საჭიროა 236 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
კულტურის სფერო რიონის ხეობის გადარჩენისთვის
საქართველო დღეს გადაქცეულია ცენტრალიზებული კონტროლის ქვეშ არსებულ სახელმწიფოდ, რომლის მხოლოდ ერთ ნაწილში, დედაქალაქში კონცენტრირებული სისტემა სულ უფრო არაეფექტურად უმკლავდება ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ გამოწვევებს. საერთო-საქვეყნო პრობლემების წრე საგანგაშოდ ვიწროვდება თბილისის ირგვლივ და დედაქალაქის ფსევდო-კეთილდღეობის გარემოშიც აჩენს უზარმაზარ ნაპრალებს.
2021 წლის 23 მაისიდან სამი დღის განმავლობაში, ეს ყველაზე თვალსაჩინო გახდა, როდესაც რიონის ხეობის მცველების პროგრესული იდეები უკვე დედაქალაქის გულიდან ესმოდა მთელს ქვეყანას და გადაუდებელი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას აგრძნობინებდა.
23-26 მაისის აქციებზე გაჟღერებული იდეები ასახავდა ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ტოლერანტობისა და საერთო-სახელმწიფოებრიობის უმწვავეს პრობლემებს. რაც მთავარია, გაჟღერებული და ნაჩვენები იყო ამ პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო სრულიად გულწრფელი მოწოდებები და შესაბამისი მოქმედებები.
ყველა იმ ფუნქციისა და ღირებულების გარდა რაც ისტორიამ კულტურის სფეროს დაუწესა, სწორედ ამ ბრძოლაშია კულტურის სფეროში მომუშავეთა უპირობო მხარდაჭერა აუიცლებელი, რადგან “ნამახვანჰესის” სახით ქვეყნის უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას ემუქრება საფრთხე - ყველაფერ იმას, რაც გლობალურ კონტექსტში განსაკუთრებულობას ანიჭებდა ქვეყანას: ხალხს, რომელიც კულტურას ქმნის, მათ კეთილდღეობას, ხალხის მიერ შექმნილ მემკვიდრეობის ძეგლებსა და არქეოლოგიურ ობიექტებს, რომელიც ქვეყანას შემორჩა. "ნამახვანჰესის" უმწვავესი პრობლემებისაგან დამოუკიდებლადაც, ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ხაზგასმით ვემიჯნებით ისეთი პოლიტიკისა თუ ბიზნესაქტივების განხორციელებას რასაც შეუქცევადი ზიანი მოაქვს საერთო კეთილდღეობისათვის.
ვიზიარებთ რიონის ხეობის მოძრაობის ძირითად შეხედულებებს, ვუსადაგებთ მათ კულტურის სფეროს და ამის საფუძველზე ვაცხადებთ რომ:
- თითოეული ჩვენგანი, როგორც განუმეორებელი ინდივიდი, ვერთიანდებით კოლექტიურობის განცდის სრული შეგრძნებით და ვმოქმედებთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად
- ქვეყნის ბუნებრივ ეკოსისტემას ვაცხადებთ ზრუნვისა და მოვლის უმთავრეს პრიორიტეტად. ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვის კუთხით გლობალურად არსებული ფუნდამენტური ღირებულებების ათვისებას და მათ ჰარმონიულ შესაბამისობაში მოყვანას სოციო-ეკონომიკურ განვითარებასთან.
- მხარს ვუჭერთ მხოლოდ ისეთი ტიპის განვითარებას, რომელშიც თანამედროვეობისთვის აუცილებელ მოთხოვნებთან ერთად მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება მომავალი თაობების სასიცოცხლო ინტერესები და უმთავრესი საჭიროებები.
- მთავარ აქცენტს გავაკეთებთ კულტურის უნიკალური, დამაბალანსებელი როლის გამოყენებაზე პროგრესის, თანასწორობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.
- ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის ხეობის მოსახლეობას მათ ბრძოლაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ.
ხელმომწერები:
სახელი, გვარი, პროფესია
ორგანიზაცია