დასრულებული
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს პარლამენტი
მიეცეთ უფლება ორბორბლიანი ტრანსპორტის მძღოლებს ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლებით
საცობები და გადატვირთული მოძრაობა არის ერთერთი მთავარი პრობლემა მსოფლიოს მრავალი ქალაქისთვის და გამონაკლისი არც თბილისია.
საცობები არა მხოლოდ იწვევს მგზავრების შეფერხებას, არამედ ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურების გაზრდას და ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.
ჩვენ, მოტო სფეროთი დაინტერესებული ადამიანები, ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის გთავაზობთ მოტოციკლებისა და მოტორიზებული სკუტერების (მოპედები) მძღოლებს მიეცეთ უფლება ისარგებლონ ავტობუსის ზოლებით.
ეს ხელს შეუწყობს მოტოციკლებისა და სკუტერების მძღოლებს იმოძრაონ უფრო თავისუფლად და უსაფრთხოდ და ასევე შესაძლებლობას მოგვცემს ავტობუსის ზოლები ავითვისოთ უფრო ეფექტურად, ვინაიდან ახლა ეს ზოლები მეტწილად ცარიელია.
ევროპული მაგალითები
ეს შეთავაზება არ არის სიახლე მსოფლიოსთვის - ევროპული ქალაქების უდიდესი რაოდენობა მსგავს პრაქტიკას იყენებს უკვე წლებია. ისეთ ქალაქებს, სადაც ავტობუსის ზოლით სარგებლობა მოტოციკლებისთვის და სკუტერებისთვის ნებადართულია, განეკუთვნება ევროპული ქვეყნის დედაქალაქების აბსოლიტური უმეტესობა - პარიზი, რომი, მილანი, მადრიდი, ლონდონი, პრაღა (2023 წლის დასაწყისიდან) და სხვა.
ევროპის კონტინენტის გარდა აღნიშვნის ღირსია არაევროპული ქალაქები, როგორებიცაა სან პაულო (ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქი) და თელ ავივი (ისრაელის დედაქალაქი), სადაც ახლა დასრულდა ამ პრაქტიკის სატესტო ეტაპი და ემზადებიან შესაბამისი ცვლილებების კანონდებლობაში ასახვისთვის.
მთავარი არგუმენტები
ამ ქალაქების მაგალითებზე ჩანს, რომ
- მოტოციკლები და სკუტერები, სიჩქარისა და გაბარიტების გამო, არ უქმნიან დისკომფორტს საგზაო ნაწილის სხვა მონაწილეებს, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტს
- შემცირებულია მოტო ავარიები ქალაქებში
- წახალისებულია ავტომობილის მაგივრად უფრო მცირე და ეკოლოგიურად სუფთა პირადი ტრანსპორტის გამოყენება.
- სატრანსპორტო ნაკადი არის უფრო თავისუფალი და მოქნილი.
- ხდება "ბას ლეინების" უფრო ეფექტური გამოყენება
თუ ამ პეტიციაში არგუმენტებს იზიარებთ, გთხოვთ მოაწეროთ ხელი, იმისთვის, რომ წარმატებით განვაგრძოთ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და დამტკიცების პროცესი.