საჭიროა 8855 ხელმოწერა
ადრესატი:
- ენერგეტიკის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
პეტიცია ართანა ჰესის წინააღმდეგ
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს
ბატონ გიორგი აგულაშვილს
საქართველოს პარლამენტის
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ კახა კუჭავას
საქართველოს სახალხო დამცველს
ბატონ უჩა ნანუაშვილს
მწვანე ალტერნატივის აღმასრულებელ დირექტორს
ქალბატონ ნინო გუჯარაიძეს
მარტი, 2017
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 20 თებერვალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ცნობა, იმის შესახებ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანაში მდ. დიდხევზე შპს „ართანა ლოპოტა“ გეგმავს 4.22 დადგმული სიმძლავრის ჰესის მშენებლობას.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საპროექტო ჰიდროელექტროსადგური მცირე სიმძლავრისაა და მისი ექსპულატაციაში გაშვება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებიში არსებით წვლილს ვერ შეიტანს. ადგილობრივი მოსახლეობისათვის სარგებელი, კი მშენებლობის ეტაპზე დასაქმების შესაძლებლობით შემოიფარგლება. ხოლო უარყოფითი ზემოქმედების შესახებ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ:
- მშენებლობის ეტაპზე გაიზრდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიებით, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და ცხოველთა სამყაროზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები;
- მშენებლობის ეტაპზე საგულისხმო იქნება მდ.დიდხევის ხეობის ბიოლოგიურ გარემოზე (ფლორა, ფაუნა) ზემოქმედების რისკები. ექსპულატაციის ეტაპი საყურადღებო იქნება იქთიოფაუნაზე ზემოქმედების თვალსაზრისით;
- მიწის სამუშაოები და გარკვეულ ზოლში ხე-მცენარეული საფარის გასუფთავება უარყოფითად იმოქმედებს გეოლოგიური გარემოს სტაბილურობაზე;
- ასევე ზემოთ ხსენებული მშენებლობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მდ.დიდხევის ბუნებრივ ჩამონადენზე. არსებობს მდინარის წყლის ხარისხის გაუარესების რისკები.
ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ პროექტთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია მოსახლეობასთან , რაც, ჩვენი აზრით, არ ასახავს რეალობას
განსაკუთრებით იწვევს ჩვენს შეშფოთებას ჰესის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილი მდინარის საშუალო წლიური ხარჯის 90%-ის მილში მოქცევა, რაც აუცილებლად დაარღვევს ეკოლოგიურ წონასწორობას და დამღუპველი იქნება მოსახლეობისათვის. ეს საფრთხეს შეუქმნის სოფლის მეურნეობას, რომლის განვითარებაც ადგილობრივი მოსახლეობის ამჟამინდელი შემოსავლის ერთადერთი წყარო და სამომავლო განვითარების, ასევე, ერთადერთი შესაძლებლობაა.
გვსურს მოკლედ მოგახსენოთ სოფელ ართანას ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, სოფლის პრიორიტეტები და განვითარების მიმართულებები. ართანა საფერავის ერთ-ერთ საუკეთესო ზონად მიიჩნევა, რასაც აქაური მიკროკლიმატი განაპირობებს. ამის ნათელი მაგალითია მევენახე და მეღვინე კახა ბერიშვილის “ართანული საფერავი”- ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნატურალური ღვინო, რომელიც ბევრ ქვეყანაში დიდი დაფასებით სარგებლობას და თავისთავად ართანის “ბრენდს” წარმოადგენს.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ართანაში შეიქმნა კიდევ რამოდენიმე კერძო მცირე მეურნეობა, რომელთა საერთო პრინციპია ნატურალური სოფლის პროდუქტის წარმოება. საერთო ჯამში დღეისათვის ართანაში დაახლოებით 30 ჰექტარი მიწა ყოველგვარი ქიმიკატების გარეშე მუშავდება.
აღსანიშნავია რომ, ართანაში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ნატურალური მეურნეობით. ეს მზარდი პერსპექტივა იმედს გვიტოვებს რომ, მომავალში შესაძლებელია ართანა ეკოლოგიურად სუფთა ზონად ჩამოყალიბდეს, რაც თავისთავად ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. ადგილობრივი ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნება სრულად იძლევა ამ მიდამოების ნაკრძალად გადაქცევის საშუალებას.
უკვე დღეს შეიძლება ითქვას რომ, ართანა დიდი პოპულარობით სარგებლობს ეგრედწოდებული ეკოტურიზმის მოყვარულთა შორის და ღვინის ტურიზმის მარშრუტის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია. უკვე რამოდენიმე წელია, აქ ჩამოდიან მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან სამუშაოდ, ჩვენი კულტურის გასაცნობად და გამოცდილების გასაზიარებლად.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, წლების მანძილზე გაწეული შრომის და დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ჩამოყალიბდა სოფლის რეალური პოტენციალის განვითარების ხედვა, რომელიც გამორიცხავს ბუნებაში უხეშ ჩარევას.
მივიჩნევთ, რომ სოფლის ძირითადი პრიორიტეტი ნატურალური მეურნეობა და ეკოტურიზმი უნდა იყოს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის არა დროებით,არამედ მუდმივ სამუშაო ადგილებს შექმნის. ასევე საგულისხმოა რომ საუბარია კახეთის რეგიონზე, რომელიც ზოგადად ღვინის კულტურის ცენტრია საქართველოში და მისი პოპულარიზაცია სახელმწიფოს პრიორიტეტად აქვს გაცხადებული.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი სოფლის ინტერესები და მსგავსი პროექტების განხორცილების უარყოფითი შედეგები (როგორც სხვა ქვეყნების, ისე უკვე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით არსებული მაგალითები) და არ დაუშვათ სოფელ ართანაში ჰესის მშენებლობა.
პატივისცემით,
საქართველოს მოსახლეობა