საკონტაქტო ინფორმაცია
შეწყდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰესების პროექტების განხორციელება

საჭიროა 1197 ხელმოწერა

1803
3000
ადრესატი:
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

შეწყდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰესების პროექტების განხორციელება

მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ენერგო პოლიტიკის გატარება, რომლის მიზანიც ქვეყანაში 100-ზე მეტი ჰესის აშენებაა. მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებისა, აღნიშნული პოლიტიკა შეუცვლელად გააგრძელა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ყაზბეგის რაიონშიც მიმდინარეობს პროექტების დაგეგმვა და მშენებლობა.

ამ ეტაპზე ყაზბეგში დაგეგმილია 23 მგვტ-იანი „კამარა ჰესის“ მშენებლობა მდინარე თერგზე, რომლის პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ ექცევა 8 სოფელი. გამომდინარე იქედან, რომ ჰესი არის დერივაციული ტიპის, რომელიც მდინარის მოდინებაზეა დამოკიდებული, იგი ვერ შეასრულებს რაიმე მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში. ხოლო ზიანი, რაც ამ და სხვა პროექტების განხორციელებით ყაზბეგის რაიონს და, შესაბამისად, ქვეყანას მიადგება არის განუზომლად დიდი. ისევე როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, „კამარა ჰესის“ მიერ წარმოდგენილი სკოპინგის დოკუმენტი ვერ პასუხობს ვერცერთ ძირითად კითხვას.  პროექტის განხორციელებით მდინარე თერგი რამდენიმე კილომეტრზე აღმოჩნდება გვირაბში, ასევე საფრთხე შეექმნება ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ძველი სოფლების იერ-სახეს, სრულად შეიცვლება ხეობის ლანდშაფტი და ვიზუალური მხარე. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს ტურიზმის განვითარების შეფერხებას, რაც ყაზბეგის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია.
პერსპექტივაში ყაზბეგში 7 ჰესის (გარდა უკვე აშენებული 3 პროექტისა) მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა რეალურად განხორციელების შემთხვევაშიც ხევის ტერიტორიაზე არსებული მდინარეები სრულად აღმოჩნდება გვირაბებსა და მილებში, ხოლო ხევი მთლიანად დაიქსელება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებით. ასეთი ენერგო პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან და საფრთხეს უქმნის მის მომავალს. ეს ყველაფერი არასწორი ენერგო პოლიტიკის შედეგია, რომელიც მხოლოდ ინვესტორის სარგებელზეა ორიენტირებული.

მოვითხოვთ, შეწყდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება.

ამასთან, ვუერთდებით ნამახვან ჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის მცველების მოთხოვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში გამოცხადდეს 5 წლიანი მოროტორიუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პერიოდში ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე დაფუძნებით, შეიქმნას ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს კარგად შესწავლილი და დასაბუთებული პროექტების განხორციელება, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოვა სახელმწიფო ინტერესებთან.