დასრულებული
ადრესატი:
- იუსტიციის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
ვითხოვთ საქართველოს პასპორტის ხარისხის გაუმჯობესებას
ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი, ვითხოვთ საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბუკლეტის ამჟამინდელი ხარისხის გაუმჯობესებას. დანიშნულებისამებრ მისი ხშირი მოხმარებისას სწრაფად ვლინდება ცვეთისა და დაზიანებების ნიშნები, რაც იწვევს პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეცვლის საჭიროებას და დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან.
კერძოდ, ვითხოვთ:
1. გაუმჯობესდეს ფოტოსურათიანი გვერდი, სადაც მითითებულია მფლობელის მონაცემები (აეროპორტების/სასაზღვრო პუნქტების ელექტრონულ სკანერებში ხშირი გატარების შედეგად იხევა კოდიანი ნაწილი, ხოლო ოდნავ ნოტიო თითით უკანა მხრიდან შეხება იწვევს ფოტოსურათის დაზიანებას)
2. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ყდაზე დატანილი საღებავის ხარისხი (პასპორტის რამდენიმეთვიანი ხშირი მოხმარებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნული სიმბოლიკა/ქვეყნის სახელი ყდაზე აღარ იკითხებოდეს. ვინაიდან პასპორტის მუდმივი თან ქონა საზღვარგარეთ სავალდებულოა, გათვალისწინებული უნდა იყოს ჯიბით მისი ხშირი ტარების აუცილებლობა და ამასთან დაკავშირებული ცვეთა).
3. სერიოზულად გაუმჯობესდეს ყდის ბმა პასპორტის ბუკლეტის გვერდებთან (პასპორტის ყდის გადაკეცვა იწვევს პასპორტის მტვრევას [ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით], რაც ხშირ შემთხვევაში ხორციელდება არა მფლობელის, არამედ საკონსულოების/აეროპორტების თანამშრომლებისა და სხვა მესამე პირების მიერ).
გთხოვთ, გაეცნოთ დართულ ფოტოებს, რომლებზეც ზემოაღნიშნული ნათლად ჩანს და უახლოეს მომავალში მიიღოთ ზომები საქართველოს მოქალაქის პასპორტის ამჟამინდელი ხარისხის გასაუმჯობესებლად