
საჭიროა 4992 ხელმოწერა
ადრესატი:
- თელავის მერია
ქალაქის კეთილმოწყობა/ტურიზმი
ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, ვაფიქსირებთ მზაობას აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენი ქალაქის ტურისტული პოტენციალის რეალიზაციისა და მცირე ტიპის სასტუმროებისა და მარნების მხარდაჭერისთვის. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს თელავის ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა დღეს მისი შესაძლებლობები ნაკლებად არის სრულად გამოყენებული და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მცირე მეწარმეების დაბალი ცნობადობაა.
მცირე ტიპის სასტუმროები და მარნები ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ და თითოეული მათგანი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სტუმარს თელავის მრავალფეროვნებისა და ტრადიციების გაცნობაში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ობიექტების ინფორმაცია ტურისტებისთვის არ არის საკმარისად ხელმისაწვდომი, რაც ხელს უშლის მათ სრულფასოვან აღმოჩენასა და მხარდაჭერას.
ამ გამოწვევის შედეგად, ტურისტული ნაკადები ქალაქში არათანაბრად გადანაწილებულია, რაც იწვევს ეკონომიკურ დისბალანსს და ზღუდავს მცირე მეწარმეების განვითარებას. ამდენად, ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის და ინფორმაციული სისტემების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რათა ხელი შეეწყოს სამეწარმეო გარემოს გაძლიერებას და ტურისტული სფეროს ზრდას.
ჩვენი ინიციატივა მიმართულია მცირე ტიპის სასტუმროებისა და მარნების ცნობადობის გაზრდასა და მათი ინტეგრირებაზე ტურისტულ მარშრუტებში. მოვითხოვთ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს როგორც ციფრულ, ისე ბეჭდურ საინფორმაციო რესურსებს — ტურისტული რუკებისა და გზამკვლევების შექმნას და გავრცელებას, სადაც აღნიშნული ობიექტები იქნება ნათლად აღნიშნული და მარტივად მოძებნადი.
ამ ნაბიჯებით მიზნად ვისახავთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, ტურისტული ნაკადების სწორ გადანაწილებას და თელავის ქალაქის ტურისტული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერით თელავი გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი და ცნობადი, როგორც ადგილობრივების, ისე საერთაშორისო სტუმრებისთვის. თუ ეთანხმებით ინიციატივას გთხოვთ საკუთარი აზრი დააფიქსიროთ ხელმოწერით.