გეხებათ ყველას, ვისაც ფილმის ნახვის შემდეგ ერთხელ მაინც განგიცდიათ სხვასთან საუბრის სურვილი; ყველას, ვინც კინემატოგრაფის სოციალურ ბუნებასა და მნიშვნელობაზე დაფიქრებულხართ, ვისაც გჯერათ კინოსეანსის თანაზიარობის. გეხებათ თქვენ, რომლებიც აუტანელ ხელმიუწვდომლობაში ატარებთ უფერულ დღეებს, ვისაც ჯერ კიდევ წინ გაქვთ კინოსთან შეხვედრის გამოცდილება; მუნიციპალური კინოთეატრი თქვენ გეკუთვნით!

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქალაქი მუნიციპალური კინოთეატრის გარეშე მზერაწართმეული ქალაქია, ხედვის ახალი შესაძლებლობების გარეშე დარჩენილი მოწყენილობა და უმისამართობაა.

მნიშვნელობების კარგვის ეპოქაში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, მჯღაბნელები თეორიული სიმაღლეებიდან ქადაგებენ განურჩევლობის ახალ რელიგიას; რომ აღარ არსებობს განსხვავება ფულის კულტს დამორჩილებულ კინოპროდუქტსა და “არსებით კინოს” შორის (იონას მეკასის ცნება). ჩვენ ამ განსხვავების მხედველობაში მიღების აუცილებლობიდან ამოვდივართ. კომერციული კინოთეატრების, ძვირადღირებული ბილეთებისა და ურთიერთმსგავსი გამოსახულებების ალტერნატივად მუნიციპალური კინოთეატრის დაარსება გვესახება. ადგილის, რომლის მამოძრავებელი იდეაც კინოს დახმარებით სოციალური ცხოვრების უკეთ გაგება, ხალხის მრავლობაში საზიარო მნიშვნელობების შექმნა, ძველისა და ახლის შემეცნება, გონებისა და თვალის განთავისუფლება იქნება.

ჩვენი მიზანია, რომ თბილისში და თანდათანობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში დაარსდეს მუნიციპალური კინოთეატრების ქსელი; რეალობის მრავალმხრივი გააზრებისა და საერთოობის განცდის მატარებელი სივრცეები; სიყვარულის, თანასწორობის, თანადგომის ხელშემწყობი ადგილები, რომლებიც კინემატოგრაფის ძალით თავიანთ როლს შეასრულებენ აწმყოს კრიტიკულად აღქმასა და მომავლის მეტი სიცხადით განსაზღვრაში.

გვამხნევებს ის, რაც დროსა და სივრცეში თანამოაზრეებთან გვაკავშირებს.


მუნიციპალური კინოთეატრის საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მუნიციპალური კინოთეატრის იდეის განხორციელება.

ვრცლად