საჭიროა 3759 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
ხელოვანებისა და შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებული პირების უარი რუსულ კანონს
ჩვენ საქართველოს კულტურის მუშაკები და ხელოვანები, სახელოვნებო ღონისძიებებსა და ინიციატივებში, შემოქმედებითი ინდუსტრიებში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები: პრაქტიკოსები თუ თეორეტიკოსები, სტუდენტები თუ სტაჟიორები მოგმართავთ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს, არ მიიღოთ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“
უკვე ოცდაათი წელია, ხელოვნება და კულტურა საქართველოში ვითარდება ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის თუ აზიის საელჩოების, დიპლომატიური მისიების, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების, ორგანიზაციების, ფონდებისა და ინიციატივების მხარდაჭერით. გარდა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციული თუ თანამედროვე ხელოვნების პროექტების, ხელოვნების ნამუშევრების, ღონისძიებებისა და სახელოვნებო სივრცეების მხარდაჭერისა, უცხოური ფინანსური რესურსები, 90-იანი წლების ტურბულენტური ყოველდღიურობიდან დღემდე, ჩვენი და ჩვენი ოჯახების შემოსავალია, ჩვენი არსებობისა და შრომისუნარიანობის საყრდენია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, საერთო კულტურული კლიმატის რეგრესთან ერთად ნიშნავს, საარსებო საშუალებების მოსპობასა და ღირსების შელახვას მოქალაქეების დიდი ჯგუფისათვის, რომლებსაც წარმოვადგენთ ჩვენ:
ფერმწერები, კურატორები, გალერისტები, გალერეაში მომუშავე ასისტენტები და მუშაკები; მოქანდაკეები, ქარგვის, რეწვისა და ტექსტილის ხელოვანები, არტიზანები, ტრადიციული თუ არატრადიციული ხელსაქმის ოსტატები; კომპოზიტორები და მუსიკოსები, დირიჟორები, მუსიკის თეორეტიკოსები, ხმის ინჟინრები,მუსიკის პროდიუსერები, მოცეკვავეები, ქორეოგრაფები, მსახიობები და პერფორმანსის ხელოვანები; ფოტოგრაფები, თეატრისა და კინოს რეჟისორები, სცენოგრაფები, გამნათებლები, თეატრისა და კინოს ადმინისტრაციულ სამსახურთა მუშაკები; ვიდეოსა და მოძრავი გამოსახულების არტისტები, ვიდეო ტექნიკოსები, ოპერატორები, კოლორისტები, ვიდეო ინჟინრები, ასისტენტები, კინოპროდიუსერები, არტ დირექტორები, გრაფიკოსები და დიზაინერები, ციფრული მედიის ოსტატები და ინჟინრები, ტექნიკოსები; ბეჭდვისა და შემოქმედებითი წიგნების ოსტატები; არქიტექტორები და ლანდშაფტის დიზაინერები, ქალაქმგეგმარებლები, ვებ-დიზაინერები და დეველოპერები, ინდუსტრიული დიზაინის წარმომადგენლები; მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები: ფოტოგრაფები, ვიზაჟისტები, მოდელები, ტექსტილის ხელოვანები, თერძები, მკერავები და მოდის ღონისძიებათა ორგანიზატორები და დამგეგმარებლები, ხელოვნებისა და სახელოვნებო ღონისძიებების მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის სამსახურები; კონსერვაციის ექსპერტები და რესტავრატორები; მკლევარები, ხელოვნებათმცოდნეები, ხელოვნების მასწავლებლები და ლექტორები, ხელოვნების ჟურნალისტები, ხელოვნების წიგნთა ავტორები და რედაქტორები, ილუსტრატორები და მრავალი სხვა.
მიუღებელია მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს, შემოქმედებს რომლებიც ჩვენი კულტურის წარდგენასა და თვითდადგინებაზე მუშაობენ, ადამიანებს რომლებმაც ხშირად დიდი გაჭირვების ფასად არ მიატოვეს ეს სფერო ვუწოდოთ „უცხოური გავლენის აგენტი“. არ შეიძლება „უცხოური გავლენის აგენტის“ საქმიანობად ვაღიაროთ ფრესკების რესტავრაცია; გამქრალი სახელოვნებო ტექნოლოგიების აღდგენა, მაგალითად როგორიცაა მინანქრის ტექნოლოგია; თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები: ოქსიჯენი-თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ბიენალე, აპენდიქსი, არტისტერიუმი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე და ა.შ.; თეატრალური ფესტივალი; კინოს ფესტივალები; ფოტო ფესტივალები; ანიმაციის ფესტივალი; საოპერო თუ თეატრალური დადგმები; მუსიკალური ფესტივალები და კონცერტები; ონლაინ და ბეჭდური არტმედია; ფონდები როგორიცაა გაბრიაძის ფონდი... რადგან სწორედ უცხოური ფინანსებისა და არასამთავრობო ორგანიზიაციების დიდი წვლილითაა განხორციელებული.
- დღემდე, ხელოვნების ბაზარს მოწყვეტილი ხელოვანი დამოუკიდებლად, საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე ახერხებს მუშაობას.
- დღემდე, ხელოვანი თუ ხელოვნებასთან დაკავშირებული ინსტიტუცია, იბრძვის გადარჩენისათვის და ამაში მხარდამჭერად, შესაძლოა მხოლოდ უცხოური ორგანიზაციებიის ფისკალური წლის ბოლოს დარჩენილი ბიუჯეტის 1 ან 2%დან მიღებული დახმარება იყოს.
- დღემდე, სახელმწიფოს არ შეუქმნია ინსტიტუცია, რომელიც მხარს დაუჭერდა ან დააფინანსებდა კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და ინსტიტუციებს.
- დღემდე, სახელმწიფო კულტურას განიხილავს პოლიტიკურ იარაღად. კულტურის სამინისტრო თავად ქმნის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან მიბმულ კულტურის პოლიტიკას და თავადვე აფინანსებს პოლიტიკის შესაბამისად კულტურის სფეროს.
- დღემდე, რაც საქართველოში ხელოვანს გააჩნია, არის შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება.
კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ამ თავისუფლებას ართმევს ხელოვანს.
კანონის მიხედვით:
უცხოური გავლენის აგენტად ითვლება ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფო არ აფინანსებს დამოუკიდებელ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიულ პირებს. დამოუკიდებელი კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუციები, ძირითადად არასამეწარმეო არაკომერციული სტატუსისაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი“ აიძულებს საქართველოს მოქალაქეს დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად. იგი ზღუდავს მოქალაქის თავისუფლებას, იგრძნოს თავი მოქალაქედ და მიეკუთვნებოდეს სახელმწიფოს, რომელშიც ცხოვრობს. კანონი მიმართულია საქართველოს მოქალაქის დისკრედიტაციაზე და უხეშად ხელყოფს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს.
- კანონი ზღუდავს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას: ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
- კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის თავი მეორე. ადამიანის ძირითადი უფლებების ყველა მუხლთან.
- კანონი წინააღმდეგობაშია ადამიანის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მუხლი 20. შემოქმედების თავისუფლება, კულტურული მემკვიდრეობა
- შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. თუ ხელოვანი ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.
- შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
- ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით.
კანონის მიხედვით ირღვევა შემოქმედების თავისუფლება და ხელოვანის ინტელექტუალური საკუთრების უფლება. შემოქმედს ეზღუდება საქმიანობა, რადგან დგება უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებული საშიშროების ქვეშ.
კანონი ითვალისწინებს ცენზურას. შემოქმედებით საქმიანობაში უცხოური აგენტის გავლენით შექმნილი ნამუშევარი ცენზურის ნიშნის მატარებელია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არასამეწარმეო არაკომერციული ორგანიზაციები ძირითად შემოსავალს იღებენ უცხოური წყაროებიდან. იზღუდება მოქალაქის უფლება, ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.
კანონი წინააღმდეგობაში მოდის იუნესკოს მრავალფეროვნების კონვენციასთან:
კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, როგორიცაა საკუთარი აზრის გამოთქმა, ინფორმაციის და კომუნიკაციის თავისუფლება და ასევე ცალკეულ პირთა შესაძლებლობა, აირჩიონ კულტურული თვითგამოხატვის ფორმა.
კანონი წინააღმდეგობაში მოდის ‘კანონის’ არსთან. კანონი ეს არის სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. საქსტატის მონაცემებით 2021 წელს საქართველოს არასამთავრობო სექტორში დასაქმებული იყო 54 576, ხოლო დაქირავებული 53 658 მოქალაქე. თუ საქართველოს კანონმდებლობა საკუთარი მოსახლეობიდან 108,234 მოქალაქეს უცხოური გავლენის აგენტად მიიჩნევს არგუმენტისა და გამოძიების გარეშე, კანონი კონფლიქტურია საზოგადოებასა და სახელმწიფოსთან.
მიგავჩნია, რომ კანონი არის ანტიკონსტიტუციური!
მოვითხოვთ, არ იქნეს მიღებული კანონი, რათა აღდგეს როგორც ადამიანის ღირსება სახელმწიფოში, ასევე სახელმწიფოს ღირსება საყოველთაო დემოკრატიულ პროცესებთან ერთიანობაში!