საჭიროა 4957 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ნუცუბიძის IV ფერდობზე ნაგვის გატანის უზრუნველყოფა დახარისხებული ურნების საშუალებით
ქალაქ თბილისის 102-ე საჯარო სკოლის ეკო-კლუბი Teen-ეკოლოგები აქტიურად არის ჩართული CENN-ის კონკურსში „ნიკო კეცხოველის პრემია 2024“ თემით „ტყის მდგრადი განვითარება სოფლის მეურნეობაში“. კონკურსის წლევანდელი თემაა „იმოქმედე კლიმატისთვის“ და შესაბამისად ეკო-კლუბმა აირჩია მდგრადი განვითარების მე-15 მიზანი - დედამიწის ეკოსისტემა, რომლის ფარგლებშიც პეტიციის მიხედვით ეკოლოგიური პრობლემის გაუმჯობესების მიზნით მივმართავთ ქალაქ თბილისის მერიას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დასუფთავების სამსახურს გამოგვიყოს ნუცუბიძის ფერდობზე ნაგვის დასახარისხებელი ურნები: მაკულატურის, პოლიეთილენისა და ორგანული ნარჩენებისთვის, არ დატოვოს ნარჩენების დახარისხების საკითხი ყურადღების გარეშე, უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება-გატანა.
განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მყარი ნარჩენების მართვა ეროვნული რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოწვევებს, ფინანსურ და გარემოს დაცვით პრობლემებს უკავშირდება. ნაგვის განცალკევება-დახარისხება კი ხელს უწყობს და აადვილებს ამ პრობლემის მოგვარებას.
ამიტომაც, ბოლო წლებში სიტუაციის გამოსწორების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: თბილისსა და რეგიონებში შეიქმნა ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ნარჩენების გარემოსა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოდ განთავსების სისტემა. ნარჩენების მართვის კოდექსმა, თანხმლებმა კანონქვემდებარე აქტებმა, „ნარჩენების მართვის ეროვნულმა სტრატეგიამ (2016-2030)“ და „ნარჩენების მართვის ეროვნულმა სამოქმედო გეგმამ“ გამოკვეთა სასურველი კურსი საქართველო გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, რომ ფერდობის ტერიტორიაზე გადაიდგას პრობლემის მოგვარებისკენ ნაბიჯები, სხვადასხვა რაიონებში (რუსთაველის, ჭავჭავაძისა და წერეთლის გამზირები...) არის ამის გამოცდილება - გვხვდება ურნები ცალ-ცალკე ნაგვის განცალკევების მიზნით.
პეტიციის ფარგლებში მდგრადი განვითარების მე-15 მიზნის მიხედვით ვახორციელებთ შემდეგ ქვემიზნებს - ვხდებით წევრები პოლიტიკის შემქმნელ ჯგუფში დედამიწის ეკოსისტემის დაცვის ლობირების მიზნით: ვმონაწილეობთ დედამიწით ეკოსისტემების დაცვის ადვოკატირების საქმეში; ასევე, ნარჩენები მოთავსდება სათანადო ადგილას: უბრალოდ იმით, რომ ნარჩენებს სანაგვე ურნაში დახარისხებულად მოვათავსებთ, ხელს შევუწყობთ ნიადაგის, ტყეებისა და ლანდშაფტების სისუფთავის შენარჩუნებას, რაც აღნიშნულ ეკოსისტემებს დაბინძურებისგან დაიცავს; ასევე, მაგალითად, ქაღალდის გადამუშავებით, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ხეების მოჭრა, როცა ქაღალდი იქნება მოთავსებული ცალკეულ ურნებში, ვფიქრობთ, გაადვილდება მისი ჩაბარება გადამამუშავებელ საწარმოებში.