საკონტაქტო ინფორმაცია
დავიცვათ გუდამაყრის ხეობა ჰესებისგან !!!!

საჭიროა 1659 ხელმოწერა

5341
7000
ადრესატი:
  • ენერგეტიკის სამინისტრო
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა

დავიცვათ გუდამაყრის ხეობა ჰესებისგან !!!!

2019 წლის  11 იანვარს, გუდამაყრის ხეობაში, სოფელ კიტოხში მოეწყო  შპს  „სოლო ენერჯის“ მიერ მდინარე შავ არაგვზე და მდინარე ბაკურხევზე 8.35 მეგავატი სიმძლავრის ორი ჰესის -  „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ სკოპინგის ანგარიშის ფორმალური განხილვა.  განხილვის შესახებ მოსახლეობას არ მიუღია სათანადო ინფორმაცია არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.  გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2014 წლის მონაცემებით  (საყოველთაო აღწერის დოკუმენტი), ცხოვრობს 234 ადამიანი. ამათგან, ჩვენი ცნობით განხილვას ესწრებოდა მხოლოდ იმავე დღეს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული შვიდი მოსახლე.  მათთვის არ განუმარტავთ დეტალურად პროექტის შინაარსისა და რისკების შესახებ.

 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი,  ორივე ჰესი დერივაციული ტიპისაა, რაც გულისხმობს მდინარის ბუნებრივი კალაპოტიდან მილებში გადასროლას. გუდამაყრის ხეობის  მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება ასეთი ტიპის  ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობას.

მივიჩნევთ რომ:

1. კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევითა და გვერდის ავლით დაწყებული საქმიანობა თავიდანვე ეჭვს ბადებს პროექტის მიმართ.

2. გუდამაყარი წარმოადგენს შავი არაგვის ხეობას. სწორედ, შავი არაგვი  განსაზღვრავს ხეობის ლანდშაფტსა და კულტურულ ბიომრავალფეროვნებას. შავი არაგვის მილსადენში მოქცევა  გუდამაყრელებისთვის აღიქმება, როგორც დარტყმა ხეობის მთავარ არტერიაზე, გუდამაყრელების იდენტობაზე, თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.

3. ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, შეუცვლელი პრიორიტეტია.  აღნიშნული ჰესების მშენებლობით მდინარე შავი არაგვის ჭალა მთლიანად იცვლის სახეს, ხეობა კარგავს განვითარების პოტენციალს. შეიზღუდება შავი არაგვის რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენებაც, რაც მარტივად ამოსაკითხია მშენებლობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშშივე.

4. ჰესების, განსაკუთრებით „შავი არაგვის“ ჰესის,  საპროექტო ტერიტორია გამოიყენება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა პირუტყვის საძოვრად. მშენებლობის პროცესში და პროექტის განხორციელების შემდგომ, მწყემსებს შეეზღუდებათ გადაადგილება საძოვარ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოფლების დაცლასა და მიგრაციას.

5. სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული პროცედურული დარღვევების გათვალისწინებით, დიდია ალბათობა იმისა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც, რომელსაც კომპანია მოამზადებს, არ ასახავს რეალურ რისკებსა და საფრთხეებს მოსახლეობისათვის.

 

ყოველივე აქედან გამომდინარე მოვითხოვთ, შეჩერდეს „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ 8.35 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა და აღნიშნული პროექტი უარყოფილ იქნას სამინისტროს მიერ.